ბს-327-316 (კ-10) 27 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.09წ. განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2010წ. განჩინებით ნ. გ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
ხარვეზის შესახებ განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 06.05.2010წ., ხოლო კასატორმა 17.05.2010წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლება, ვინაიდან ბინიდან არის გამოსახლებული ინვალიდი შვილით და მისი მცირეწლოვანი შვილით, არის უკიდურეს გაჭირვებაში, იმყოფება უმწეობის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვში და ამჟამად მიმდინარეობს მისთვის სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე საკითხის განხილვა. ამასთან, ნ. გ-ძის მიერ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის თანახმად სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. კასატორ ნ. გ-ძეს ხარვეზის შევსების შესახებ 19.03.2010წ. განჩინების ჩაბარების შემდეგ არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, რის გამოც ნ. გ-ძის შუამდგომლობა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.