ბს-33-32(კ-10) 5 მაისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – მ. წ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 1 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ მ. წ-შვილის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მ. წ-შვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2004 წლის 26 იანვრის ¹214 ბრძანებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, 2004 წლის 15 იანვრიდან დაინიშნა სამხედრო მოსამსახურედ.
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფისა და წვრთნისა და აღჭურვისთვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თითოეული ლარი განკარგოს დანიშნულებისამებრ ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით.
კონტრაქტის 7.1 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით ის (კონტრაქტით მომსახურე) ვალდებულია აანაზღაუროს სწავლის პერიოდში (3 თვე) მასზე დახარჯული თანხა.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე – მ. წ-შვილი სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹2427 ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს – მ. წ-შვილს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1236,62 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული თავისებურებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.”
მხარეთა შორის დადებული კონტრაქტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ვინაიდან “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო _ პროფესიული სამსახური არის სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი სახეობა, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, კონტრაქტის 7.1 მუხლის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით, ის ვალდებულია აანაზღაუროს სწავლების პერიოდში (3 თვე) მასზე დახარჯული თანხა. ამავე კონტრაქტის 7.2 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივ საწესდებო დისციპლინარულ მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, სამსახურისადმი მატერიალური ზარალის მიყენების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და ხელშეკრულების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ კრედიტორმა შეძლოს დავა ზიანის გამო, უნდა იყოს რამდენიმე პირობის ერთობლიობა, კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა და უშუალოდ ასეთი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე მხარის მომზადებაზე დახარჯული თანხის _ 1236,62 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ფაქტობრივად არის არა ზიანის ანაზღაურება, არამედ უკვე გადახდილი ხელფასის თანხის უკან დაბრუნება. არსებითია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მ. წ-შვილზე ხელფასის სახით გადახდილ თანხას განიხილავს როგორც სწავლების პერიოდში მოპასუხეზე სწავლებისათვის დახარჯულ თანხად, აგრეთვე ზიანად, რომელიც მან გასწია მის მომზადებაზე.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო (პროფესიულ) პირობებსა და კადრის სამხედრო სამსახურს.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართვლოს კანონის პირველი მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ... რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში ან სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში.
სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მ. წ-შვილი იმყოფებოდა რა ვადიან საკონტრაქტო სამსახურში, იმავდროულად წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ყველა ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დებულებანი, რომლებიც შეეხება სამხედრო მოსამსახურეს, პირის სამხედრო სამსახურში ყოფნას, სამხედრო სამსახურის გავლას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. უდავოა, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები; ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ხელშეკრულების დადების მომენტიდან ხელშეკრულების შეწყვეტის დროის შუალედში მოპასუხე მხარე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი იღებდა რა ამ შესრულებას, საპასუხოდ გასცემდა შესრულებული სამუშაოს ადეკვატურ შრომით ანაზღაურებას _ ხელფასს, რითაც ახორციელებდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრებიდან ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოს მითითებით, 2004 წლის 15 იანვარს დადებული ხელშეკრულების მხარეები არ შეთანხმებულან გადახდილი ხელფასის გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების, უკან დაბრუნების ვალდებულებებზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი 2004 წლის 15 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვოს ისეთი ვალდებულების შესრულება, რაც არ ყოფილა შეთანხმებული ხელშეკრულებით და რაც თავისი არსით კანონსაწინააღმდეგოა. პირიქით _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზემოხსენებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1 პუნქტის საფუძველზე იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს მ. წ-შვილს ხელფასი და უზრუნველყოს ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, მათ შორის ვალდებულებით გასწიოს მისი (სამხედრო პირის) კმაყოფის ყველა ხარჯი; მოსარჩელე არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მ. წ-შვილმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი შრომითი ვალდებულებები, რომ მან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიიღო შრომის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, თუ ერთ_ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მხარეებს უბრუნდებათ მიღებული შესრულება და სარგებელი, თუ ხელშეკრულების შესრულების ერთი მხარე ითხოვს მეორე მხარისგან სარგებლის დაბრუნებას, იგი ვალდებულია დაუბრუნოს ხელშეკრულების მეორე მხარეს მიღებული შესრულება. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელფასის უკან დაბრუნება, სწორედ იმ მოტივით, რომ ხელფასი არ წარმოადგენს არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეულ ზიანს და არც სამხედრო მოსამსახურის სწავლებაზე გაწეულ ხარჯს. სასამართლოს განმარტებით, სამხედრო მოსამსახურის სწავლებისათვის გაწეული ხარჯი ეს არის ფულადი სახსრები, რომელიც უნდა მოხმარდეს მოსამსახურის ფიზიკური და ინტელექტუალური წვრთნის პროცესში ადამიანური და მატერიალური რესურსის გამოყენებას, კერძოდ, ინსტრუქტორების მასწავლებლების დაქირავებისთვის გაწეული ხარჯი, ვარჯიშის დროს გახარჯული ტყვია-წამლის, ტრანსპორტირების ხარჯი, ნებისმიერი სახის ხარჯი, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული სამხედრო პირთა სწავლების პროცესის ორგანიზებასა და განხორციელებასთან; მოსარჩელე მხარეს დავის განხილვისას არა თუ არ წარმოუდგენია ასეთი ტიპის რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, მან სარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა ისეთი გარემოებანი, როგორიცაა ხელფასის ხარჯის გაწევის გარემოება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით, მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს; დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ხელშეკრულების დადების მომენტიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე დროის შუალედში მოპასუხე მ. წ-შვილი ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი იღებდა რა ამ შესრულებას, საპასუხოდ გასცემდა შესრულებული სამუშაოს ადეკვატურ შრომით ანაზღაურებას _ ხელფასს. ხელფასი არ წარმოადგენს არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეულ ზიანს და არც სამხედრო მოსამსახურის სწავლებაზე გაწეულ ხარჯს, რის გამოც დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურეზე გაცემულ ხელფასზე დახარჯული თანხები მიჩნეულ იქნეს სწავლებისათვის დახარჯულ თანხად.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ხელშეკრულების 7.1 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს არა სწავლებაზე (ან სწავლის ღირებულება) დახარჯული თანხა (როგორც სასამართლომ განმარტა), არამედ სწავლების პერიოდში (3 თვე) მასზე დახარჯული თანხა, რასაც ბუნებრივია სხვა თანხებთან ერთად, შეადგენს მასზე დახარჯული ხელფასისა და კვების თანხა, რომელიც ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივნისის ¹274 ბრძანებულებით განსაზღვრული ოდენობაა.
შესაბამისად, სასამართლო გასცდა მხარეთა სახელშეკრულებო ნებას, რომლის მიხდევითაც, კონტრაქტის პირობების დარვევისათვის, მხარის ფულადი პასუხისმგებლობა განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების გარკვეული დორის პერიოდში (ამ შემთხვევაში პირველი სამი თვის განმავლობაში) მასზე დახარჯული ყოველგავრი თანხის ოდენობით, რომელთა რიცხვს განეკუთვნება სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხაც.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი გარემოებანი სრულ წინააღმდეგობაშია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნებთან, ვინაიდან, სწორედ იმ შემთხევევაში თუ სამხედრო მოსამსახურე ვადამდე შეწყვეტს კონტრაქტს, ვალდებულია აანაზღაუროს მასზე დახარჯული თანხა. რის გამოც სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელის კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე არ აქვს მოთხოვნის უფლება არამართებულია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. წ-შვილისათვის ხელფასის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მ. წ-შვილისათვის კვების კომპენსაციის – 286.5 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ხელშეკრულების შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
საკასაციო სასამართლო ეთნახმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების შესახებ წარმოდგენილი მოტივაციის მართებულობას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდქსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹2427 ბრძანებით მ. წ-შვილი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელფასის თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება სასურსათო ულუფას (286,5 ლარი), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვს კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფიდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. წ-შვილისათვის კვების კომპენსაციის – 286,5 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მ. წ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის _ 286.5 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.