Facebook Twitter

ბს-324-313(კ-10) 25 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10, ტ .I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ.ს.ფ. 146-149, ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 154-162, ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 35-43, ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 53-61).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ზ. გ-შვილის წარმომადგენელმა ა. ჭ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. თბილისის მერიის მიერ არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.