ბს-405-392(კ-10) 19 მაისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 16 ივნისს დ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების - 1025,88 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ოქტომბრის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 42,84 ლარის, წოდების – 9 ლარის; ნოემბრის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 39,24 ლარის, წოდების - 8,24 ლარის; დეკემბრის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს - 39,24 ლარის, წოდების – 8,24 ლარის; 1999 წლის ოქტომბრის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 39,24 ლარის, წოდების - 8,24 ლარის; ნოემბრის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 39,24 ლარის, წოდების – 8,24 ლარის; დეკემბრის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 39,24 ლარის, წოდების – 8,24 ლარის; 2000 წლის აპრილის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 39,24 ლარის, წოდების – 9,27 ლარის, მაისის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 39,24 ლარის, წოდების 9, 27 ლარის; ივნისის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს – 39, 24 ლარის; წოდების - 9,27 ლარის; 2003 წლის ნოემბრის ხელფასისა და თანამდებობრივი სარგოს - 102, 25 ლარისა და წოდების 10,30 ლარის ანაზღაურება; ხოლო მოსარჩელეს კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და პრემიის ანაზღაურების თაობაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-შვილმა და საქართველოს შსს აკადემიამ.
აპელანტი – დ. ბ-შვილი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე აპელანტი – საქართველოს შსს აკადემია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას დ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის, პრემიის, წელთა ნამსახურობის, მატერიალური დახმარების, სულ – 837,18 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2003 წლის წელთა ნამსახურობისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.