Facebook Twitter

ბს-290-279(კ-10) 6 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 5 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ დ. ბ-ძის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 1 ივლისს დ. ბ-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ¹4011 კონტრაქტი და დ. ბ-ძე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის ¹1601 ბრძანებით დ. ბ-ძე 2006 წლის 6 ივნისიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დ. ბ-ძისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ,,წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეზე დახარჯული თანხის _ 1393.66 ლარისა და სანივთე უზრუნველყოფის ფარგლებში სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მოპასუხეზე გადაცემული ქონების ღირებულების _ 581.70 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე დ. ბ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ,,წვრთვნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში მასზე დახარჯული თანხის _ 1393.66 ლარისა და სანივთე ქონების დანაკლისის ღირებულების _ 581.70 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება დ. ბ-ძისათვის ზიანის სახით 1393.66 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დ. ბ-ძისათვის ზიანის სახით 1393.66 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ. ბ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ზიანის სახით 286.50 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; სარჩელი დ. ბ-ძისათვის ზიანის სახით 1107.16 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება დ. ბ-ძისათვის სანივთე ქონების დანაკლისის ღირებულების _ 581.70 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.