¹ბს-391-388(კ-11) 18 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 28 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. დ.-მ მოპასუხის–შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 1 ივლისის ¹06-106 ბრძანების ბათილად ცნობას და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულებას გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. დ.-სთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. დ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 1 ივლისის ¹06-1076 ბრძანება ს. დ.-სთვის შუახევის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.2010 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევა- შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დავის საგნიდან გამომდინარე_საცხოვრებელი ბინის, მდებარე შუახევის რაიონის სოფ. ...-ში, სახლი ¹01/02-ის პირველ სართულზე ბინა ¹5-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რადგან გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე დავა სასამართლოთა მხრიდან გადაწყვეტილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს დავა არსებითად არ გადაუწყვეტია. წარმოდგენილი სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, კასატორს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს დამატებით და ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შეჯერების საფუძველზე მიიღოს ახალი დასაბუთებული აქტი, რაც თავისთავად არ ნიშნავს ცალსახად მხოლოდ ნეგატიური ან პოზიტიური აქტის მიღების სავალდებულობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას.
საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.