ბს-32-31(კ-11) 7 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 17 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,, ...” საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორ შპს ,, ...” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველსო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2011 წლის 3 თებერვალს შპს ,, ...” წარმომადგენელმა ვ. გ-ძემ წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს “...” წარმომადგენლის ვ. გ-ძის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა და საკასაციო საჩივრის ავტორ შპს “...” დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს “...” წარმომადგენელ ვ. გ-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ბათუმი, ... ქ. ¹13, ბინა 6) ჩაჰბარდა 2011 წლის 12 თებერვალს. შესაბამისად, მისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2011 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2011 წლის 22 თებერვალს რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი, ხოლო განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ შპს “...” წარმომადგენელმა ვ. გ-ძემ ... ფოსტის ბათუმის ფილიალს ჩააბარა 2011 წლის 28 თებერვალს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “...” წარმომადგენლის ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ვ. გ-ძეს 2011 წლის 25 თებერვალს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს შპს “...” წარმომადგენლის ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე;
2. ვ. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.