Facebook Twitter

ბს-293-282(კ-10) 15 სექტემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ლ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 8 მაისს ლ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანებისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილებით ლ. კ-ძე ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ქ. ბათუმში ... ქუჩა ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით დაჯარიმდა 2000 ლარით. ამასთან, მოსარჩელეს დაევალა საკუთარი ხარჯებით შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

ლ. კ-ძე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი უკანონოა, ვინაიდან აქტის მიღებისას დარღვეულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები. კერძოდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ვალდებული იყო მოსარჩელე მიეწვია სხდომაზე.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხეს არ ჩაუტარებია გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სახლი ავარიულ მდგომარეობაში და ასეთი დასკვნა უსაფუძვლოდ მიიღო. ამასთან ერთად, დემონტაჟისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება, რაც ... ქუჩა ¹13-ში მდებარე სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით მიღებული არ ყოფილა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილება და ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანება ლ. კ-ძის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიერ 2008 წლის 22 თებერვალს ... Qქუჩა ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ მოსარჩელე ლ. კ-ძეს გაეგზავნა მიწერილობა ¹18, რომლითაც მას წინადადება მიეცა 15 დღის ვადაში მოეხდინა სახლის რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი სახლი მთლიანად იყო ავარიული და მისი ფუნქციონირება საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ლ. კ-ძეს აღნიშნული მიწერილობა ჩაბარდა, თუმცა მიწერილობაში მითითებული დავალება მის მიერ არ იქნა შესრულებული.

მიწერილობით განსაზღვრული დროის გასვლის შემდგომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმებული იქნა მიწერილობის შესრულების საკითხი და შემოწმების აქტით ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩაითვალა, რომ დამრღვევმა უგულებელყო მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მიწერილობა.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა ¹235/08 დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ლ. კ-ძის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე.

ლ. კ-ძისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებულ აქტში მითითებულია ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის ,,გ” პუნქტზე, რომლის საფუძველზეც ლ. კ-ძე ავარიული სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის დაჯარიმებული იქნა 1000 ლარით, მე-58 მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე კი მიწერილობის შეუსრულებლობის გამო დაჯარიმებულია 1000 ლარით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, არ გამოკვლეულა საკითხი, ლ. კ-ძის მიერ ჩადენილი ქმედებით დაირღვა თუ არა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-58 მუხლის ,,გ” პუნქტის მოთხოვნა, ადგილი ჰქონდა თუ არა ამ ნორმით გათვალისწინებული იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობას, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მე-58 მუხლის ,,გ” პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობას ან არადროულად შესრულებას.

სასამართლო მიუთითებდა, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კანონი ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ”.

კანონის მე-510 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორანოს მიერ დადგენილია ... ქუჩა ¹13-ში მდებარე სახლის ავარიულობის ხარისხი. ზედამხედველობის სამსახური მოსარჩელისათვის მიწერილობის გაგზავნისას მხოლოდ შპს ,,...” მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს შედგენილ, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნას დაეყრდნო.

კანონის მე-3 მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მოქმედება ვრცელდება იმ სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუმცა სასამართლო ამასთან აღნიშნავდა, რომ დასახელებული კანონის კონკრეტული ნორმით არ რეგულირდება შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დადგენისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის გადაწყვეტის წესი. ამ წესს არ განსაზღვრავს აგრეთვე ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი ან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს სხვა ნორმატიული აქტი.

ასეთ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დადგენისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის ზოგადი წესებისა და მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

სასამართლო მიუთითებდა, რომ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დადგენისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის გადაწყვეტის წესი განსაზღვრული არ ყოფილა აგრეთვე ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერაც. ამავდროულად სასამართლო აღნიშნავდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.15.116 დადგენილებით დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოსთან არსებული ,,სახლების ავარიულობის ხარისხისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და ანაზღაურების წესები’’, ხოლო ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს ¹8-15 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია ქ. თბილისში ავარიული საცხოვრებელი შენობების აღრიცხვის, გამაგრება-გაძლიერების, რეკონსტრუქციის ან დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესები, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, ავარიული საცხოვრებელი შენობების აღრიცხვის, გამაგრება-გაძლიერების, რეკონსტრუქციის ან დაშლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მრავალბინიანი სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების თაობაზე გადაწყვეტილება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით უნდა მოხდეს, მოცემულ შემთხვევაში კი ... ქუჩა ¹13-ში მდებარე სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების შესახებ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და ისე იქნა გაგზავნილი მიწერილობა ლ. კ-ძისათვის სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის მოთხოვნით.

,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების უფლებები, მათ შორის მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით მიწერილობის გაცემის უფლებაც. კერძოდ, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ.

საქალაქო სასამართლო განმარტავდა, რომ მიწერილობა გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მიწერილობა გაიცემა აგრეთვე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.

დამრღვევი მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგენილებით ჯარიმდება როგორც მიწერილობის შეუსრულებლობისათვის ან არადროულად შესრულებისათვის, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მიწერილობა.

კანონის აღნიშნული ნორმით ზუსტად არის განსაზღვრული ის შემთხვევები, როდესაც ზედამხედველობის ორგანო აგზავნის მიწეროლობას. ამ ნორმის შინაარსში არ იგულისხმება მიწერილობის გაგზავნის საფუძვლის არსებობისათვის კანონით დადგენილ პირობად ის შემთხვევა, როდესაც ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ შენობა-ნაგებობა არის ავარიული და მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის მოთხოვნით მესაკუთრეს უნდა გაეგზავნოს მიწერილობა.

სასამართლო მიუთითებდა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,ვ” პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ზედამხედველობის სამსახურს უფლება აქვს მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ, ხოლო დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ არ ყოფილა დადგენილი, რომ ... ქუჩა ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კანონმდებლობის დარღვევით არის აშენებული, რასაც დასახელებული ნორმა შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საფუძვლად აწესებს და ასეთს არც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ამტკიცებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებდა, რომ ზედამხედველობის სამსახური არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელისათვის გაეგზავნა 2008 წლის 22 თებერვლის მიწერილობა 15 დღის ვადაში სახლის რეკონტრუქციის ან დემონტაჟის განხორციელების მოთხოვნით.

სასამართლო ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ... ქუჩა ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ლ. კ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებას არ წარმოადგენს, არამედ სახლში რამოდენიმე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე ცხოვრობს, რომლებიც ბინის ამხანაგობა ,,...” წევრები არიან. იგივე მრავალბინიანი სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრეა ქ. ბათუმის მერიაც. ავარიულობის შემთხვევაში სახლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მისი ყველა მესაკუთრის ერთობლივი გადაწყვეტილება, ხოლო დემონტაჟის განხორციელებისათვის აუცილებელია მესაკუთრეთა ერთობლივი მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლ. კ-ძისათვის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაგზავნილი მიწერილობის შესრულება მისი მხრიდან ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.

,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-4 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ზედამხედველობის ორგანოს მიერ დადგენილების მიღებამდე ეს ორგანო ვალდებულია დამრღვევს უწყებით აცნობოს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის საქმის განხილვის შესახებ, განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირი.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. კ-ძის მიმართ მოპასუხის მიერ კანონის დასახელებული ნორმის მოთხოვნები არ ყოფილა დაცული.

,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოპასუხის მიერ მიღებული აქტი ლ. კ-ძისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დასაბუთებული არ არის, რამდენადაც მოპასუხის მიერ არ გამოკვლეულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ გასაჩივრებული აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო.

საქართველოს ზოგადი ადმინისრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის დროს ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რამაც მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით მოითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება; ლ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავდა, რომ არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისა და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას აწესრიგებს საქართევლოს კანონი “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ”. კანონის მე-3 მუხლის “ე” პუნქტით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის “გ” პუნქტით, თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის არსებობა რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას-გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შპს “...” მიერ 2006 ლის 29 დეკემბერს გაცემული დასკვნით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, მის მზიდ კონსტრუქციებს არ გააჩნიათ არავითარი სიმტკიცის რეზერვი და უმნიშვნელო ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შენობის უეცარი ჩამონგრევა. ასეთ პირობებში არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მისი რემონტი.

“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველოყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლო განმარტავდა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტით, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მიწერილობის გაცემით.

ლ. კ-ძის მიმართ მიწერილობა გაცემულია 2008 წლის 22 თებერვალს.

“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-3 პუნქტით, მიწერილობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხდველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მიწერილობის პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა)მიწერილობა შესრულდა; ბ) მიწერილობა არ შესულდა; გ) მიწერილობა არადროულად სრულდება.

მიწერილობის შეუსრულებლობა დადასტურებულია 2008 წლის 12 მარტის შემოწმების აქტით (ს.ფ.106). ზემოთ მოხსენიებული კანონის მე-41 მუხლის მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-7 პუნქტით, დადგენილების მიღებამდე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია დამღრვევს უწყებით აცნობოს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირი.

დადგენილია, რომ 2008 წლის 17 მარტის ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სხდომას ესწრებოდა მოქალაქე ლ. კ-ძე.

“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-8 პუნქტით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსრულება ხდება ამ კანონითა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოებზე, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გსაჩივრება, აღნიშნული ორგანოს მისამართსა და გასაჩივრების ვადას.

ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის მეირ ლ. კ-ძის მიმართ ამ უკანასკნელის კუთვნილი, ქ. ბათუმი, ... ქ. ¹13-ში მდებარე, ავარიული შენობის დემონტაჯის განუხორციელებელობის გამო დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალდებულების შესახებ 2008 წლის 29 დეკემბრის ¹235/08 დადგენილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ძის ადმინისტრაციული საჩივარი ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹235/08 დადგენილების გაუქმების შესახებ), ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ. კასატორი თავის მოთხოვნას ფაქტობრივად ამყარებდა იმავე საფუძვლებს, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში და აქვე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის ნორმათა არასწორ გამოყენებასა და შეფარდებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეში დაცული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიერ 2008 წლის 22 თებერვალს ... Qქუჩა ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ მოსარჩელე ლ. კ-ძეს გაეგზავნა მიწერილობა ¹18, რომლითაც მას წინადადება მიეცა 15 დღის ვადაში მოეხდინა სახლის რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი სახლი მთლიანად იყო ავარიული და მისი ფუნქციონირება საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ლ. კ-ძეს აღნიშნული მიწერილობა ჩაბარდა, თუმცა მიწერილობაში მითითებული დავალება მის მიერ არ იქნა შესრულებული.

მიწერილობით განსაზღვრული დროის გასვლის შემდგომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმებული იქნა მიწერილობის შესრულების საკითხი და შემოწმების აქტით ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩაითვალა, რომ დამრღვევმა უგულებელყო მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მიწერილობა.

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა ¹235/08 დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ლ. კ-ძის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე.

ლ. კ-ძისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებულ აქტში მითითებულია ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510-ე მუხლის ,,გ” პუნქტზე, რომლის საფუძველზეც ლ. კ-ძე ავარიული სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის დაჯარიმებული იქნა 1000 ლარით, მე-58 მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე კი მიწერილობის შეუსრულებლობის გამო დაჯარიმებულია 1000 ლარით.

სადავო აქტების გამოცემის პერიოდისათვის მოქმედი ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 41 მუხლის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადგენილება, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული მუხლების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიუთითოს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია, თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებული აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე და თვლის, რომ სადავო აქტები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე.

,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03.24.2009 წლის ¹57 დადგენილებით) 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,დასრულებული ან დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები (გარდა უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა) შეიძლება დაიშალოს/დაინგრეს შემდეგ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილები გამოსულია მწყობრიდან, საფრთხეს უქმნის გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას და ვერ ხერხდება მესაკუთრის მიერ მისი გამოსწორება და ეს დადგენილია შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.”

იმავე დადგენილების 43.4 მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, ,,შენობა-ნაგებობის საექსპერტო შეფასება სავალდებულოა სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ დადგენილების 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად”. ხოლო მითითებული დადგენილების 43.6 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ჩაატაროს საექსპერტო შეფასება ამ დადგენილების 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტში განსაზღვრულ შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულ ნორმებში ასახული იმპერატიული მოთხოვნის პირობებში საკასაციო სასამართლო გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს მხარეთა დაკვეთით 2006 წელს შპს ,,...” მიერ შედგენილი დასკვნით და თვლის, რომ მითითებული ნორმების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გადაწყვეტილება მიეღო მასში წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში ჩადენილი დარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის შეფარდების პროცესშიც სპეციალური კანონით დადგენილი წესების გარდა გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. მითითებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. იმის გათვალისწინებით, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელის 38.1 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს სახდელის შეფარდების შესაძლო ვადას. მიწერილობის შედგენიდან სადავო დადგენილების მიღებამდე გასული პერიოდი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღება მიაქციოს აქტების კანონიერებას ამ თვალსაზრისით და თვლის, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბათილობის საფუძველი, იმავდროულად საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა სადავო საკითხის სპეციფიკას და იმ საშიშროებას, რაც შესაძლოა თან ახლდეს სახლის ავარიულობას, თვლის, რომ საკითხი საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად, უნდა დაუბრუნდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32.4 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილება და ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანება ლ. კ-ძის ნაწილში და ქ. ბათუმიის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ლ. კ-ძესთან მიმართებაში მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.