Facebook Twitter
ბს-302-291(კ-10)

ბს-302-291(კ-10) 26 იანვარი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსაჩელე) – ლ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური

დავის საგანი – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების და ობიექტის დემონტაჟის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.09წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 22.02.08წ. ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში საკუთრების უფლებით ფართის მფლობელზე – ლ. Aა-ძეზე გასცა ¹27 მიწერილობა, რომლითაც ლ. Aა-ძეს წინადადება მიეცა 15 დღის ვადაში დაეწყო ობიექტის რეკონსტრუქცია ან განეხორციელებია ობიექტის დემონტაჟი. 12.03.08წ. ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა მიწერილობის შესრულების შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ლ. Aა-ძის მიერ არ შესრულდა 22.02.08წ. მიწერილობის მოთხოვნები, რაზედაც შედგა შემოწმების აქტი. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 29.12.08წ. ¹237/08 დადგენილებით, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის 5.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის, მე-510 მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 1000 ლარით შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო, ხოლო მე-58 მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე – 1000 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის, საერთო ჯამში ლ. Aა-ძე დაჯარიმდა 2000 ლარით, ამასთანავე ხსენებული კანონის 4.7 მუხლის «გ.ვ» ქვეპუნქტით ლ. Aა-ძეს დაევალა სახლის დაშლა საკუთარი ძალებით და ხარჯით.

ქ. ბათუმის მერიის 15.04.09წ. ¹268 ბრძანებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა ლ. Aა-ძის ადმინისტრაციული საჩივარი.

ლ. ა-ძემ 08.05.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმებისა და ობიექტის დემონტაჟის შესახებ ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიერ 29.12.08წ. მიღებული ¹237/08 დადგენილების, როგორც უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ლ. ა-ძის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ბათუმის მერის 10.04.09წ. ¹268 ბრძანების ლ. ა-ძის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 29.12.08წ. მიღებულ იქნა დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ, რომლითაც ლ. ა-ძე «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ქ. ბათუმში, ქუჩა ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით დაჯარიმდა 2000 ლარით და მასვე დაევალა საკუთარი ხარჯებით შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. გასაჩივრებულ აქტთან დაკავშირებით მოსარჩელე წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს, რამდენადაც აღნიშნული აქტის გამოცემამ მის ინტერესებზე პირდაპირი და უშუალო გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო, მოსარჩელე მიეწვია სხდომაზე. გარდა ამისა, ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე მიეღო.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «კ.ი» ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან 29.12.08წ. ¹237/08 დადგენილების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიულობა, რომლის ფუნქციონირება საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ლ. ა-ძეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწერილობის საფუძვეზე ეცნობა იმ 15-დღიანი ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც უნდა განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი, რისი შეუსრულებლობის გამოც მოსარჩელე დაჯარიმდა და მასვე სადავო დადგენილების საფუძველზე დაევალა იმ ავარიული სახლის დემონტაჟი, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.08.09წ. გადაწყვეტილებით ლ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 29.12.08წ. გამოიცა ¹237/08 დადგენილება და ქ. ბათუმის მერიის 10.04.09წ ¹268 ბრძანება ლ. ა-ძის ნაწილში.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 22.02.08წ. . ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ ლ. ა-ძეს გაეგზავნა მიწერილობა ¹27, რომლითაც მიეცა 15 დღიანი ვადა, სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის. აღნიშნული მიწერილობა ჩაბარდა მოსარჩელეს, თუმცა მიწერილობაში მითითებული დავალება მის მიერ არ იქნა შესრულებული. მიწერილობით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა მიწერილობის შესრულების საკითხი და შემოწმების აქტით «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის 41.3 მუხლის საფუძველზე ჩაითვალა, რომ დამრღვევმა უგულებელყო მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მიწერილობა. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 29.12.08წ. გამოიცა ¹237/08 დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ლ. ა-ძის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ლ. ა-ძის მიერ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევა, კერძოდ უქმნიდა თუ არა ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანრთელობას. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იმ შენობა- ნაგებობების რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქნის ადამიანის სიცოხლეს ან/და ჯანმრთელობას. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სათანადო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი შენობის დემონტაჟის შესახებ და მხოლოდ შპს “...”-ს დასკვნაზე დაყრდნობით მოსარჩელეთათვის მიწერილობის გაგზვანა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შესახებ იყო უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო. შენობა-ნაგებობების ავარიულობის ხარისხის დადგენისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის გადაწყვეტის წესი განსაზღვრული არ ყოფილა აგრეთვე ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერაც. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 02.04.98წ. ¹7.15.116 დადგენილებით დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოსთან არსებული «სახლების ავარიულობის ხარისხისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის დამდგენი კომისიის» მუშაობისა და ანაზღაურების წესები, ხოლო ქ. თბილისის საკრებულოს 01.08.01წ. ¹8-15 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია ქ. თბილისში ავარიული საცხოვრებელი შენობების აღრიცხვის, გამაგრება-გაძლიერების, რეკონსტრუქციის ან დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესები, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, ავარიული საცხოვრებელი შენობების აღრიცხვის, გამაგრება-გაძლიერების, რეკონსტრუქციის ან დაშლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მრავალბინიანი სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების თაობაზე გადაწყვეტილება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით უნდა მომხდარიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების შესახებ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლად იქნა გაგზავნილი ლ. არველაძისათვის მიწერილობა სახლის რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის მოთხოვნით. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ ავარიულობის შემთხვევაში მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო იყო ყველა მესაკუთრის ერთობლივი ნება, ხოლო დემონატაჟის განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მესაკუთრეთა ერთობლივი მოქმედება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 11.12.09წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 03.08.09წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მიერ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის არსებობა რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას თვითმმართველ ქალაქში იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შპს «...»-ს მიერ 29.12.06წ. გაცემული დასკვნით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, მის მზიდ კონსტრუქციებს არ გააჩნდათ არავითარი სიმტკიცის რეზერვი და უმნიშვნელო ზემოქმედებასაც შეეძლო გამოეწვია შენობის ჩამონგრევა. ასეთ პირობებში, არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელი იყო მისი რემონტი. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის «ვ.გ” ქვეპუნქტების თანახმად, ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილი იყო, მიეღო დადგენილება კანონდარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო: შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ იყო უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელი იყო. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო შენობა-ნაგებობის ავარიულობა და მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურის მიერ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოკვლეული იქნა ყველა არსებითი გარემოება, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის ზეპირი მოსმენის შედეგად. დაჯარიმება-დემონტაჟის შესახებ 29.12.08წ. დადგენილება დასაბუთებულია და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივარა ლ. ა-ძემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მისცა ფაქტებს შეფასება, აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, არ დადგენილა, მოსარჩელის მიერ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-510 მუხლის «გ» პუნქტის და ამავე კანონის მე-58 მუხლის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა. არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაბამისი ადინისტრაციული ორგანოს მიერ დადგინდებოდა ... ქუჩა ¹13-ში მდებარე სახლის ავარიულობის ხარისხი. ზედამხედველობის სამსახური მოსარჩელის სახელზე მიწერილობის გაგზავნისას მხოლოდ შპს «...»-ს მიერ 29.12.06წ. შედგენილ საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნას დაეყრდნო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 95-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების, 96-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, 971-ე მუხლის 1-ელი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-ე, 116-ე, 117-ე, 118-ე, 119-ე და 120-ე მუხლების მოთხოვნები.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის 510 მუხლის «გ» ქვეპუნქტი და ამავე კანონის მე-58 მუხლის «გ» ქვეპუნქტი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის «გ» ქვეპუნქტი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის «ე» ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის, მე-7 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი, მე-41 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. Aა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 22.02.08წ. …... ქუჩა ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ ლ. ა-ძეს გაეგზავნა მიწერილობა ¹27, რომლითაც მიეცა წინადადება 15 დღის ვადაში მოეხდინა სახლის რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი იმ მოტივით, რომ სახლი იყო ავარიული და მისი ფუნქციონირება საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე დადგენილია, რომ 12.03.08წ. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა მიწერილობის შესრულების შემოწმება, რა დროსაც გაირკვა, რომ ლ. არველაძის მიერ არ შესრულდა 22.02.08წ. მიწერილობის მოთხოვნები, რაზედაც შედგა შემოწმების აქტი. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 29.12.08წ. გამოიცა ¹237/08 დადგენილება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ლ. ა-ძის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე. პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებულ აქტებში მითითებულია ,,არქიტექტურულ-სამენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც ლ. ა-ძე ავარიული სახლის დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის დაჯარიმდა 1 000 ლარით, ხოლო მიწერილობის შეუსრულებლობისათვის, იმავე კანონის 58 მუხლის ,,გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით 1 000 ლარით დაჯარიმდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდისათვის მოქმედი ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-41 მუხლის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადგენილება, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო ვალდებული იყო, თავის საქმიანობაში ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით, რომლის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებული აქტის კანონშესაბამისობის თაობაზე და თვლის, რომ სადავო აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილების 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასრულებული ან დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები (გარდა უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა) შეიძლება დაიშალოს/დაინგრეს, თუ შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილები გამოსულია მწყობრიდან, საფრთხეს უქმნის გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას და ვერ ხერხდება მესაკუთრის მიერ მისი გამოსწორება და ეს დადგენილია შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. იმავე დადგენილების 43.4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,შენობა-ნაგებობის საექსპერტო შეფასება სავალდებულოა სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ დადგენილების 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად”. მითითებული დადგენილების 43.6 მუხლის თანახმად მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებია საექსპერტო შეფასება ამ დადგენილების 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტში განსაზღვრულ შემთხვევაში. «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის 4.7 მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ დადგენილება დემონტაჟის შესახებ, ასეთი დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევის გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია. ზემოაღნიშნულ ნორმებში ასახული იმპერატიული დანაწესები გამორიცხავდნენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარეთა დაკვეთით 2006 წელს შპს ,,…”-ს მიერ შედგენილი დასკვნით ხელმძღვანელობას, მითითებული ნორმების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გადაწყვეტილება მიეღო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი კორპუსის თვითოეული ბინა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, დემონტაჟის განუხორციელებლობის და მიწერილობის შეუსრულებლობის გამო დაჯარიმების კანონიერების დასადგენად სასამართლოს უნდა დაედგინა რამდენად იყო შესაძლებელი კასატორის ბინების ნაწილში დემონტაჟის განხორციელება იმ მობინადრეთათვის საფრთხის შეუქმნელად, რომლებიც არ ეთანხმებიან და არ ცლიან ბინებს. ის გარემოება, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას. «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მხოლოდ თავის ბინას, გამორიცხოს მასზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებას. ვინაიდან არ არსებობს ბრალის გარეშე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა, დაჯარიმების მართებულობას არ ადასტურებს მოპასუხის მოსაზრება დაჯარიმების შემდეგ მოსარჩელეების მიერ იმ მობინადრეთა მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან დემონტაჟს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ.

სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 31.03.08წ. ¹01-20/171 აქტით კასატორს უარი ეთქვა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟზე ნებართვის გაცემაზე, ხოლო «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის 4.7 მუხლის «დ» ქვეპუნქტით და 41.4 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო დემონტაჟი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის მისი შეჩერების საფუძველს ქმნიდა. ამასთანავე, საქმეზე არ დასტურდება სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის 1.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებდა დამატებითი ნებართვის გარეშე დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრე თავად ქ. ბათუმის მერიაც არის, რომელსაც მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებით (ს.ფ.63), სახლის სხვა მობინადრეებთან ერთად გაეგზავნა მიწერილობა, სხვა მობინადრეთა მსგავსად ქ. ბათუმის მერიასაც არ შეუსრულებია სახლის დემონტაჟის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში ჩადენილი დარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის შეფარდების პროცესშიც სპეციალური კანონით დადგენილი წესების გარდა, სხვა მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. მითითებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. იმის გათვალისწინებით, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი არ ადგენდა ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლის 38.1 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს სახდელის შეფარდების შესაძლო ვადას. ამავე კოდექსის 232.7 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარომოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. დარღვევის დადგენიდან დაჯარიმებამდე განვლილი პერიოდი მნიშვნელოვნად აღემატება აგრეთვე ამჟამად მოქმედი «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებს. მიწერილობის შეუსრულებლობის დადგენიდან სადავო დადგენილების მიღებამდე გასული პერიოდი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღება მიაქციოს ამ თვალსაზრისით აქტის კანონიერებაზე და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილობის საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა სადავო საკითხის სპეციფიკას და იმ საშიშროებას, რაც შესაძლოა თან ახლდეს სახლის ავარიულობას, მიიჩნევს, რომ საკითხი საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად, უნდა დაუბრუნდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. ახალი აქტის გამოცემისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» კანონის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რის გამო არსებობს სადავო აქტების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32.4 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.09წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 15.04.09წ. ¹268 ბრძანება ლ. ა-ძის ნაწილში და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 29.12.08წ ¹237/08 დადგენილება. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ლ. ა-ძის მიმართ მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.