ბს-32-31 (კ-10) 21 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. მ-შვილმა 16.04.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით 2000-2001 წლების მიუღებელი სამივლინებო თანხის_ 3725,00 ლარისა და 1999 წლის I კვ. ჯილდოს _33.11 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.05.09წ. გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე თ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის სამივლინებო თანხის 3245,00 ლარის, 2001 წლის სამივლინებო თანხის 480,00 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაქვითვის გათვალისწინებით; თ. მ-შვილს 1999 წლის 1 კვარტ. ჯილდოს ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.05.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. მ-შვილმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.05.09წ. გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც თ. მ-შვილის სარჩელი სამივლინებო თანხების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა და ან ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: თ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა სამივლინებო თანხების _3725 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.09.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მივლინების ხარჯების 3725 ლარის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.