ბს-347-336(კ-10) 26 იანვარი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსაჩელეები) – ი. ლ-ძე, ნ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. ბათუმის მერია, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური
დავის საგანი – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების და ობიექტის დემონტაჟის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სახლის დემონტაჟის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.09წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ლ-ძემ და ნ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმებისა და ობიექტის დემონტაჟის შესახებ ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიერ 29.12.08წ. მიღებული ¹234/08 და ¹ 242-08 დადგენილებების, როგორც უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ბათილად ცნობა მოითხოვეს, მოსარჩელეებმა მოითხოვეს აგრეთვე მოპასუხის დავალდებულება «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის შესაბამისად, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, რათა დემონტაჟი გაუკეთდეს ქ. ბათუმში ლ. ასათიანის ქუჩა ¹13-ში მდებარე ორსართულიან სახლს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 22.02.08წ. ¹17 და ¹20 მიწერილობებით მოსარჩელეებს დაევალათ მიწერილობის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში ნებაყოფლობით მოეხდინათ ავარიული ობიექტის დემონტაჟი. 17.03.08წ. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ჩატარდა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოება, სადაც მოსარჩელეებს დაევალათ სამი დღის ვადაში გამხდარიყვნენ შენობის დემონტაჟის ნებართვის მაძიებელნი, ხოლო 31.03.08წ. ¹01-20/171 წერილით არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ მოსარჩელეებს და სხვა მობინადრეებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ნებართვის გაცემაზე. მათ განემარტათ, რომ დემონტაჟის ნებართვას მიიღებდნენ მას შემდეგ, რაც გაიცემოდა ამავე მისამართზე მშენებლობის ნებართვა.
ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 29.12.08წ. მიღებულ იქნა დადგენილებები ¹234/08 და ¹242/08 არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ, რომლებითაც ი. ლ-ძე და ნ. ს-ე, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით დაჯარიმდნენ 2000 ლარით და მათვე დაევალათ საკუთარი ხარჯებით შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. 22.01.09წ. მოსარჩელეებმა საჩივრით მიმართეს ქ. ბათუმის მერს და მოითხოვეს 29.12.09წ. ¹234/08 და ¹242/08 დადგენილებების ბათილად ცნობა. 15.04.09წ. ¹268 ბრძანებით ქ. ბათუმის მერიის მიერ მათ უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ზემოაღნიშნული 15.04.09წ. ¹268 ბრძანება და ზედამხედველობის სამსახურის 29.12.08წ. ¹234/08 და ¹242/08 დადგენილებები უკანონო იყო მათ ნაწილში და ისინი გამოცემისთანავე უნდა ჩაითვალოს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, ვინაიდან მათი შესრულება შეუძლებელი იყო ობიექტური მიზეზების გამო და გამოიწვევდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით, ი. ლ-ეს და ნ. ს-ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწერილობის საფუძვეზე ეცნობათ იმ 15 დღიანი ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც უნდა განეხორციელებინათ მათ საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი, რისი შეუსრულებლობის გამოც მოსარჩელეები დაჯარიმდნენ და მათვე სადავო დადგენილებების საფუძველზე დაევალათ იმ ავარიული სახლის დემონტაჟი, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.07.09წ. გადაწყვეტილებით ი. ლ-ძისა და ნ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 29.12.08წ. ¹234/08 და ¹242/08 დადგენილებები და ქ. ბათუმის მერიის 10.04.09წ ¹268 ბრძანება მოსარჩელეთა ნაწილში; მოპასუხეს დაევალა საქმის სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ... ქუჩა ¹13-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის თაობაზე; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხის დავალდებულებაზე, საქმის სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის თაობაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 22.02.08წ. ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ მოსარჩლეებს – ი. ლ-ძეს და ნ. ს-ძეს გაეგზავნათ მიწერილობა ¹17 და ¹20, რომლითაც მიეცათ 15 დღიანი ვადა, სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის. აღნიშნული მიწერილობა ჩაბარდათ მოსარჩელეებს, თუმცა მიწერილობაში მითითებული დავალება მათ მიერ არ იქნა შესრულებული. მიწერილობით განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა მიწერილობის შესრულების საკითხი და შემოწმების აქტით, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის 41.3 მუხლის საფუძველზე ჩაითვალა, რომ მოსარჩელეებმა უგულებელყვეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მიწერილობები. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 29.12.08წ. მიღებულ იქნა ¹234/08 და ¹242/08 დადგენილებები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ი. ლ-ძისა და ნ. ს-ძის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ი. ლ-ძისა და ნ. ს-ძის მიერ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის ფაქტი, კერძოდ უქმნიდა თუ არა ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანრთელობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველო კანონის მე-510 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იმ შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელე-ბლობისათვის, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოხლეს ან/და ჯანმრთელობას. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სათანადო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი შენობის დემონტაჟის შესახებ და მხოლოდ შპს “მშენაღდგენა»-ს დასკვნაზე დაყრდნობით მოსარჩელეთათვის მიწერილობის გაგზვანა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შესახებ იყო უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო. მრავალბინიანი სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების თაობაზე გადაწყვეტილება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით უნდა მომხდარიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე სახლის სავალდებულო რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს დაქვემდებარების შესახებ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და ისე იქნა გაგზავნილი მიწერილობა მოსარჩელეებისათვის სახლის რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის მოთხოვნით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ავარიულობის შემთხვევაში მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჭირო იყო ყველა მესაკუთრის ერთობლივი ნება, ხოლო დემონატაჟის განხორციელებისათვის აუცილებელი იყო მესაკუთრეთა ერთობლივი მოქმედება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 21.12.09წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.07.09წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ლ-ძისა და ნ. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხებს. ხსენებული კანონის მე-510 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. შპს «მშენაღდგენა»-ს მიერ 29.12.08წ. გაცემული დასკვნით დადასტურებულია, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, მის მზიდ კონსტრუქციებს არ გააჩნდათ არავითარი სიმტკიცის რეზერვი და უმნიშვნელო ზემოქმედებასაც შეეძლო გამოეწვია შენობის ჩამონგრევა. ასეთ პირობებში, არასასურველი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელი იყო მისი გადაუდებელი დემონტაჟი. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «კ.ი» ქვეპუნქტის შესაბამისად, ხსენებული სახლის ფუნქციონირება იმ მდგომარეობაში, რაც აღნიშნულია შპს «მშენაღდგენა»-ს დასკვნაში, დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევით ჩადენილ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენდა, ეს კი, თავის მხრივ, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქმნიდა მიწერილობის გაცემის უფლებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმები სრულიად აწესრიგებს დემონტაჟთან დაკავშირებულ საკითხებს და გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო შენობა-ნაგებობის ავარიულობა და მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობით საფრთხის შექმნა ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის. შპს «...»-ს დასკვნით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, …... ქუჩა ¹13-ში არსებული შენობა-ნაგებობა მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ასეთ პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის «ვ.ა» ქვეპუნქტებისა და 510 მუხლი, ამავე კანონის მე-3 მუხლის «ე» ქვეპუნქტი, რომელთა გამოყენება ვრცელდებოდა სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ლ-ძემ და ნ. ს-ძემ. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სამართლებრივი შეფასება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 და 38-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის დადება შეიძლება მხოლოდ სამართალდარღვევის ჩადენიდან ორი თვის განმავლობაში და არა ცხრა თვის შემდეგ, როგორც ამას კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილი, ქ. ბათუმის მერიისათვის ცნობილი იყო მიწერილობის მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობა, კერძოდ ის, რომ მათ მიერ ფართების დემონტაჟი გამოიწვევდა ავარიული შენობის მთლიან ნგრევას, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო იქნებოდა იქ მცხოვრები სხვა მობინადრეებისათვის, რომლებიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდნენ დაკავებულ ფართებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.10წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. L-ძისა და ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში დაცული მასალების საფუძველზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორებს – ი. ლ-ძეს და ნ. ს-ძეს საკუთრების უფლებით აქვთ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე 38,4 კვ.მ და 35.36 კვ.მ ფართი. შპს «...»-ს მიერ 29.12.06წ. წარმოდგენილ იქნა დასკვნა ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹13-ში მდებარე ორსართულიანი სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, აღნიშნული სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, არასასურველი მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მისი გადაუდებელი დემონტაჟი. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 22.02.08წ. ი. ლ-ძეს და ნ. ს-ძეს გაეგზავნათ მიწერილობა ¹17 და ¹20, რომლითაც მიეცათ წინადადება 15 დღის ვადაში მოეხდინათ სახლის რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორებმა 20.03.08წ. განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს შენობის დემონტაჟის ნებართვის მიღების მოთხოვნით, რაზედაც 31.03.08წ. მიიღეს პასუხი ¹01-20/171, რომელშიც მიეთითათ, რომ დემონტაჟის ნებართვა გაიცემოდა ახალი მშენებლობის თაობაზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შემდეგ. ქ. ბათუმის მერიის 19.08.08წ. ¹736 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სახლის ამხანაგობის წევრთა ჯგუფის ადმინისტრაციული საჩივარი.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 29.12.08წ. მიღებულ იქნა ¹237/08 და ¹242/08 დადგენილებები, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ი. L-ძისა და ნ. ს-ძის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე. პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებულ აქტებში მითითებულია ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც ი. ლ-ძე და ნ. ს-ძე ავარიული სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის დაჯარიმდნენ 1 000 ლარით, ხოლო მიწერილობის შეუსრულებლობისათვის იმავე კანონის 58 მუხლის ,,გ» ქვეპუნქტის საფუძველზე თითოეული დამატებით 1 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდისათვის მოქმედი ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 41 მუხლის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადგენილება, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო ვალდებული იყო, თავის საქმიანობაში ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით, რომლის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებული აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე და თვლის, რომ სადავო აქტები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი «მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილების 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასრულებული ან დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები (გარდა უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა) შეიძლება დაიშალოს/დაინგრეს თუ შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილები გამოსულია მწყობრიდან, საფრთხეს უქმნის გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას და ვერ ხერხდება მესაკუთრის მიერ მისი გამოსწორება და ეს დადგენილია შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. იმავე დადგენილების 43.4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის საექსპერტო შეფასება სავალდებულოა სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის. მითითებული დადგენილების 43.6 მუხლის თანახმად, მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა საექსპერტო შეფასება ამ დადგენილების 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტში განსაზღვრულ შემთხვევაში. «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის 4.7 მუხლის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ დადგენილება დემონტაჟის შესახებ, ასეთი დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევის გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია. ზემოაღნიშნულ ნორმებში ასახული იმპერატიული დანაწესები გამორიცხავდნენ ადმინისტრაციული ორგანოს მხარეთა დაკვეთით 2006 წელს შპს ,,...”-ს მიერ შედგენილი დასკვნით ხელმძღვანელობას, მითითებული ნორმების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გადაწყვეტილება მიეღო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორებს – ნ. ს-ძეს და ი. ლ-ძეს, იმ ბინათმოსარჩელეებთან ერთად, რომლებმაც ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ინვესტორებთან გააფორმეს სათანადო ხელშეკრულებები, დაცლილი ჰქონდათ თავიანთი ბინები. ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსის თითოეული ბინა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, დემონტაჟის განუხორციელებლობის და მიწერილობის შეუსრულებლობის გამო დაჯარიმების კანონიერების დასადგენად სასამართლოს უნდა დაედგინა რამდენად იყო შესაძლებელი კასატორის ბინების ნაწილში დემონტაჟის განხორციელება იმ მობინადრეთათვის საფრთხის შეუქმნელად, რომლებიც არ ეთანხმებიან დემონტაჟს და არ ცლიან ბინებს. ის გარემოება, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება, არ ადასტურებს მოსარჩელეების მიერ დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას. «ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ» კანონის მე-20 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მხოლოდ თავის ბინას, გამორიცხოს მასზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებას. ვინაიდან არ არსებობს ბრალის გარეშე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა, დაჯარიმების მართებულობას არ ადასტურებს მოპასუხის მოსაზრება დაჯარიმების შემდეგ მოსარჩელეების მიერ იმ მობინადრეთა მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან დემონტაჟს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ.
სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 31.03.08წ. ¹01-20/171 აქტით კასატორებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი სახლის დემონტაჟზე ნებართვის გაცემაზე, ხოლო «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის 4.7 მუხლის «დ» ქვეპუნქტით და 41.4 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო დემონტაჟი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის მისი შეჩერების საფუძველს ქმნიდა. ამასთანავე, საქმეზე არ დასტურდება სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი «მშენებლობის ნებართვის შესახებ» კანონის 1.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებდა დამატებითი ნებართვის გარეშე დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი თანამესაკუთრე თავად ქ. ბათუმის მერიაც არის და შესაბამისად ქ. ბათუმის მერიასაც არ შეუსრულებია სახლის დემონტაჟის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში ჩადენილი დარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის შეფარდების პროცესშიც სპეციალური კანონით დადგენილი წესების გარდა, სხვა მოწესრიგების არ არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. იმის გათვალისწინებით, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი არ ადგენდა ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლის 38.1 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს სახდელის შეფარდების შესაძლო ვადას. ამავე კოდექსის 232.7 მუხლის თანახმად, ადმინიტსრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ ადმინისტრაციული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. დარღვევის დადგენიდან დაჯარიმებამდე განვლილი პერიოდი მნიშვნელოვნად აღემატება აგრეთვე ამჟამად მოქმედი «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებს. მიწერილობის შეუსრულებლობის დადგენიდან სადავო დადგენილების მიღებამდე გასული პერიოდი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღება მიაქციოს ამ თვალსაზრისით აქტების კანონიერებაზე და თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბათილობის საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა სადავო საკითხის სპეციფიკას და იმ საშიშროებას, რაც შესაძლოა თან ახლდეს სახლის ავარიულობას, თვლის, რომ საკითხი საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად, უნდა დაუბრუნდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რის გამო არსებობს სადავო აქტების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე მათი ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე კასატორების დაჯარიმების და მათი ძალების სახლის დემონტაჟის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ახალი აქტების გამოცემისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» კანონის 28-ე მუხლის შენიშვნა იმის შესახებ, რომ მესაკუთრეს ამ მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ აცნობებს შესაბამის ორგანოებს საფრთხის შესახებ.
დაუსაბუთებელია აგრეთვე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქავთ აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით მოითხოვდნენ არამხოლოდ იმ სადავო აქტების ბათილად ცნობას, რომლითაც მათ დაეკისრათ საჯარიმო სანქციები და 15 დღის განმავლობაში ობიექტის დემონტაჟი, არამედ აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დემონტაჟის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის სამსახურის 29.12.08წ. ¹234/08 და 242/08 დადგენილება მოსარჩელეთა დაჯარიმებისა და მათთვის დემონტაჟის დავალდებულების შესახებ და ქ. ბათუმის მერიის 10.04.09წ. ¹268 ბრძანება მოსარჩელეთა ნაწილში, ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახური დავალდებულდა საქმის სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში
... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის თაობაზე, ამასთანავე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ზედამხედველობის სამსახურის დავალდებულებაზე საქმის სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ... ქუჩა ¹13-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის თაობაზე. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, სადავო აქტების ბათილად ცნობასთან ერთად, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ სახლის დემონტაჟის შესახებ აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და არსებობდა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის საფუძველზე მიწერილობის გაცემის და დაჯარიმების საფუძველი. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ მთლიანად გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომლითაც ზედამხედველობის სამსახურს დაეკისრა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემა. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის წინააღმდეგობრივი, სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი არგუმენტაციიდან და ეწინააღმდეგება მას, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ტექსტიდან გაურკვეველია თუ რა მოსაზრებებით არ ეთანხმება პალატა დემონტაჟის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. სასამართლოს არ უმსჯელია სასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის და არც 33-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელის საფუძვლიანობის პირობებზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილზე, სახეზეა 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემეობაზე, რომ დემონტაჟის შესახებ აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით მოსარჩელეების ი. ლ-ძის და ნ. ს-ძის მოთხოვნა უშუალოდ ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის, მათ შორის ამხანაგობის იმ წევრების ინტერესებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრენი არიან და ეწინააღმდეგებიან სახლის დემონტაჟის მოთხოვნას. აღნიშნულის მიუხედავად, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, სასამართლოს არ ჩაუბია ისინი საქმის განხილვაში, რის შედეგადაც სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 31.03.08წ. არ დაკმაყოფილდა ბანათმესაკუთრეთა ამხანაგობის ზოგიერთი წევრის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ. მობინადრეთა ჯგუფმა 30.04.08წ. განცხადებით აცნობეს ზედამხედველობის სამსახურს მიწერილობის შესრულების შეუძლებლობის შესახებ და მიმართეს ზედამხედველობის სამსახურს დემონტაჟის შესახებ აქტის გამოცემის მოთხოვნით. განცხადებაზე რეაგირების არ არსებობის გამო მობინადრეთა ნაწილის მიერ შეტანილ იქნა ადმინიტსრაციული საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერის 19.08.08წ. ¹736 ბრძანებით. ზემოაღნიშნული აქტები მოსარჩელეების მიერ არ გასაჩივრებულა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებობის პირობების არსებობაზე.
ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, სასკ-ის მე-10 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აუნაზღაუროს კასატორს ნ. ს-ძეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი. Lლ-ძისა და ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.09წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. Lლ-ძისა და ნ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 15.04.09წ. ¹268 ბრძანება ი. Lლ-ძისა და ნ. ს-ძის ნაწილში და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 29.12.09წ. ¹237/08 და 242/08 დადგენილებები. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პირებთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ს-ძისა და ი. L-ძის დაჯარიმებისა და მათ მიერ ობიექტის დემონტაჟის შესახებ;
4. ი. ლ-ძის და ნ. ს-ძის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხება ზედამხედველობის სამსახურისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და სახლის ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით დემონტაჟის დავალებას, დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
5. ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაეკისროს ნ. ს-ძის სასარგებლოდ მის მიერ 11.06.10წ. ¹45 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.