Facebook Twitter

¹ბს-360-357(კ-11) 13 აპრილი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-ემ 15.11.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების – 1598,24 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 01.12.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაეკისრა ხელფასის – 1519,80 ლარის ანაზღაურება, 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის – 59 ლარისა და წელთა ნამსახურობის დანამატის – 19,44 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინებით საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 01.12.10წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების 1998-2000 წლების კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. კ-თვის 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის – 708 ლარისა და წელთა ნამსახურობის დანამატის – 189,46 ლარის ანაზღაურება ხანდაზმულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.2 მუხლი (2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია) ხელფასის ცნებაში მოიაზრებდა, როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის დანამატსა და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ამასთან, სადავო სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სადავო სამართალურთიერთობათა წარმოშობის დროს მოქმედი ნორმატიული აქტები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ კვების კომპენსაცია და წელთა ნამსახურობის დანამატი 1998-2000 წლების პერიოდში ხელფასის ნაწილებს შეადგენდა, რის გამოც არსებობდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა (იხ. მაგ., განჩინებები საქმე ¹303-288(კ-06), ¹ბს-587-556(კ-08), ¹ბს-1213-1180(კ-10)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.