Facebook Twitter

ბს-386-374(კ-10) 18 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერია

მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 5 მარტს შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ქ. ბათუმის მერიის მიმართ. მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 27 თებერვლის ¹138 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მართალია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას მას შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მაგრამ ქ. ბათუმის მერიამ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მოსაზრებები და მტკიცებულებები და 2007 წლის 27 თებერვალს მიიღო ¹138 ბრძანება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებების, მათ შორის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამავე ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განეხორციელებინა საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, რის საფუძველზეც შპს “...” განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე ააგო შენობა, რომელიც ქ. ბათუმის მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო 1999 წლის 25 ნოემბრის ¹219 გადაწყვეტილებით.

ამასთან, მოსარჩელის განმარტებით ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 27 თებერვლის ¹138 ბრძანება იყო უკანონო იმ ნაწილშიც, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა დაევალა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შპს “...” საკუთრების უფლება წარმოეშვა არა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილებით, არამედ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის საფუძველზე. მოსარჩელემ დაუშვებლად მიიჩნია საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის გაუქმება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შენობა-ნაგებობაზე შპს “...” საკუთრების უფლება წარმოიშვა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹219 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც არ იყო ბათილად ცნობილი, შესაბამისად, არ არსებობდა შენობა-ნაგებობაზე შპს “...” საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმებას გამორიცხავდა.

მოსარჩელის მოსაზრებით, დაუშვებელი იყო სადავო მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების საკითხი სადავო გამხდარიყო “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითYდადგენილი 3 - წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 27 თებერვლის ¹138 ბრძანება, კერძოდ, იმ ნაწილში რომელიც ეხებოდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრისადმი თხოვნას მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილებით შპს “...” ... ქ. ¹132-ში ... და სავაჭრო პავილიონს შორის ... ბაზრის მოსაწყობად გამოეყო ტერიტორია. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს “...” საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 1999 წლის 1 სექტემბერს განხორციელდა. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹219 გადაწყვეტილებით შპს “...” თხოვნა დაკმაყოფილდა; ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹132-ში მდებარე ... ბაზრის შენობა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 27 თებერვალს ¹138 ბრძანებით, ძალაში შესვლიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება. ამავე ბრძანებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის (ძალადაკარგულია) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაიცემოდა კონკურსის ან აუქციონის წესით. ამდენად, კანონი ადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის განსაკუთრებულ წესს – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ვალდებულებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე განეკარგა მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არ იყო უფლებამოსილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პირდაპირი წესით განკარგვა განეხორციელებინა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტა, რომ არ შეიძლებოდა ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირს ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული ჰქონდა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონი, როდესაც მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პირდაპირი წესით განკარგვაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი იყო, ვინაიდან, ეს შესაძლებლობა კანონმა მხოლოდ 1999 წლის 22 ივლისს შეტანილი ცვლილებით გაითვალისწინა.

კასატორის განმარტებით, აქტის გამოცემის დროისათვის აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებდნენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც ამ სახის გადაწყვეტილების მიღება შეეძლო.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქ. ბათუმის მერია არ იყო უფლებამოსილი ბათილად გამოეცხადებინა სხვა, უკვე ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...” საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი შპს “...” საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილებით შპს “...” ... ქ. ¹132-ში, ... და სავაჭრო პავილიონს შორის ... ბაზრის მოსაწყობად გამოეყო ტერიტორია (ს.ფ. 19). აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს “...” საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია 1999 წლის 1 სექტემბერს ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელდა (ს.ფ. 20). ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹219 გადაწყვეტილებით შპს “...” თხოვნა დაკმაყოფილდა; ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹132-ში მდებარე ... ბაზრის შენობა (ს.ფ. 17), რომელიც საჯარო რეესტრში შპს “...” საკუთრებად დარეგისტრირდა (ს.ფ. 21-22). საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის გარდა, მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე შპს “...” საკუთრების უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებული იყო 2004 წლის 20 სექტემბრის ¹213 სარეგისტრაციო მოწმობა, 2004 წლის 20 სექტემბრის ¹516 ცნობა დახასიათება და ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹219 გადაწყვეტილება (ს.ფ. 21-22).

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 27 თებერვალს ¹138 ბრძანებით, ძალაში შესვლიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება. ამავე ბრძანებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება (ს.ფ. 8-10).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის განსაკუთრებულ წესს – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ვალდებულებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე განეკარგა მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვას აღნიშნული კანონი საერთოდ არ ითვალისწინებდა (ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების გამოცემის დრო მოქმედი რედაქცია). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1999 წლის 22 ივლისს ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში პირდაპირი წესით განკარგვის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს მიენიჭა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტი არ იყო უფლებამოსილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პირდაპირი წესით განკარგვა განეხორციელებინა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტავს, რომ არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირს ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა შესაძლებელი არის იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოცემული არის არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 27 თებერვლის ¹138 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული აქტით ბათილად ცნობილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “...” მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს “...” თხოვნა სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა და სადავო მიწის ნაკვეთი, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა დარეგისტრირდა შპს “...” სახელზე (ს.ფ. 249-251).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.