ბს-343-332(კ-10) 29 სექტემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. მარგველაშვილი
კასატორი _ მ. ბ-ძე;
მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ქედის სარეგისტრაციო სამსახური), წარმომადგენელი- ზ. ლ-შვილი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი _ საკუთრების უფლების აღიარება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 30 აპრილს ქედის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ბ-ძემ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 2 აპრილის ¹23/04-145 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ქედის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქედის რაიონის “...” უბანში მდებარე 5000კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მის საკუთრებაში დარეგისტრირების დავალდებულებას. მ. ბ-ძე სარჩელში მიუთითებდა, რომ 2009 წლის 27 მარტს მისმა წარმომადგენლმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ქედის რაიონი, სოფ. ..., ე. წ “...” უბანში. ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 2 აპრილის ¹23/04-145 გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ქედის სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობას ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება მ. ბ-ძისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ქედის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მ. ბ-ძის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და აღიარების საფასურის გადახდის შემდეგ, მოსარჩელისათვის ეღიარებინა საკუთრების უფლება სადაო ქედის რაიონის სოფ. ... ე.წ. “...” ტერიტორიაზე მდებარე 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე.
ქედის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქედის რაიონის სოფ. … კოლმეურნეობის 1992 წლის 10 მაისის რწმუნებულთა კრების დადგენილებით კოოპერატივ “...” დროებით სარგებლობაში გადაეცა 0.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც დამტკიცებულ იქნა ქედის რაიონის ადგილობრივი მმართველობის კაბინეტის 1992 წლის 30 სექტემბრის ¹118 გადაწყვეტილებით. ქედის რაიონის ადგილობრივი მმართველობის კაბინეტის 1992 წლის 30 სექტემბრის ¹120 გადაწყვეტილებით კოოპერატივ “...” ნება დაერთო გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა სამსართულიანი კაპიტალური შენობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესამაბისად, მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვება სუბიექტს- ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს მხოლოდ ამ კანონის ამოქმედებამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ კოოპერატივ ..., ხოლო შემდეგ მის უფლებამონაცვლეს, მ. ბ-ძეს სადავო ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1992 წლიდან, როდესაც მას კანონიერ სარგებლობაში გამოეყო 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ფაქტობრივად ფლობს, აშენებული აქვს კაპიტალური შენობები, რომლითაც სარგებლობს შეხედულებისამებრ.
სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მ. ბ-ძისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე 1992 წლიდან კანონიერად ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები წარმოადგენენ ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2009 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით ასკ-ის მე16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ ქედის რაიონის ადგილობრივი მმართველობის კაბინეტის 1992 წლის 30 სექტემბრის ¹118 გადაწყვეტილებით, რომლითაც დამტკიცდა ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1992 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, კოოპერატივის ხელმძღვანელობას დაევალა კოლმეურნეობისათვის ეხადა გამოყოფილი მიწის ფართის სარგებლობის საფასური, დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კოოპერატივს მიწა გამოეყო დროებითი სარგებლობისათვის, რისთვისაც ვალდებული იყო ეხადა კანონით დადგენილი გადასახადი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე და ამავე კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის 525-ე ბრძანებულების მე-2 მუხლის “გ” პუნქტში ჩამოთვლილია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკომენტები. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონმდებელი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებლად არ მიიჩნევს ისეთი სახის დოკუმენტებს, რომლითაც დაინტერესებულ პირს მიწით სარგებლობის უფლება ენიჭება დროებით. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის მიწის ფართზე საკუთრების უფლების მინიჭების საკითხს “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი არ არეგულირებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელე 1992 წლიდან მართლზომიერად ფლობს და სარგებლობს მოთხოვნილი მიწის ფართით, ვინაიდან “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტით, ამ კანონის ამოქმედებამდე მიწით სარგებლობის (გამოყოფის) გარდა სავალდებულოა ასევე ამ მიწის მართლზომიერი მფლობელობა დადასტურებული იყოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-2 მუხლის “გ” პუნქტით გათვალისწინებული დოკუმეტაციით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ქედის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომლითაც მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვება სუბიექტს- ფიზიკურ ანდა კერძო სამართლის იურიდიულ პირს მხოლოდ ამ კანონის ამოქმედებამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოცემული ნორმის საფუძველზე კოოპერატივ “...”, შემდეგ მის უფლებამონაცვლეს მ. ბ-ძეს სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1992 წლიდან, რის შემდეგაც დღემდე უწყვეტლივ ფლობს მას, აშენებული აქვს კაპიტალური შენობა-ნაგებობები და სარგებლობს შეხედულებისამებრ. მითითებული კანონმდებლობა მართლზომიერების დასადასტურებლად ჩამონათვალში “სხვა დოკუმენტსაც” ითვალისწინებს, რაც კასატორის მიერ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო სამსახურისათვის.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის არასწორად განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხება ორი სახის ურთიერთობას, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის თვითნებურად დაკავებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის მართლზომიერად დაკავების ფაქტს.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი” განსაზღვრავს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალს, რომელიც საჭიროა მიწის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დასადგენად. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს მიეკუთვნება _ ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის @48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის (კასატორის) მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტები ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში ვერ ხვდება, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, სასამართლო შეფასების საგნად იქცეს სწორედ ის გარემოება, ქედის რაიონის ადგილობრივი მმართველობის კაბინეტის 1992 წლის 30 სექტემბრის ¹118 გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა ... კოლმეურნეობის 1992 წლის 10 მაისის რწმუნებულთა კრების დადგენილება და კოოპერატივ ,,...” დროებით სარგებლობაში გადაეცა 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, მიეკუთვნება თუ არა იმ ,,სხვა დოკუმენტთა” რიცხვს, რომელზე მითითებასაც ზემოაღნიშნული მუხლი შეიცავს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.
ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, მიწის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დასადგენად, საკასაციო სასამართლო საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კოოპერატივი ,,...” თავის დროზე მიწას დაეუფლა მართლზომიერი საფუძვლით და აღნიშნულზე ამჟამად, ა. ბ-ძის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე, მფლობელობას განაგრძობს მ. ბ-ძე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელია მეორე გარემოების არსებობაც – ე.წ. ,,ლეგალიზაციის” მოთხოვნის მომენტისათვის _ პირი მიწის ნაკვეთით უნდა სარგებლობდეს მართლზომიერად.
ქედის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის კაბინეტის 1992 წლის 30 სექტემბრის ¹118 დადგენილებაში საუბარია ,,დროებით სარგებლობაში გადაცემასა” და ,,საფასურის გადახდის” საჭიროებაზე. საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს იმის თაობაზე, რომ კოოპერატივი ,,...” იხდიდა გადასახადს და შესაბამისად, ნივთის ფლობას განაგრძობდა მართლზომიერი საფუძვლით. საქმეში ასევე წარმოდგენილი არ არის სამართლებრივი ხასიათის აქტი, რომელიც დაადგენდა კოოპერატივი ,,...” მიერ შენობის აშენების ფაქტს, შენობა რეგისტრირებული არ არის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, არ არსებობს მშენებლობის ნებართვა და/ან პროექტი, არ არის წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი (საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი შედგენილია 2007 წლის 20 დეკემბერს, ანუ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდგომ), შენობა არ ირიცხება კოოპერატივის ბალანსზე. საგულისხმოა, რომ მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა, კასატორის წარმომადგენლის მიერ მითითებული ვერ იქნა ვერცერთი აღნიშნული აქტის არსებობის ან მოძიების შესაძლებლობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს რა ფაქტს იმის თაობაზე, რომ კოოპერატივი ,,...” (შესაბამისად მისი უფლებამონაცვლე) თავის დროზე სამართლებრივი საფუძვლით დაეუფლა მიწის ნაკვეთს, მაგრამ თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ კოოპერატივი ,,...” (შესაბამისად მისი უფლებამონაცვლე) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამართლებრივი საფუძვლით განაგრძობდა მიწის ნაკვეთით სარგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქედის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის კაბინეტის 1992 წლის 30 სექტემბრის ¹118 დადგენილება ვერ მიიჩნევა იმ სახის ,,სხვა დოკუმენტად” რომელიც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, კასატორს მისცემს უფლებას მიწაზე და შენობა-ნაგებობებზე მოითხოვოს საკუთრება როგორც მართლზომიერმა მფლობელმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.