ბს-373-361 (კ-10) 19 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ბ-ძის და ა. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ბ-ძემ და ა. გ-ძემ 26.01.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დავალება წარდგინებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მათ მიმართ 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის 1 მარტამდე არსებული ყოველთვიური სარჩოს დავალიანების ანაზღაურების და შემდგომში ყოველთვიური სარჩოს გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07წ. გადაწყვეტილებით ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, მოსარჩელეების_ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის მიმართ 1.03.07წ. მდგომარეობით პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანის გამო დანიშნული სარჩოს დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ძემ და ა. გ-ძემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.08წ. განჩინებით ა. ბ-ძის, ა. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ძემ, ა. გ-ძემ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.04.09წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.08 წ. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07 წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიმართვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი, მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის სასარგებლოდ 2007 წლის 1 მარტამდე ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მიზნით; ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.08წ. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს _ ა. ბ-ძესა და ა. გ-ძეს 2007 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით მიმართვის დავალებაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.09წ. გადაწყვეტილებით ა. ბ-ძის და ა. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეებს 2007 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით მიმართვის დავალებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ბ-ძის და ა. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის მიმართ 2007 წლის 01 მარტიდან 2007 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდის მდგომარეობით პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანის გამო დანიშნული ყოველთვიური სარჩოს დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ძემ და ა. გ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ძის და ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. ბ-ძის და ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ძის და ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.