Facebook Twitter

ბს-409-406(კ-10) 21 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ი. ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი _ პირგასამტეხლოსა და სახელმწოფო ბაჟის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის – ი. ბ-შვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ჯარიმის, ზიანისა და პირგასამტეხლოს თანხის ანაზღაურების დაკისრება, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელე გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ხოლო 2006 წლის 10 აგვისტოს, მასთან გაფორმდა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, ი. ბ-შვილი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

მოსარჩელის განმარტებით, ი. ბ-შვილმა დაარღვია კონტრაქტის პირობები, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენდა ერთ წელს, 4 თვესა და 1 დღეს, ამდენად მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა კონტრაქტის 7.3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და 7.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მაგრამ ჯარიმის 30%-ის ოდენობით, სულ ჯარიმა 7981,41 ლარი, 5000 ლარი სწავლებაზე დახარჯული თანხა და პირგასამტეხლო 2394,43 ლარი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 251-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე მუხლებზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – ი. ბ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 7981,41 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით _ 2394,43 ლარის გადახდა; მოპასუხეს – ი. ბ-შვილს დაეკისრა ბაჟის _ 311,28 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებითYსაქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სსსკ-ის 390.3 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სწორად გამოიყენა სამართლის ნორმა და შესაბამისად არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. დამატებით სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ბ-შვილს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლითაც იგი ამოირიცხა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, შესაბამისად, რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება იყო კანონშესაბამისი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელი და სამართლებრივად არასრულია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორს კონტრაქტი არ დაურღვევია, კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ ის გადაიყვანეს სავალებულო სამხედრო სამსახურში და ამდენად სახეზე იყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინამძვრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოსა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; ამ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. ბ-შვილისათვის პირგასამტეხლოს თანხის _ 2394.43 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

ს.ფ. 13-ზე (ტ.I) წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ბ-შვილს შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის 7.3. მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან მისი გამოისობით სამხედრო სამსახურის დატოვების შემთხვევაში განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის უპირობო ვალდებულება, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აანაზღაუროს კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რამაც მხარეთათვის უდავო ფაქტის სახით შეადგინა 7981,41 ლარი.

ამავე ხელშეკრულების 7.4 მუხლის მიხედვით, ჯარიმის თანხის დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო ჯარიმის 30%-ის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯარიმის თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დამოკიდებულია კონტრაქტის შეწყვეტის თარიღთან. ს.ფ. 16-ზე (ტ.I) წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ¹5094 ბრძანება, რომლის მიხედვით, ი. ბ-შვილი ჩაითვალა ამორიცხულად საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან და ჩარიცხულად სავალდებულო სამხედრო სამსახურში განკუთვნილი ვადის ამოწურვამდე 2007 წლის 29 ოქტომბრიდან. ს.ფ. 22-ზე (ტ. I) წარმოდგენილია კომისიის სხდომის ოქმი ¹56, რომლის მიხედვით კომისიამ განიხილა ი. ბ-შვილის საკითხი და დააადგინა, რომ ი. ბ-შვილი მოიხსნა ყველა კმაყოფიდან 2007 წლის 29 ოქოტმბრიდან. საქმის მასალების მიხედვით კომისიის სხდომის ოქმის შესახებ ი. ბ-შვილისათვის ცნობილი არ იყო /იხ.ს.ფ. 55/.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის დენის დაწყება პირდაპირ უკავშირდება ხელშეკრულების შეწყვეტას.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც დაცულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თუმცა აღნიშნული ი. ბ-შვილს არ ეცნობა, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო რა მინისტრის ბრძანების ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობის შესახებ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა, მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის 7.3. მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ვადის დარღვევის ფაქტი ვერ იქნება დადგენილი.

ვინაიდან სწორედ ჯარიმის თანხის გადახდის ვადის დარღვევა იწვევს კონტრაქტის 7.4. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, ვალდებულების წარმომშობი იურიდიული ფაქტის დაუდგენლობა, გამორიცხავს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით, ან წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.

წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების ან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს. ასევე, პირგასამტეხლოს ამ სახის – ჯარიმის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში გადახდის ვალდებულების გადაცილების შემთხვევაში, გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე /ხელშეკრულების 7.4.პუნქტი/.

საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და ი. ბ-შვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, ა. ბ-შვილს არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2394.43 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ ი. ბ-შვილისათვის სახელმწიფო ბაჟის დასკირების ნაწილში უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე.

საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით შრომითი უფლებები სოციალურ უფლებებსა და თავისუფლებას მიეკუთვნება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 32-ე მუხლები (ადამინის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური უფლებებები და თავისუფლებები) განსაზღვრულია, რომ შრომა თავისუფალია და სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შომით უფლებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, საქართველო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს დასაქმებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომის უფლება უდავოდ წარმოადგენს ადამიანის სოციალურ უფლებას და მასთან დაკავშირებული სადავო საკითხები სასამართლოთა მიერ განხილულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავა შეეხება შრომით საკონტრაქტო პირობების შეუსრულებლობას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ბ-შვილი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილშიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების დაშვებულ ნაწილში გაუქმების და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. ბ-შვილისათვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინება დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. ბ-შვილისათვის პირგასამტეხლოს თანხის _ 2394.43 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. ი. ბ-შვილი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.