Facebook Twitter

ბს-37-36(კ-10) 7 აპრილი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 23.12.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. მ-შვილის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 14160,96 ლარის, ზიანის სახით 2578,8 ლარისა და პირგასამტეხლოს 14160,96 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად გადახდის დაკისრება მოითხოვა 2005 წლის 11 დეკემბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე.

თელავის რაიონული სასამართლოს 22.05.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ა. მ-შვილს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 14160 (თოთხმეტიათას ას სამოცი) ლარის და 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თეთრის ოდენობით გადახდა, ზიანის სახით 2578 (ორიათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარის და 08 (რვა) თეთრის ოდენობით გადახდა და აგრეთვე პირგასამტეხლოს 14160 (თოთხმეტიათას ას სამოცი) ლარის და 96 (ოთხმოცდათექსვმეტი) თეთრის 0,2%-ის ოდენობით გადახდა ყოველდღიურად, 2005 წლის 11 დეკემბრიდან ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.09წ. გადაწყვეტილებით ა. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 22.05.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.