ბს-344-333(კ-10) 26 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ც. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. ქ. ქუთაისის მერია; 2. ქ. ქუთაისის საკრებულო (მოპასუხეები); 3. გ. გ-ძე (მესამე პირი)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 30 აპრილს ც. კ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის მშენებლობის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებისა და პროექტის დამტკიცების შესახებ ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიას ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის მშენებლობის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ, რომელიც განხილულ იქნა 2008 წლის 26 მარტს და ქუთაისის მერიის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, მაგრამ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის განკარგულებით უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია “ნაკვეთების საზღვრების, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹57 ბრძანება, ასევე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მე-3, მე-8 და მე-10 პუნქტები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები /იხ. ს.ფ. 1-12; ტ.I/.
საქალაქო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში ც. კ-ძემ მესამე პირად მიუთითა გ. გ-ძე და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანების, ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის ¹203 განკარგულების და ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანებით დამტკიცებული ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის მშენებლობის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შესაბამისად დამტკიცებული პროექტის ბათილად ცნობა /იხ. ს.ფ. 33-45; ტ.I/.
საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ _ ქ. ქუთაისის საკრებულომ არ ცნო ც. კ-ძის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 81-88; ტ.I/.
საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ _ ქ. ქუთაისის მერიამ არ ცნო ც. კ-ძის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 161-169; ტ.I/.
საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ასევე არ ცნო სარჩელი მესამე პირმა _ გ. გ-ძემ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 198-203; ტ.I/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ც. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება. აღნიშნული ბრძანების გაცემის მოთხოვნით ქ. ქუთაისის მერს 2008 წლის 7 მაისს ¹გ-516 წერილით მიმართა ქ. ქუთაისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა. წერილში აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისის მერიაში 2008 წლის 8 აპრილის განცხადებით, ... ქ. ¹13-ში გ. გ-ძე ითხოვს საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის მშენებლობის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების დამტკიცებას. საკითხი შესწავლილ იქნა ადგილზე გასვლით. 2008 წლის 26 მარტს არქიტექტურის საქალაქო სამსახურში შედგა სხდომა, სადაც მიწვეულ იქნენ გ. გ-ძე, ც. კ-ძე და დაინტერესებული პირები. მხარეებს განემარტათ, რომ კანონმდებლობით შესაძლებელია მეორე სართულზე მეტრნახევრით დაშორდეს საზღვრიდან კედელი და ამოყვანილ იქნეს ყრუ კედელი ისე, რომ ატმოსფერული ნალექები არ გადავიდეს მეზობლის ნაკვეთში. არქიტექტურის საქალაქო სამსახურს შესაძლებლად მიაჩნდა გ. გ-ძის თხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნული დასტურდება ამ საკითხთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ 2008 წლის 26 მარტის სხდომის ¹1 ოქმით.
სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელში მითითებული გარემოება პროექტის შედგენისას არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების დამტკიცების მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, რაც ზიანს აყენებს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ბუნებრივ განათებას. სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 15 ივლისის ¹2208 და ამავე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 3 იანვრის ¹კ-2823/18 დასკვნების საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნით ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის ¹203 განკარგულების გამოცემისას დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე, 179-ე, 195-ე და 201-ე მუხლების მოთხოვნები და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5, მე-601, 96-ე და 179-ე მუხლების დარღვევაზე მოსარჩელის მითითება. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები დაცულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას /იხ. ს.ფ.41-44; ტ.I/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
2004-2007 წლებში სასამართლომ გადაწყვიტა ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹13-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მშენებლობასთან დაკავშირებული დავა. 2007 წლის ოქტომბერში განხორციელდა გ. გ-ძის მიერ 2004 წელს საცხოვრებელ სახლზე წარმოებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და სახლის ფასადი მოვიდა პირვანდელ მდგომარეობაში. 2008 წლის 4 თებერვალს, როცა გ. გ-ძემ ქუთაისის მერიაში მოითხოვა საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შეთანხმება, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსს მიეცა თანხმობა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების შეთანხმების შესახებ და აღნიშნული დაემტკიცებინა თავისი ბრძანებით ქ. ქუთაისის მერს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტმა საცხოვრებელი სახლის შესახებ ¹123/15-2008 დასკვნა შეასრულა ბინის მესაკუთრის შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე, არ შეამოწმა ბინა ადგილზე, არ უწარმოებია აზომვითი სამუშაოები, რის გამოც დასკვნა არასრულია.
აპელანტის მითითებით, ქ. ქუთაისის მერმა არ შეაფასა 2008 წლის 23 მაისის გ-516 წერილი “ექსპერტის დასკვნის წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების შესახებ” და 2008 წლის 11 ივნისს ¹1319 ბრძანებით დაამტკიცა მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება. ამასთან, ადგილზე დათვალიერება სასამართლომ აწარმოა საპროცესო ნორმების დარღვევით. დათვალიერებაზე სასამართლომ არ მოიწვია სპეციალისტი, ექსპერტი, რომელიც მას დაეხმარებოდა საქმის არსებითად გადაწყვეტაში /იხ. ს.ფ. 47-58; ტ.II/.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით ც. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ქ. ქუთაისის მერიის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანებით “ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე, მოქალაქე გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ” დამტკიცდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე, მოქ. გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის ¹202 განკარგულებით ც. კ-ძის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 14 აპრილის ¹536 ბრძანებით შეთანხმდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დოკუმენტის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის 2008 წლის 15 ივლისის ¹123/15-2008 ექსპერტიზის დასკვნით: “ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის მოწყობისას, თუ მიშენება ნაწარმოები იქნა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე, ეს მიშენება ც. კ-ძის სახლის ინსოლაციას არ გააუარესებს”. ამავე პროექტის 2009 წლის 30 ნოემბრის ¹5127/15-2009 ექსპერტიზის დასკვნით: “1. ა) ც. კ-ძის სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადთან მდებარე სათავსოების ინსოლაციის კოეფიციენტი ნორმატიულზე ნაკლებია და შეადგენს 0,12-ს. სახლის ინსოლაცია მთლიანობაში 2008 წლის 10 სექტემბრამდე არსებულ ნორმებს აკმაყოფილებს. 2008 წლის 10 სექტემბრამდე არსებული ნორმების მიხედვით (საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის ბრძანება ¹59, დანართი 3, ცხრილი 10, შენიშვნა) ინსოლაციის კოეფიციენტი ნორმირებული მნიშვნელობით უზრუნველყოფას 6-10 ოთახიან ბინებში ექვემდებარება 3 ოთახი. ინსოლაციის დასაშვები ნორმა აკმაყოფილებს სახლის ოთხ სათავსოს. ბ) ბუნებრივი განათება ჩრდილო-აღმასავლეთი ფასადი პირველი სართულის ოთახისათვის საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება ¹59-ში მოცემულ ნორმას არ აკმაყოფილებს, რადგან ფანჯრიდან ხილული სივრცე მთლიანად დაჩრდილულია. ამავე ფასადის მეორე სართულის სათავსოსათვის განათების კოეფიციენტი ნორმის ფარგლებშია. დანარჩენი ფასადებისათვის ბუნებრივი განათება ნორმების ფარგლებშია. გ) სანიტარული ნორმა ქალაქმშენებლობის ობიექტებისათვის მოიცავს ბუნებრივი განათებისა და ინსოლაციის უზრუნველყოფას. დ) ნორმების მიხედვით მესამე კატეგორიის დამხმარე სათავსოსა და მეორე კატეგორიის საცხოვრებელ სახლს შორის დაშორება არ უნდა იყოს 6,5 მ-ზე ნაკლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახანძრო ნორმა ირღვევა, როგორც ც. კ-ძის სახლის ჩრდილო-დასავლეთ ფასადის წინ მდებარე დამხმარე სათავსოთი საცხოვრებელი სახლის მიმართ, ასევე გ. გ-ძის მიერ განხორციელებული მიშენებით ზემოაღნიშნული დამხმარე სათავსოს მიმართ.
სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2009 წლის 8 დეკებრის ¹9045/04/18 ექსპერტიზის დასკვნით: 1. შპს “...-ის” მიერ დამუშავებული ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც შეთანხმებულ იქნა ქ. ქუთაისის მერის 14.04.2009 წლის ¹536 ბრძანებით და რომლის საფუძველზეც გაცემულია 15.04.2009წ. მშენებლობის სანებართვო მოწმობა ¹001039 შედგენილია დღეისათვის საქართველოში მოქმედი სამშენებლო ტექნიკური ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა ი. ბ-ძემ განმარტა, რომ “ინსოლაცია გულისხმობს მთელ სახლს, არ არის აუცილებელი ყველა ოთახს ჰქონდეს ინსოლაცია. სახლს სამხრეთის მხრიდან ენათება მზის შუქი და ინსოლაცია აკმაყოფილებდა მთელი სახლის ინსოლაციას. ც. კ-ძის სახლი რჩება საერთო ინსოლაციის ნორმებში. სამი ოთახიდან თუ ერთ-ერთი აკმაყოფილებს ინსოლაციას – ნორმა დაცულია. მან ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროს ადგილზე არ გასულა, რადგან იცოდა ამ სახლის შესახებ და მის ხელთ არსებული მასალები იძლეოდა დასკვნის გაკეთების საშუალებას. ექსპერტიზის ჩატარების დროს ისინი არ იწვევდნენ მხარეს, დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ დანერგეს პრაქტიკაში მხარეთა მოწვევა, რადგან გაჩნდა ამის თაობაზე პრეტენზიები. ექსპერტ პ. გ-ძის დაკითხვით გაირკვა, რომ ც. კ-ძის სახლთან მიმართებაში შეინიშნება ინსოლაციის კლება, თუმცა საერთო ნორმებს აკმაყოფილებს, ბუნებრივი განათება ც. კ-ძის სახლის პირველი სართულის ოთახში მშენებლობის არარსებობითაც ნორმის ქვემოთაა, მაგრამ მშენებლობას ნულზე დაჰყავს ბუნებრივი განათება, ხოლო სახლის მეორე სართულზე ბუნებრივი განათება ნორმის ფარგლებშია. მან ასევე განმარტა, რომ მისი და ი. ბ-ძის დასკვნები მთლიანობაში ერთნაირია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 3 იანვრის ¹კ-2823/18 ექსპერტის დასკვნით ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მცხოვრები გ. გ-ძის საცხოვრებელ სახლზე მიშენების პროექტი შპს “...-ის” მიერ შედგენილია დღეისათვის მოქმედი სამშენებლო-ტექნიკური ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით”. შპს “...” 2008 წლის 1 აგვისტოს საექსპერტო დასკვნაში “ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში საცხოვრებელ სახლზე მიშენება-რეკონსტრუქციის პროექტში ქალაქგეგმარებითი ნორმების მოთხოვნათა დაცულობის შესახებ” აღნიშნულია, რომ “პროექტი სრულად აღჭურვილია სანებართვო დოკუმენტაციით: პროექტს ჩატარებული აქვს ახალი (მშენებლობის შედეგად მოსალოდნელი ახალი სივრცობრივი გარემოს მეზობლის სახლის გათვალისწინებით) ინსოლირების პირობების ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს, რომ მეზობლის სახლის ინსოლაციის პირობები არ უარესდება; ახალი ნაგებობა (მიშენება) განთავსებულია მინაშენის ნაკვეთზე სამეზობლო მშენებლობის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით; ა) ნაკვეთის საზღვარზე აშენებული კედელი არის სრულიად ყრუ, ყოველგვარი ღიობებისა და ხვრეტების გარეშე. მიუხედავად ამისა, რომ ამდაგვარი ყრუ კედლის განთავსება წესის მიხედვით დასაშვებია უშუალოდ ნაკვეთების საზღვარზე, პროექტით გათვალისწინებულია მისი 1,5 მეტრით დაშორება საზღვრისაგან მეორე სართულის დონეზე, რაც ზრდის მეზობლის ეზოს სივრცეს და აერაციის დამატებით შეღავათს იძლევა; ბ) განთავსებულია ატმოსფერული ნალექების არიდება მეზობლის ნაკვეთისაგან მოწყობილია პარაპეტი ნაკვეთების საზღვარზე და ნალექები, პროექტის თანახმად, მიედინება მენაშენის ტერიტორიაზე. ვინაიდან საზღვრის გასწვრივ, ახალი მიშენების ფარგლებში, მეზობლის მხრიდან არავითარი ნაგებობა არ დგას, სახანძრო ნორმების დაცულობა უზრუნველყოფილია. იმ შემთვევაში, თუ მეზობელი სამომავლოდ გადაწყვეტს თავის ნაკვეთზე სახლის აგებას ნაკვეთის მიჯნაზე, მას არავითარი ნორმატიული შეზღუდვა არ შეექმნება ნაკვეთების საზღვარზე და საზღვრებთან მშენებლობის წესის მხრიდან. ამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საექსპერტოდ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განხორციელებული მშენებლობა არ დაარღვევს მეზობელი ნაკვეთის მფლობელის ნორმებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ პირობებს და არ შეზღუდავს მისი ნაკვეთის სავარაუდო სამშენებლო განვითარების შესაძლებლობას ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს, მრავალრიცხოვანი ექსპერტების დასკვნებით თუ მიშენება-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით განხორციელდება, ც. Kკ-ძეს ზიანი არ მიადგება.
საქმის მასალების მიხედვით, ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საქალაქო სამსახურში 2008 წლის 26 მარტს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მხარეთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით განხილულ იქნა საკითხი: “მოქალაქე გ. გ-ძის მცხ. ... ქ. ¹13-ში საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია-მიშენების არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების თაობაზე”, რა დროსაც მხარეებს განემარტათ, რომ შესაძლებელია მეორე სართულზე მეტრანახევრით დაშორდეს საზღვრიდან კედელი და ამოყვანილ იქნეს ყრუ კედელი ისე, რომ ატმოსფერული ნალექები გადავიდეს მეზობლის ნაკვეთში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ არ არსებობდა ც. კ-ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები /იხ. ს.ფ. 208-223; ტ.II/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განჩინების მიღებისას დაარღვია საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმები, სწორი იურიდიული შეფასება არ მისცა საქმის მასალებს და არ გამოიკვლია სრულყოფილად.
2004 წელს გ. გ-ძემ კასატორის გარეშე საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე აწარმოა უკანონო-უნებართვო “კაპიტალური აივნის” მშენებლობა ყოველგვარი იურიდიული საბუთების შედგენის გარეშე, რაზედაც იმ დროს მოქმედმა იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ადგილზე დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად შეადგინეს ადგილზე დათვალიერების ოქმი. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ” 2004 წლის 7 სექტემბერს, ხოლო 2004 წლის 23 სექტემბერს იმერეთის რეგიონალურმა არქმშენინსპექციამ მიიღო დადგენილება ¹68, რომლის თანახმად, უნდა მომხდარიყო გ. გ-ძის მიერ კანონმდებლობის დარღვევით საცხოვრებელი სახლის ფასადზე ნაწარმოები უკანონო უნებართვო “კაპიტალური აივნის” დანგრევა (დემონტაჟი) და სახლის ფასადი მოყვანილი ყოფილიყო პირვანდელ მდგომარეობაში. 2004 წლის 7 ოქტომბერს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა კასატორის საცხოვრებელი ბინის მონახევრემ გ. გ-ძემ და მოითხოვა 2004 წლის 23 სექტემბრის იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის დადგენილების ბათილად ცნობა, მაგრამ სასამართლომ (სამივე ინსტანციამ) ძალაში დატოვა იმერეთის რეგიონალური არქმშენისპექციის 2004 წლის 23 სექტემბრის დადგენილება ¹68 გ. გ-ძის მიერ 2004 წლის ნაწარმოები “კაპიტალური აივნის” მშენებლობის დემონტაჟის განხორციელებისა და საცხოვრებელი სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მოთხოვნით, რასაც შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლომ.
კასატორის მოსაზრებით, სადავო ბრძანების გამოტანისას დარღვეულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბ¹57 ბრძანება, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ /ხის.ფ. 231-240/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განჩინებით ც. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო. საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც მათ მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზიები, კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 1 ივნისის ¹1319 ბრძანებით სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი “მშენებლობის ნებართვის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონის მე-5 მუხლის “ა” პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, დამტკიცდა ქ, ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო აღნიშნული ბრძანების გაუქმების შესახებ ც. კ-ძის ადმინისტრაციული საჩივარი თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის ¹203 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 14 აპრილის ¹536 ბრძანებით შეთანხმდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დოკუმენტის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 11 ივნისის ¹1319 ბრძანების უკანონობისა და იმის თაობაზე, რომ გ. გ-ძემ საცხოვრებელი სახლის მონახევრესთან შეთანხმების გარეშე თვითნებურად განახორციელა მიშენება და აღნიშნულ მშენებლობაზე თანხმობის გაცემით დაირღვა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანება “ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცოხვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ”, რომელიც არეგულირებს სამეზობლო საზღვრის მხარეს საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების განთავსებასათან დაკავშირებულ საკითხებს.
საქმის მასალების თანახმად, ქ, ქუთაისში, ... ქ. ¹13-ში მდებარე გ. გ-ძის საცხოვრებელი სახლის მიშენება-რეკონსტრუქციის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების განხილვასთან დაკავშირებით ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის 2008 წლის 26 მარტის ¹1 ოქმის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობდა ც. კ-ძე და დაინტერესებული მხარე დ. ხ-იანი-გ-ძე, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ სადავო კედელი სამეზობლო საზღვრიდან დაშორებული უნდა ყოფილიყო 5 მეტრით, რათა არ დაბნელებულიყო საცოხვრებელი ოთახები (იხ. ს.ფ. 14-15; ტ.I). ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის სხდომაზე გადაწყდა, რომ სადავო კედლის დაშორება სამეზობლო საზღვრიდან მეორე სართულზე უნდა განსაზღვრულიყო მეტრნახევრით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია “ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების 3.2 მუხლის მოთხოვნის დარღვევას, რადგან მითითებული ნორმის თანახმად, ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვრიდან არანაკლებ 5 მეტრისა. ასეთ შემთხვევაში სამეზობლო მიჯნის მხარეს განთავსებულ კედელში შესაძლებელია ფანჯრებისა და სხვა სახის ღიობების მოწყობა. მითითებული ნორმა სამეზობლო საზღვრიდან 5-მეტრიან დაშორებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამეზობლო მიჯნის მხარეს განთავსებულ კედელში ხდება ფანჯრებისა და სხვა სახის ღიობების მოწყობა, რასაც კონკრეტულ სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით განისაზღვრა სამეზობლო საზღვარში ყრუ კედლის აშენება. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების 3.1 მუხლის შესაბამისად, ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთების საზღვარზე იმ პირობით, რომ აგებული კედელი მის გასწვრივ იქნება ღიობებისა და ყოველგვარი ხვრეტების გარეშე. საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 1 აგვისტოს ¹მემ-38 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნაკვეთის საზღვარზე აშენებული კედელი არის სრულიად ყრუ, ყოველგვარი ღიობებისა და ხვრეტების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ყრუ კედლის განთავსება დასაშვებია უშუალოდ ნაკვეთების საზღვარზე, პროექტით გათვალისწინებულია მისი მეტრნახევრით დაშორება საზღვრისაგან მეორე სართულის დონეზე, რაც ზრდის მეზობლის ეზოს სივრცესა და აერაციის დამატებით შეღავათს იძლევა (იხ. ს.ფ. 114-116; ტ.I).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულად არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტი 5-მეტრიანი დაშორების შესახებ და ამ ნაწილში სასამართლომ სსსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულების ძალა მიანიჭა მითითებულ საექსპერტო დასკვნას და არ გაიზიარა ც. კ-ძის მიერ წარდგენილი 2009 წლის 1 დეკემბრის ¹5127/15-2009 ექსპერტის დასკვნა, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, “იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს ც. კ-ძის სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი ფასადისა და მასთან არსებული უკანა ეზოს ინსოლაცია, ბუნებრივი განათებულობა, სანიტარული ნორმა, გ. გ-ძის ორსართულიანი მშენებლობის ჩრდილოეთი კედელის დაშორება სასაზღვრო მიჯნიდან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების შესაბამისად, შეადგენს 5 მეტრს” (იხ. ს.ფ. 133-141; ტ.II), რამდენადაც ექსპერტის დასკვნა ამ ნაწილში არ შეესაბამება მის მიერვე მითითებული ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას სადავო აქტების კანონშეუსაბამობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ გ. გ-ძის მიერ განხორციელებული მიშენება-რეკონსტრუქცია გამოიწვევს ც. კ-ძის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადის მხარეს გამავალი ფანჯრების დაჩრდილვას და დარღვეულია აღნიშნული ფანჯრებისა და საცხოვრებელი ოთახების ინსოლაცია და ბუნებრივი განათებულობა. კასატორის მითითებით, ც. კ-ძის სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული ფანჯრები სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია 35 სანტიმეტრით. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად ც. კ-ძის მიერ წარდგენილი 2009 წლის 30 ნოემბრის ¹5127/15-2009 საექსპერტო დასკვნის თანახმად, რომლის საფუძველზეც ითხოვდა აპელანტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ც. კ-ძის სახლის სათავსოებისათვის ინსოლაციის გაანგარიშებამ აჩვენა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთი ფასადის ინსოლაციის კოეფიციენტი გ. გ-ძის მიერ განხორციელებული მიშენების არსებობის გარეშეც 2008 წლის 10 სექტემბრამდე არსებულ ნორმებზე ნაკლები იყო, ხოლო ც. კ-ძის სახლის ინსოლაცია მთლიანობაში 2008 წლის 10 სექტემბრამდე მოქმედი ნორმების ფარგლებში იყო.
ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო მართებულად დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ ექპსერტიზის დასკვნებს და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას, მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული ექპსერტ პ. გ-ძის განმარტებით (რომელმაც შეადგინა 2009 წლის 30 ნოემბრის ¹5127/15-2009 დასკვნა), მთლიანობაში მის მიერ შედგენილი და საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 15 ივლისს ექსპერტ ი. ბ-ძის მიერ 2008 წლის 15 ივლისს შედგენილი ¹123/15-2008 დასკვნები ერთნაირი იყო (იხ. ს.ფ. 196; ტ.II).
გარდა აღნიშნულისა, იმ პირობებში, თუ გაზიარებული იქნება მოსაზრება, რომ ც. კ-ძის სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადის ინსოლაციის კოეფიციენტი გ. გ-ძის მიერ განხორციელებული მიშენების არსებობის გარეშეც ნორმაზე ნაკლებია, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების 3.4 მუხლის შესაბამისად, 1966 წლის 7 თებერვლის ¹08 გადაწყვეტილებისა და ამავე ბრძანებით დადგენილი წესების დარღვევით ფანჯრებისა და სხვა სახის ღიობების მოწყობა არ შეიძლება ჩაითვალოს დაბრკოლებად მეორე მეზობლის მიერ სამეზობლო საზღვართან განხორციელებული ახალი მშენებლობის დროს, ხოლო ამავე ბრძანების 3.6 მუხლის შესაბამისად, თუ ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც ფანჯრის ღიობები ან ნებისმიერი ხვრეტები მოწყობილი აქვს ამ წესების დარღვევით, არა აქვს უფლება მოითხოვოს მათ მიმართ ინსოლაციისა და ბუნებრივი პირობების განსაზღვრა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება გამოიტანა, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, სახეზე არ არის მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.