¹ბს-300-297(კ-11) 27 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს «.....» საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «.....», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.11წ. განჩინებით შპს «....» ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. კასატორს უნდა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 554.45 ლარის გადახდის ქვითარი (დედანი) და საკასაციო წესით გასაჩივრების უფლების შემცველი, სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. კასატორს განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
შპს «.....» 25.03.11 წ. წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.11წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 7 დღით. კასატორს უნდა წარმოედგინა შპს «.....» უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე ნ. ჩ-ის ადვოკატობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მისი შპს-ში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 554.45 ლარის გადახდის ქვითარი (დედანი). აღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში შპს «.....» წარმოადგინა განცხადება და განმეორებით ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მანვე წარმოადგინა შპს-ს წესდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იურიდიული პირის გათავისუფლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. ამდენად, კასატორის მოთხოვნა, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «.....» საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.