ბს-342-331(კ-10) 20 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნიკოლოზ მარგველაშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – ს. ზ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერია; თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულო
დავის საგანი – შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2010წ. გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2010წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ზ-შვილმა 23.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიისა და თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ, რომლითაც თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანებისა და თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 24.06.09წ. ¹229 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.10.08წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 20.04.07წ. ¹838 “კ” ბრძანება ს. ზ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მერიას დაევალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ზ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ქუთაისის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგადაც ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანების საფუძველზე ს. ზ-შვილი 2007 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლდა მერიის ... საქალაქო სამსახურის ... თანამდებობიდან. აღნიშნული ბრაძანება გასაჩივრდა თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოში, რომლის 24.06.09წ. ¹229 განკარგულებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელის მითითებით, ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანება და ქ. ქუთაისის საკრებულოს 24.06.09წ. ¹229 განკარგულება ეწინააღმდეგება კანონს და ლახავს მის უფლებებს. დარღვეულია მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. კერძოდ, მოპასუხის მიერ დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და 97-ე მუხლების, სზაკ-ის მე-6, მე-7 და 53.4 მუხლებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.10.08წ. გადაწყვეტილების მოთხოვნები. სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან ს. ზ-შვილის აზრით მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას სათანადო შეფასება არ მიეცა მისი პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურომის ხარისხს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.10.09წ. გადაწყვეტილებით ს. ზ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანება, ქ. ქუთაისის საკრებულოს 24.06.09წ. ¹229 განკარგულება; ქ. ქუთაისის მერს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ზ-შვილის მერიის ... საქალაქო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დარჩენილ თანამშრომლებთან შედარებით უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ... ორი შტატი არ შემცირებულა, 2008 წლის მდგომარეობით არის ... ერთი შტატი, მეორე შტატს შეეცვალა სახელწოდება და ნაცვლად ... დაერქვა .... მერის სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას იმისა, თუ რა გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, სზაკ-ის 53.1 მუხლის თანახმად აქტი წერილობით დასაბუთებას უნდა შეიცავდეს, ხოლო თუ ორგანო აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას.
ქ. ქუთაისის საკრებულოს ¹229 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ საკრებულო არ წარმოადგენს მერიის ზემდგომ ორგანოს და მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მერის ბრძანება გაესაჩივრებინა პირდაპირ სასამართლოში. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - განაცდურის, ხელფასის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.10.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და ქ. ქუთაისის საკრებულომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2010წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.10.09წ. გადაწყვეტილება და ს. ზ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერის 04.01.07წ. ¹47 ბრძანებით ს. ზ-შვილი დაინიშნა მერიის ...-საქალაქო სამსახურის ... სამთვიანი საგამოცდო ვადით – 2007 წლის 03 იანვრიდან – 03 აპრილამდე. ქ. ქუთაისის მერის 26.01.07წ. ¹30 ბრძანებით ცვლილება-დამატებები იქნა შეტანილი საშტატო განრიგში, მერის 18.04.07წ. ¹351 ბრძანებით დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, რის შედეგადაც ... საშტატო ერთეულების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. 20.04.07წ. ¹838 ბრძანებით ს. ზ-შვილი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.3, 108-ე, 109-ე მუხლების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.10.08წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ს. ზ-შვილის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 20.04.07წ. ბრძანება კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით იქნა გამოცემული, რის გამოც მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი აქტის გამოცემისას მერიის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მსჯელობის საგნად იქცა ... სამსახურში დასაქმებული თითოეული მოხელის კვალიფიკაცია, პროფესიული ჩვევებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან და მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანების სახით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო დოკუმენტების შესწავლით დადასტურდა, რომ მერიის ... საქალაქო სამსახურში შტატების შემცირებისას ს. ზ-შვილთან შედარებით სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით ისარგებლეს მოხელეებმა კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და პიროვნული უნარ-ჩვევების გათვალისწინების შედეგად. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე-97-ე მუხლები უშვებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, უფლებას ანიჭებს დაწესებულების ადმინისტრაციას გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემამდე შეაფასოს მოხელის პროფესიონალიზმი და პიროვნული მახასიათებლები და მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოხელის სამუშაოზე დატოვების შესახებ, რომლის კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ-ჩვევები შეესაბამება სამსახურის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს კონტროლი დაწესებულებათა გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება ამ გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობაზე. კვალიფიკაციის დონის და სპეციალობის გათვალისწინებით ცალკეულ მუშაკთა სამუშაოზე დატოვების საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციის დისკრეციის სფეროს. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სხვა (სამუშაოზე დარჩენილ) მოხელეთა კვალიფიკაციის საკითხზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 38.8 მუხლის, 39.4 მუხლის “გ” ქვეპუნქტი გამორიცხავს თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს (თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს) რაიმე სახის კონტროლს თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირის (ქალაქის მერის) მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” ორგანული კანონის საფუძველზე გამოცემულ აქტებზე. ამდენად, საკრებულოს 24.06.09წ. ¹229 განკარგულება დაინტერესებული პირის მიმართ არ წარმოშობს იურიდიული ძალის მქონე შედეგს და მისი ბათილობის შესახებ მოთხოვნა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით გამოცემული აქტი საჩივრის ერთჯერადი წარდგენის გარეშე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულომ არსებითად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, იმსჯელა ს. ზ-შვილის საჩივარზე და არ განუმარტა მას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის დარღვევით წარდგენილი სარჩელი დასაშვებია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2010წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ზ-შვილის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, უსაფუძვლოდ უარყო მის მიერ წარდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კასატორი უთითებს, რომ უსაფუძვლოდ მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, ვინაიდან შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არასწორად მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის გამოყენება. ამასთანავე, დარღვეულია აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლომ უნდა დაადგინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება და გაითვალისწინოს სზაკ-ის 53.4 მუხლის მოთხოვნები. ასევე, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისის მერს არ ჰქონდა უფლება 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანებით ს. ზ-შვილი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა 2007 წლის 20 აპრილიდან, მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი ს. ზ-შვილი, დაბადებული 31.08.58წ., არის საშუალო სპეციალური განათლების მქონე, ... აღრიცხვის სპეციალობით, ს. ზ-შვილი 1978-2007 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურში. ქ. ქუთაისის მერის 26.01.07წ. ¹30 ბრძანებით ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი “თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების (მერიის აპარატისა და საქალაქო სამსახურის) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” ქ. ქუთაისის მერის 29.12.06წ. ¹623 ბრძანების ¹11 დანართში. ამასთანავე, ქ. ქუთაისის მერის 18.04.07წ. ¹351 ბრძანებით დამტკიცდა თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების (მერიის აპარატისა და საქალაქო სამსახურის) საშტატო განრიგი და ქ. ქუთაისის მერის 29.12.06წ. ¹623 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ... საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა 6 ერთეულით.
ქ. ქუთაისის მერის 20.04.07წ. ¹838 ბრძანებით, კასატორი ს. ზ-შვილი ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურის ... თანამდებობიდან გათავისუფლდა 2007 წლის 20 აპრილიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 108-ე, 109-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.10.08წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი აქტი. ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანების საფუძველზე, ს. ზ-შვილი 2007 წლის 20 აპრილიდან ხელმეორედ გათავისუფლდა თანამდებობიდან.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2010წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. ზ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა 20.04.07წ. _ 06.04.09წ. პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლოს არ მოყავს არც ერთი არგუმენტი შრომითი გასამრჯელოს გაცემაზე უართან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილთან დაკავშირებით სახეზეა 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შემთხვევა, გადაწყვეტილების დასაბუთება ამ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ამასთანავე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. ქ. ქუთაისის მერის 20.04.07წ. ¹838 “კ” ბრძანება, რომელიც გახდა ს. ზ-შვილისათვის სამსახურიდან გათავისუფლებისა და შესაბამისად, ხელფასის შეწყვეტის საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 20.10.08წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მერიას დაევალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ს. ზ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. Mმიუხედავად ამისა, სადავო აქტი იძულებითი განაცდურის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით რაიმე მითითებას არ შეიცავს და ს. ზ-შვილს თანამდებობიდან ათავისუფლებს არა სადავო ბრძანების გამოცემის, არამედ თავდაპირველი, ბათილად ცნობილი აქტის გამოცემის რიცხვიდან, ამასთანავე სასამართლო არ ასაბუთებს სადავო აქტისათვის რეტროაქტიული ძალის მინიჭების კანონიერებას. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისის მერის 20.04.07წ. ¹838 “კ” ბრძანება არ წარმოადგენს ს. ზ-შვილის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად, შრომითი გასამრჯელოს გაუცემლობის პირობას, ვინაიდან, ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება და შესაბამისი ბრძანება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას, ამასთანავე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლების დადგენა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. ზ-შვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ქ. ქუთაისის მერის 20.04.07წ. ¹838 “კ” ბრძანების ბათილად ცნობა წარმოშობს ადმინისტრაციის ვალდებულებას აღადგინოს ხსენებულ ბრძანებამდე არსებული მდგომარეობა. ამასთანავე, “საჯარო სამსასურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლი განსაზღვრავს მოთხოვნის უფლებას სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის საფუძველზე 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანების გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხზე.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. აღნიშნული არ გამორიცხავდა სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული რესურსის ამოწურვის, მერის სადავო აქტთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებულო არ იყო უფლებამოსილი განეხილა ს. ზ-შვილის საჩივარი, ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა წინააღმდეგობრივ პოზიციას ავლენს, ერთის მხრივ უთითებს საკრებულოს კომპეტენციის არარსებობაზე განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო მეორეს მხრივ ძალაში ტოვებს საკრებულოს აქტს, რომლითაც უარი ეთქვა ს. ზ-შვილს მერის სადავო აქტის გაუქმებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 44.4 მუხლის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტების შეჩერებისა და გაუქმების უფლება აქვს საკრებულოს. საკრებულოს აღნიშნული უფლებამოსილება თავისთავად გულისხმობს საკრებულოს უფლებამოსილებას განიხილოს მერიის გადაწყვეტილების მიმართ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. ამასთანავე, ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანებით ს. ზ-შვილს განემარტა ბრძანების ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ქუთაისის საკრებულომ არსებითად იმსჯელა ს. ზ-შვილის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე, რომელიც არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით. ამდენად, ს. ზ-შვილს გააჩნდა სარჩელის აღძვრამდე საკრებულოსადმი მიმართვის, ხოლო საკრებულოს ს. ზ-შვილის საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძველი, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან სარჩელი აღძრულია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად მართებულია სარჩელის დასაშვებად ცნობა და არსებითი განხილვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ზ-შვილი გათავისუფლდა ქ. ქუთაისის მერიის ... სამსახურის ... თანამდებობიდან შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების გამო. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას გაათავისუფლოს მოხელე დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ნორმა პირდაპირ არ უთითებს დისკრეციული უფლებამოსილების ტერმინს, ნორმის შინაარსი ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭებას. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მისი მიზნის შესაბამისად (სზაკ-ის 6.2 მუხ.). შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ მერის სადავო ბრძანებაში ს. ზ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სზაკ-ის მე-6 მუხლი (“დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი”).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციულ მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გაითვალისწინოს მიზანშეწონილობის, რაციონალობის ასპექტები. მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს ადმინისტრაციას უფლებამოსილებით გაათავისუფლოს სამსახურიდან მოხელე შემცირებასთან დაკავშირებით. ქ. ქუთაისის მერის 18.04.07წ. ¹351 ბრძანებით დამტკიცდა მერიის ... საქალაქო სამსახურის საშტატო განრიგი, ხსენებული ბრძანებით განისაზღვრა სამსახურის და არა მისი რომელიმე ჯგუფის საშტატო განრიგი, დამტკიცებული განრიგით დასტურდება რომ ... შტატი ექვსი ერთეულით შემცირდება. შტატების შემცირებისას ადმინისტრაციას შესაძლო მისაღები გადაწყვეტილებებიდან არ აურჩევია ისეთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონით არ იყო გათვალისწინებული, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ზ-შვილის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციას არ დაურღვევია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები, მაშასადამე სახეზე არ არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, არ დარღვეულა პროპორციულობის, თანასწორობის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეთათვის, მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად, საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპები, რომელთა დაცვა საჭიროა არა მხოლოდ კასატორის, არამედ ... სამსახურში დარჩენილი მოხელეების მიმართაც. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად ს. ზ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის მოთხოვნები, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისაღები გადაწყვეტილებისათვის საჭირო ფაქტების გამოკვლევა-შესწავლას, სადავო აქტში თითოეული კანდიდატის მონაცემების მიუთითებლობა თავისთავად არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული (სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწ.). საქმეში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს 20.10.08წ. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ქ. ქუთაისის მერიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, მოკვლეულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. საქმის მასალებში დაცული იურიდიული საქალაქო სამსახურის 03.04.09წ. დასკვნით დასტურდება, რომ შესწავლილ იქნა მერიის ... საქალაქო სამსახურის თანამშრომელთა, ... თანამდებობაზე დანიშნულ პირთა – მ. ბ-შვილის, მ. კ-შვილის, ბ. ს-ძის, ი. რ-ძის, ზ. მ-ძის, მ. ჭ-შვილის, მ. ს-ძის, ბ. კ-შვილის, მ. ს-შვილის, ვ. ა-შვილის პირადი საქმეები, რომელნიც დარჩნენ სამსახურში ს. ზ-შვილის გათავისუფლების შემდეგ. ადმინისტრაციული წარმოების სრულფასოვნად ჩატარებას ადასტურებს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგნად იქცა თითოეული მოხელის განათლების დონე, სპეციალობა, სტაჟი, დაკავებული თანამდებობა, მიეთითა შესაბამისი ბრძანებები თითოეული მოხელის სამსახურში დანიშვნის შესახებ. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ ყველა თანამშრომელს მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება, გარდა მოსარჩელის – ს. ზ-შვილისა და მ. ს-შვილისა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ზ-შვილს ეცნობა ქ. ქუთაისის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი, განემარტა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება, ასევე სზაკ-ის 86-ე, 87-ე, 96-ე, 98-ე მუხლებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი, იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ჩანიშნულ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია არ იყო შეზღუდული კვალიფიკაციის ისეთი გარეგნული ნიშნით, როგორიცაა სტაჟი, აღნიშნული მაჩვენებელი არ წარმოადგენს სამსახურში უპირატესი დარჩენის უპირობო კრიტერიუმს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნებოდა არა დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ სრული განსაზღვრულობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა მუშაკების სამსახურებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასება, თითოეული მუშაკის პროფესიონალიზმის, შრომითი უნარ-ჩვევების, კომპეტენტურობის, მიღებული განათლების, კარიერული ზრდის პერსპექტივის, კრეატიულობის, პირადი თვისებების, თანამშრომლობის უნარის, კოლეგიალობის, რეპუტაციის, სხვა გარემოებების გათვალისწინება და კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას სხვა პირებთან შედარებით გააჩნდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება, საკასაციო პალატა თვლის, რომ კადრების შემცირებისას ობიექტურად, ადეკვატურად შეფასდა თანამშრომელთა პროფესიული ჩვევები, სადავო გადაწყვეტილება არ დაფუძნებულა ისეთ გარემოებაზე, რომელიც არ იქნა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს (სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხ.). ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 20.10.08წ. გადაწყვეტილებით დავის გადაუწყვეტლად სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე “ს. ზ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ” მერის 20.04.07წ. ¹838 “კ” ბრძანების ბათილად ცნობა არ გამორიცხავდა საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ს. ზ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემას. შესაბამისად არ არსებობს ს. ზ-შვილის ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ქ. ქუთაისის მერიისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2010წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. ზ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის 20 აპრილიდან 2009 წლის 6 აპრილამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და შესაბამისად ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანების და თვითმმართველი ქალაქის ქ. ქუთაისის საკრებულოს 24.06.09წ. ¹229 განკარგულების იმ ნაწილში ბათილად ცნობაზე, რომლითაც ს. ზ-შვილი 2007 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლდა თანამდებობიდან. საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2010წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, კერძოდ სადავო აქტების – ქ. ქუთაისის მერის 06.04.09წ. ¹328 “კ” ბრძანების და თვითმმართველი ქალაქის ქ. ქუთაისის საკრებულოს 24.06.09წ. ¹229 განკარგულების დანარჩენ ნაწილებში ბათილად ცნობაზე, ს. ზ-შვილის ქ. ქუთაისის მერიის ... საქალაქო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ქ. ქუთაისის მერისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.