Facebook Twitter

ბს-40-39(კ-11) 22 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. პ-ძე-ნ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 22 მარტს რ. პ-ძე-ნ-უამ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ნ-უას მიმართ და მოითხოვა ამირან და გრიგოლ ნინუების სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 4-6; ტ.I).

რ. პ-ძე-ნ-უას სარჩელი არ ცნო მოპასუხე მ. ნ-უამ, ასევე მოითხოვა საქმეში მოპასუხედ თ. ნ-უას ჩართვა (იხ. ს.ფ. 26-28; ტ.I).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით მესამე პირად ჩაერთო ქ. ოზურგეთის მერია (იხ. ს.ფ. 42; ტ.I).

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით რ. პ-ძე-ნ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ოზურგეთში, ... ჩიხის ¹8ა-ში გ. ნ-უას სახელზე რიცხული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ოზურგეთის რაიონული გამგეობის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მიწათსარგებლობის საზღვრების დადგენის მიზნით, გ. ნ-უას სახელზე მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმის შედგენა ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით, რომლითაც გამიჯნულია ამირან ნინუას მიწის ნაკვეთის საზღვარი გ. ნ-უას საცხოვრებელი სახლიდან 80 სმ-ის დაშორებით; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გ. ნ-უას სახელზე არქიტექტურული სამსახურის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება (იხ. ს.ფ. 95-99; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-უებმა და მოითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 106-109; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით მ. და თ. ნ-უების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 177-183; ტ.I).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-უებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 198-200; ტ.I).

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ. და თ. ნ-უების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 257-264; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. და თ. ნ-უების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება ა. ნ-უას მიწის ნაკვეთის საზღვრის გ. ნ-უას საცხოვრებელი სახლიდან 80 სმ-ის დაშორებით ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით გ. ნ-უას სახელზე მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმის შედგენის შესახებ ოზურგეთის რაიონული გამგეობის არქიტექტურის სამსახურის და არქიტექტურული სამსახურის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმის მიხედვით გ. ნ-უას სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარების დავალდებულების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 36-44; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ-უებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 54-60; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. და თ. ნ-უების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 173-184; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. და თ. ნ-უების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. პ-ძე-ნ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 405-418; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით რ. პ-ძე-ნ-უას წარმომადგენლის განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმზე შენიშვნების შესახებ დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 419-422; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. პ-ძე-ნ-უამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის, ასევე სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 431-440; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის განჩინებით რ. პ-ძე-ნ-უას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 466-467; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

მოწინააღმდეგე მხარეებმა _ მ. და თ. ნ-უებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 478; ტ.II).

კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას არ შესრულდა ზემდგომი სასამართლოს მითითებები, რომლებიც სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სავალდებულო იყო სააპელაციო სასამართლოსათვის, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, არსებითად დაარღვია საპროცესო ნორმები და საქმის გარემოებების სათანადო შესწავლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 479-482; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და რ. პ-ძე-ნ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ რ. პ-ძე-ნ-უას საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ რ. პ-ძე-ნ-უას მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რ. პ-ძე-ნ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ რ. პ-ძე-ნ-უას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. პ-ძე-ნ-უას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ რ. პ-ძე-ნ-უას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.