ბს-289-279(კ-09) 27მაისი, 2010წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ე. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.08წ. განჩინება
დავის საგანი _ ჯარიმის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 18.09.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ე. ბ-ძის მიმართ და მოპასუხისათვის კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის თანხის, პირგასამტეხლოსა და ზიანის სახით მის მომზადებაზე გახარჯული თანხის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ე. ბ-ძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.03.05წ. ¹712 ბრძანებით კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა II ქვეითი ბრიგადის, 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მატერიალური უზრუნველყოფის ოცეულის საველე სამზარეულოს მზარეულად 2005 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.12.05წ. ¹3126 ბრძანებით ე. ბ-ძე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2005 წლის 28 ოქტომბრიდან. ე. ბ-ძეს ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები. ე. ბ-ძემ დაარღვია კონტრაქტის პირობები, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს კონტრაქტის 7.3. პუნქტის მოქმედება, რომლის თანახმად მოსარჩელე ითხოვს ე. ბ-ძეს დაეკისროს: ჯარიმის სახით თანხის 14000 ლარის გადახდა, კონტრაქტის 7.4 მუხლით სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2005 წლის 8 ნოემბრამდე. კონტრაქტის 7.4 პუნქტის მიხედვით მან უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად 2005 წლის 8 ნოემბრიდან მოთხოვნილი თანხის გადახდამდე. ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელემ მოითხოვა სამხედრო მოსამსახურის – ე. ბობოხიძის მომზადებაზე დახარჯული თანხის (3774,80ლ.) ანაზღაურება, რომლის ხელახლა გაღება მოუწია სამინისტროს ე. ბობოხიძის სანაცვლოდ ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთვნის გამო. ზიანის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ე. ბობოხიძის მომზადებაზე დახარჯული 2774,80 ლარის და პირგასამტეხლოს- 14000 ლარის 0,2 %-ის ოდენობით გადახდა ყოველდღიურად 2005 წლის 8 ნოემბრიდან 14 000 ლარის გადახდამდე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 08.10.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 01.03.05 წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ბ-ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. 26.08.05წ. მოპასუხემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას ოჯახური პირობების გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის გამო, რის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹3126-ე ბრძანებით, 2005 წლის 28 ოქტომბრიდან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) საფუძველზე, II ქვეითი ბრიგადის, 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული მატერიალური უზრუნველყოფის ოცეული საველე სამზარეულოს მზარეული, ე. ბ-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით). სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 327-ე და 394-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს თანხის გადახდა ეკისრება ერთი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ 01.03.2005წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ბ-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლითაც განსაზღვრულია “სამხედრო მოსამსახურის” პასუხისმგებლობის პირობები, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დამთავრების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით, დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებელი გახდეს შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი, “სამხედრო მოსამსახურე” უპირობიდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით, აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები და კონტრაქტით აღნიშნული თანხების გადახდა დადგენილია მხოლოდ ერთი წლის, ორი წლის და სამი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ. ე. ბ-ძემ სამხედრო სამსახურში დაჰყო 7 თვე და 27 დღე. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში არ მომხდარა ცვლილება, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 08.10.08წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ანაზღაურების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების 7.3 პუნქტის ბოლო აბზაცით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს სამხედრო პირობების დარღვევისათვის მოსამსახურის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე სამხედრო სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის მოთხოვნის უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვება ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მოსამსახურის მხრიდან ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის ამოქმედების საფუძველია ჩანაწერი: “მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემთხვევაში”, 3.2 პუნქტი კი სამხედრო მოსამსახურის მომზადების პერიოდად განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის პირველ სამ თვეს, ე. ბ-ძემ 01.03.05წ. გააფორმა ხელშეკრულება, ხოლო 26.08.05წ. პირადი პატაკის საფუძველზე შეწყვიტა ზემოაღნიშნული კონტრაქტი, რის გამოც კასატორი თვლის, რომ მასზე უნდა გავრცელდეს 7.3 პუნქტის მოქმედება. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ე. ბობოხიძისათვის 3774,80 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობაზე, აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც კონტრაქტის (ხელშეკრულების) დარღვევიდან გამომდინარე წარმოიშვა და რომელიც წარმოადგენს მოპასუხეზე უშუალოდ დახარჯულ თანხას, რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა სსკ-ის 394.1, 407-ე და 414-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი ვადა, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ე. ბ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ე. ბ-ძეს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში. მხარეთა შორის 01.08.05წ. დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს ვადამდე ადრე შეწყვიტოს ოთხწლიანი კონტრაქტი. 7.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები დარჩენილ პერიოდში მისაღები ხელფასის სახით. ხელშეკრულების 7.3 მუხლის შინაარსი ცხადყოფს, რომ სამხედრო მოსამსახურეს, მისი ბრალით სამხედრო ძალების დატოვების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ კონტრაქტით ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ. განსახილველ შემთვევაში საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.03.05წ. ¹712 ბრძანებით ე. ბ-ძე გაწვეულ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად II ქვეითი ბრიგადის, 22-ე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მატერიალური უზრუნველყოფის ოცეულის საველე სამზარეულოს მზარეულად 2005 წლის 1 მარტიდან სამხედრო წოდება “კაპრალის” მინიჭებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. ბ-ძეს შორის ხელშეკრულება დაიდო 01.08.05წ. და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02.12.05წ. ¹3126 ბრძანებით შეწყდა 2005 წლის 28 ოქტომბრიდან, ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადამ შეადგინა 7 თვე და 27 დღე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ერთ წლამდე ხელშეკრულების მოშლისთვის ჯარიმა-საურავების დაკისრების შესაძლებლობას.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სააპელაციო სასამართლოს სწორი სამართლებრივი შეფასებები ქმნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარიმისა და პირგასამტეხლოს თანხების ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ზემოაღნიშნულთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯარიმის და პირგასამტეხლოს მოთხოვნით, სამინისტროს მოთხოვნა ეხება აგრეთვე ე. ბ-ძეზე დახარჯული თანხების – 3774,80 ლარის სამინისტროსათვის ანაზღაურებას. აღნიშნული თანხიდან ¹13801 სამხედრო ნაწილის ფინანსისტის 07.11.05წ. ცნობის თანახმად 2965,60ლარი წარმოადგენს ხელფასს, ხოლო ¹13801 სამხედრო ნაწილის 28.10.05წ. ცნობის მიხედვით 809,20 ლარი - კვების ხარჯს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელე – საქართველოს თავდაცვის სამონისტროს მოთხოვნა ემყარება მხარეთა შორის დადებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.03.05წ. ¹3126 ბრძანებით ე. ბ-ძე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო) საფუძველზე, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. მინისტრის ბრძანება არ გასაჩივრებულა და ძალაშია. ამდენად, არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლის კანონით და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. განსახილველ შემთვევაში ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ, მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებული შესრულების – მოპასუხის მიერ გაწეული სამსახურის და გაწეული სამსახურის შედეგად გადახდილი ხელფასის თანხის ხასიათიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელფასის თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო რაც შეეხება სასურსათო ულუფას (809,20 ლარი), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.08წ. განჩინება სასურსათო ულუფის 809,20 ლარის ე. ბ-ძისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა.
რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.08წ. განჩინება ე. ბ-ძისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 809,20 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ეგნატე ბობოხიძისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 809,20 ლარის დაკისრების თაობაზე;
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.