საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-40-39(კ-10) 8 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.
2008 წლის 11 დეკემბერს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 1 დეკემბრის ¹10/11840 გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 აგვისტოს ¹2040 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 4 ივლისის ¹322294 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 2008 წლის 4 ივლისის ¹45914 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, ასევე მოგების გადასახადზე ჯარიმის სახით დარიცხული 4942,95 ლარის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს “...” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2009 წლის 10 თებერვალს შპს “...” წარმომადგენელმა _ გ. ზ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა განმარტა, რომ საგადასახადო ორგანომ 2008 წლის 4 თებერვალს მიიღო ბრძანება ¹ქ/31 შპს “...” ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, ასევე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღებულია შპს “...” საბანკო ანგარიშები, რის გამოც, საწარმო მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მხარემ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები რომლებიც დაადასტურებდა მისი შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რის არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე შპს “...” შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შპს “...”, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი შპს “...” გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა წარმომადგენელს _ ო. გ-ავას 2010 წლის 12 მარტს, ხოლო შპს “...” წარმომადგენელ გ. ზ-შვილს _ 2010 წლის 15 მარტს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2010 წლის 19 მარტს. შპს “...” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შპს “...” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, შპს “...” საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.