Facebook Twitter

ბს-366-363(კ-11) 20 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 2 მარტს ზ. გ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 24 ნოემბრის ¹3455 ბრძანების, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 17 სექტემბრის ¹3735 ბრძანებისა და 2008 წლის 19 სექტემბრის ¹1155 საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 9 თებერვლის ¹10/1199 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის – 1080 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად ზ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2011 წლის 17 მარტს.

2011 წლის 30 მარტს ზ. გ-მა ფოსტის მეშვეობით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა ხარვეზის აღმოფხვრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით ზ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2011 წლის 10 აპრილს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორ ზ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 10 აპრილს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 20 აპრილის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.