Facebook Twitter

ბს-304-293(კ-10) 26 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ თ. ლ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 8 მაისს თ. ლ-იამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილებით მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა, რომელიც მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2009 წლის 9 იანვარს. 2009 წლის 10 აპრილს ქ. ბათუმის მერმა გამოსცა ¹268 ბრძანება, რომელიც მოსარჩელეს აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, უკანონოდ ზღუდავს მის საკუთრების უფლებას, რაც არის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტური უფლება და მისი ხელყოფა თუ ფორმალური ხელშეშლა ეწინააღმდეგება კანონის, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს. საკუთრების უფლება აღიარებულია საქართველოში რატიფიცირებული საერთაშორისო პაქტებით, “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციით” და დამატებითი ოქმით, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლით.

მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დადგენილება დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უკანონოა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120.1, 110-ე, 112-ე, 95.2, 96.1, 11.4 მუხლების მოთხოვნები, რამდენადაც თ. ლ-ია, როგორც დაინტერესებული მხარე არ იყო მიწვეული სხდომაზე. სადავო აქტით გაუარესდა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც შესაძლებელია მისი კანონიერ ძალაში შესვლითა და აღსრულებით შეიზღუდოს მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააქტო ჩანაწერები.

მოსარჩელის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე და 17.2 მუხლების შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემ ორგანოებს ეკისრებათ აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი (იხ. ს.ფ. 2-7).

თ. ლ-იას სარჩელი არ ცნო მოპასუხე ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილებით არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ლ. კ-ძე დაჯარიმდა 2000 ლარით და დაევალა ავარიული სახლის დემონტაჟი, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში თ. ლ-ია საკუთრების უფლებით ფლობდა ფართს. საცხოვრებელი სახლი იყო მთლიანად ავარიული, რომლის ფუნქციონირება შპს “...” მიერ 2006 წლის 29 დეკემბრის დასკვნით საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის დემონტაჟის განუხორციელებლობაც “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” პუნქტის “კ-ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევას. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიწერილობით თ. ლ-იას ეცნობა, რომ 15 დღის ვადაში დაეწყო მის საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ თ. ლ-ია შემოწმდა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე, რა დროსაც დადგინდა, რომ მის მიერ უგულებელყოფილ იქნა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიწერილობა, კერძოდ, მის მიერ არ შესრულდა მიწერილობით მასზე მიცემული პირობები, რაც უნდა შესრულებულიყო მიწერილობის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში.

ამდენად, მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ თ. ლ-იას მიმართ მიღებული დადგენილება და გატარებული სანქცია სრულიად შეესაბამება მის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას (იხ. ს.ფ. 22-30).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გაადწყვეტილებით თ. ლ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹243/08 დადგენილება და ქ. ბათუმის მერის 2009 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანება თ. ლ-იას ნაწილში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია თ. ლ-იას მიერ ჩადენილი ქმედებით დაირღვა თუ არა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 510 მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნა, ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის მითითებული ნორმით გათვალისწინებული იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობას, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნიდა ადამინის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და 58 მუხლის “გ” პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობას, არადროულად შესრულებას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კანონი “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ”, რომლის 510 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული აქტი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე სახლის ავარიულობის ხარისხის დადგენის შესახებ და ზედამხედველობის სამსახური მოსარჩელისათვის მიწერილობის გაგზავნისას დაეყრდნო მხოლოდ შპს “...” მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს შედგენილ, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნას. სასამართლოს მოსაზრებით, შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დადგენისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის ზოგადი წესებისა და მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.15.116 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოსთან არსებული “სახლების ავარიულობის ხარისხისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და ანაზღაურების წესებით”, ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს ¹8-15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისში, ავარიული საცხოვრებელი შენობების აღრიცხვის, გამაგრება-გაძლიერების, რეკონსტრუქციის ან დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესების მე-9 მუხლით და მიიჩნია, რომ მრავალბინიანი სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების თაობაზე გადაწყვეტილება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით უნდა მოხდეს, მოცემულ შემთხვევაში კი ... ქ. ¹13-ში მდებარე სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების შესახებ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზედამხედველობის სამსახური არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელისათვის გაეგზავნა 2008 წლის 22 თებერვლის მიწერილობა 15 დღის ვადაში სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიანი სახლი თ. ლ-იას ინდივიდუალურ საკუთრებას არ წარმოადგენდა, სახლში რამდენინე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე ცხოვრობდა, რომლებიც არიან ბინის ამხანაგობა “...” წევრები. ამავე სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრე ქ. ბათუმის მერიაცაა. თ. ლ-იას ბინა სახლის მე-2 სართულზე მდებარეობდა და მის მიერ მთლიანი სახლის ნაწილის დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია სახლის დანარჩენი ნაწილისაგან დამოუკიდებლად ფიზიკურად შეუძლებელი იყო.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, მას არ მიუღია გადაწყვეტილება სახლის ავარიულობის ხარისხის შესახებ. ამასთან, მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა დაცული “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 41.4 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის მოთხოვნა.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის დროს დაირღვა კანონის მოთხოვნები, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს (იხ. ს.ფ. 69-82).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და ზედამხედველობის სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

აპელანტების მითითებით, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონში კანონმდებელმა პირდაპირ მიუთითა დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და დაჯარიმების უშუალო წინაპირობები – ავარიული შენობა-ნაგებობის არსებობა და მისი რეკონსტრუქცია-დემონტაჟის განუხორციელებლობა საფრთხეს უნდა უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ... ქ. ¹13-ში არსებულ შენობასთან დაკავშირებით ორივე პირობა არსებობდა, მოცემული კანონი სწორად იქნა გამოყენებული თ. ლ-იას, როგორც ავარიული სახლის მესაკუთრის მიმართ.

აპელანტებმა არ გაიზიარეს საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ შენობის ავარიულობის ხარისხი უნდა განისაზღვროს ადმინისტრაციული აქტით. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ლიცენზიის მქონე შესაბამისი ორგანოს – შპს “...” დასკვნა შენობის ავარიულობის შესახებ, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

აპელანტების მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.15.116 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოსთან არსებული “სახლების ავარიულობის ხარისხისა და მათი დაშლა-აღდგენის მიზანშეწონილობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და ანაზღაურების წესებით” და ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს ¹8-15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისში, ავარიული საცხოვრებელი შენობების აღრიცხვის, გამაგრება-გაძლიერების, რეკონსტრუქციის ან დაშლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესების მე-9 მუხლით, რამდენადაც ისინი ეხება მხოლდო ქ. თბილისის საბინაო ფონდში არსებულ ბინებს, ამასთან “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ე” ქვეპუნქტი ამოქმედდა 2006 წლის დეკემბრიდან. შესაბამისად, კანონით რეგულირებადი გახდა მსგავსი ურთიერთობები.

აპელანტების მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობის შესამოწმებლად სავალდებულოა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიულობის დადასტურება, რომლის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ასევე უნდა დადასტურდეს მესაკუთრეების მიერ მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა (იხ. ს.ფ. 86-99).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოებმრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ლ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ე” პუნქტით, 510 მუხლის “გ” პუნქტით, 4.7 მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 41 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 41 მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 41 მუხლის მე-7, მე-8 ნაწილებით, შპს “მშენაღმდგენის” 2006 წლის 29 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე დასდასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, მის მზიდ კონსტრუქციებს არ გააჩნდათ არავითარი სიმტკიცის რეზერვი და უმნიშვნელო ზემოქმედებას შესაძლოა გამოეწვია შენობის უეცარი ჩამონგრევა.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ თ. ლ-იას მიმართ ამ უკანასკნელის კუთვნილი, ... ქ. 13-ში მდებარე, ავარიული შენობის დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალდებულების შესახებ 2008 წლის 29 დეკემბრის ¹243.08 დადგენილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, რის გამოც არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ს.ფ. 203-217).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოებმრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის ზედახედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დკემბრის ¹243/08 დადგენილებით გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც შესაძლებელია მომავალში დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსრულების დროს შეიზღუდოს მისი ქონებრივი მდგომარეობა.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, არ მოუხდენია ფაქტების შეფასება, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ თ. ლ-იას მიერ ჩადენილი ქმედებით დაირღვა თუ არა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 510 მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნა, ანუ ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის მითითებული ნორმით გათვალისწინებული იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობას, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ასევე ადგილი ჰქონდა თუ არა ამავე კანონის 58 მუხლის “გ” პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობას ან არადროულად შესრულებას. ასევე, არ არსებობს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგინდებოდა ... ქ. ¹13-ში მდებარე სახლის ავარიულობის ხარისხი.

კასატორის მოსაზრებით, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონი ზუსტად განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ზედამხედველობის სამსახური გზავნის მიწერილობას. მათში არ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ შენობა-ნაგებობა არის ავარიული და მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის მოთხოვნით მესაკუთრეს უნდა გაეგზავნოს მიწერილობა. ამასთან, თ. ლ-იას ბინა მდებარეობს სახლის მე-2 სართულზე და მის მიერ მთლიანი სახლის ნაწილის დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია სახლის დანარჩენი ნაწილებისაგან დამოუკიდებლად შეუძლებელია.

კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ. ქ. ბათუმის მერიასა და ზედამხედველობის სამსახურს.

კასატორმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 95.1, 95.2, 96.1 მუხლების, 971 მუხლის 1-ლი ნაწილის “გ”-”დ” ქვეპუნქტების, 110-ე, 112-ე, 115-120-ე მუხლების მოთხოვნები.

კასატორის მითითებით, საკუთრების უფლება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და მისი ხელყოფა თუ ფორმალური ხელშეშლა ეწინააღმდეგება კანონს, უპირველესად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას და დამატებით ოქმს, გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას(იხ. ს.ფ. 224-232).

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით თ. ლ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად (აბსოლუტური კასაცია).

მოწინააღმდეგე მხარეებს წერილობითი შესაგებელი საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის მოტივი _ განსახილველ დავაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით განსაზღვრულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების თაობაზე, საკასაციო სასამართლომ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება თუ რამდენად კანონიერად იქნა რეალიზებული მხარეთა საპროცესო უფლება აღნიშნული საპროცესო ინსტიტუტის კონტექსტში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია, როგორც თეორიული, ასევე, ტექნიკური თვალსაზრისით, რამაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით შექმნა აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული, შესაბამისად მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი.

განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹ 243/08 დადგენილება “ არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში ჩადენილი დარღვევისათვის თ. ლ-იას დაჯარიმებისა და ობიექტის დემონტაჟის შესახებ” /იხ. ს.ფ. 13-14/ და ქ. ბათუმის მერის 2009წლის 15 აპრილის ¹ 268 ბრძანება თ. ლ-იას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე /იხ.ს.ფ. 9-12; 149-150/.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მიხედვით სადაოა აქტების, როგორც მატერიალური / საკუთრების უფლების შეზღუდვა/, ასევე, ფორმალური /პროცედურის არსებითი დარღვევა/ კანონსაწინააღმდეგობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის არგუმენტები დაუსაბუთებელია და მათი გაზიარების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დარღვეული არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით განსაზღვრული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურება.

საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში საქმეზე ¹ბს-626-596(კ-07) ნ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ჩამოყალიბებულ სასამართლო დასკვნებს, კონკრეტულად, საერთო სასამართლოების მხრიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის სწორ გაგება-განმარტებასთან დაკავშირებით.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება.

სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში, ერთის მხრივ, ფიზიკურ პირსა და თვითმმართველობის ორგანოს სამსახურს, მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული საჩივრის ავტორსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის.

სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კვალიფიციურად უზრუნველყვეს გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთება, როგორც ფორმალური, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. თავის მხრივ, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულება დაასაბუთოს აქტის კანონსაწინააღმდეგობა -- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოკვლეული და დადგენილი ფაქტების უსწორობა, მათი გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარმოდგენის უზრუნველყოფით, შესრულებული არ ყოფილა, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სადავო აქტებით დადგენილად მიჩნეული და შეფასებული ფაქტების შეუსაბამობა საქმის გარემოებებთან. ასევე, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის მოტივი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხი კასატორის მიერ ჩადენილი ქმედებით დაირღვა თუ არა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 510 მუხლის “გ” პუნქტის და ამავე კანონის 58 მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნები, დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი ვერ აკონკრეტებს რაში გამოიხატა ამ ნორმატიული აქტის მითითებული ნორმების მოთხოვნების დარღვევა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნის უსაფუძვლოდ მიჩნევის წინაპირობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის მოტივი – საკუთრების უფლების ხელყოფის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული უფლება – საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითად უფლებათაგანია, თუმცა, იგი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიგს. ეროვნული კანონმდებლობები ითვალისწინებენ შემთხვევებს, როდესაც აღმატებული საჯარო ინტერესის სასარგებლოდ შეიძლება საკუთრების უფლების შეზღუდვა, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.

საკუთრების უფლება თავის თავში მოიცავს ამ უფლების ქვეშ მყოფი ობიექტის იმგვარ მდგომარეობაში ყოფნის, შენახვა-მოვლის ვალდებულებას, როგორიც არის მესამე პირთათვის და გარემოსათვის საფრთხის გამომრიცხველ და ზიანის მიუყენებლად ფუნქციობის უზრუნველყოფა.

განსახილველ შემთხვევაში ობიექტურად არის დადგენილი თ. ლ-იას საკუთრებაში მყოფი სახლის შეუსაბამობა უსაფრთხო ნაგებობის სტანდარტებთან. შპს “...”-ს დასკვნის თანახმად ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე ¹13 –ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი არის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში, მის მზიდ კონსტრუქციებს აღარ გააჩნია არავითარი სიმტკიცის რეზერვი და უმნიშვნელო ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შენობის უეცარი ჩამონგრევა /იხ.ს. ფ./ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ეყრდნობა სწორედ აღნიშნული საექსპერტო დასკვნით შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის საწინააღმდეგოს დამტკიცება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის საფუძველზე სწორედ მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას - მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც მხარემ ვერ უზრუნველყო.

მოქმედი კანონმდებლობა საკუთრების ობიექტის მდგომარეობის შეფასებით საჯარო ინტერესების უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის დავალდებულების შემთხვევებს, რაც მოცემულ შემთხვევაში კანონის პროცედურების არსებითად დაცვის ფარგლებში რეალიზებულია თვითმმართველობის ორგანოების მიერ, შესაბამისად, არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 391-ე, 401-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ლ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.