Facebook Twitter

ბს-410-397(კ-10) 22 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე –ა. ნ-იანი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 2 ივლისს ა. ნ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც ა. ნ-იანს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ბათილად ცნობა. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. ¹78-ში 50-იანი წლებიდან. Fფაქტიურად დაკავებული აქვს 970 კვ.მ. აღნიშნული ფართიდან მემკვიდრეობით მიღებული აქვს 764 კვ.მ., რომელიც მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მოსარჩელემ 206 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა 2009 წლის 31 მარტს, რომელმაც 2009 წლის 13 აპრილის ¹118 ოქმით საკუთრების უფლების აღიარებაზე უთხრა უარი. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ოქმი არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” პირველ და მესამე მუხლებზე, ასევე “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “გ” პუნქტზე, ამავე კანონის მე-51 მუხლზე და მიიჩნია, რომ ა. ნ-იანის განცხადების განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს დაინტერესებული პირის-ა. ნ-იანის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აკმაყოფილებს თუ არა ზემოღნიშნული კანონით და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებისათვის განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, ა. ნ-იანის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია თუ არა საცხოვრებელი სახლი და თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს, რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ხოლო ასეთი ფაქტობრივი გარმოებების არარსებობის პირობებში კომისია ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე და ამის შემდეგ მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას უნდა განეხილა საკითხი, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა ა. ნ-იანის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა, ამასთან სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რაც მოპასუხე კოლეგიური ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი ¹118), ა. ნ-იანის მიმართ და მოპასუხეს დაევალა ა. ნ-იანის განცხადების განხილვისას შესაბამისი გარემოებების შესწავლა, შეფასება და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სათანადო გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებანი სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი, როგორც თვითნებურად მიტაცებულის, სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრისათვის. გასათვალისწინებელია, რომ საქმეში მოთავსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, ორთოფოტოგადაღებით და ფოტოსურათებით 206,9 კვ.მ. ნაკვეთი იმ გალავნის შიგნით მდებარეობს, რომლითაც შემოღობილია მოსარჩელის მართზომიერ მფლობელობაში მყოფი ნაკვეთი მასზე მდებარე ნაგებობითურთ. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ა” პუნქტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც, მისი განმარტებით ა. ნ-იანი თვითნებურად ფლობს მიტაცებულ მიწის ნაკვეთს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მე-16 მუხლი აღიარების კომისიას ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას თავად განსაზღვროს და შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებლის მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და დასტურდება თუ არა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მისთვის სასურველი გარემოება.

Kკასატორის მოსაზრებით, ა. ნ-იანმა წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის ამოქმედებამდე, ვერ დაადასტურა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 18 მარტის ¹2009013380 მონაცემით სადავო მიწის ნაკვეთი (... ქ. ¹57-სა და ... ქ. ¹78-ს შორის არსებული) არ არის აღრიცხული. 2009 წლის 19 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერი ¹882009031658 ვერ ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს კანონის ამოქმედებამდე მოსარჩელის მიერ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და გეგმა ასახავს მხოლოდ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებული შენობის ფაქტობრივ მონაცემებს, რაც ასევე ვერ ამტკიცებს მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. კასატორი აღნიშნავს, რომ კომისია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას სადავო მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ ბათილად ცნო კომისიის 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი ¹118) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მაგრამ არ მიუთითა ის კონკრეტული ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის უარის ბათილად ცნობას. Kკასატორის მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე გამოკვეთილი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა რაიმე დარღვევა, რომლის არარსებობის შემთვევაში განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინების გაქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა. ნ-იანმა განცხადებით (¹12/21401-7) მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიას ქ. თბილისში, ... ქ. ¹78-ის მიმდებარედ 206 კვ.მ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად ა. ნ-იანმა კომისიას წარუდგინა მეზობლების ნოტარიულად დადასტურებული განცხადება, რომ ისინი თანახმანი არიან ა. ნ-იანმა მოახდინოს ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹78-ში ფაქტობრივად დაკავებული 206,9 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია. საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 19 მარტს გაცემული ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, უძრავი ნივთი, მისამართით: ... ქუჩა ¹57-სა და ... ¹78-ს შორის მიწის ნაკვეთი აღრიცხული არ არის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი საკადასტრო რუკის მიხედვით საკადასტრო რუკაზე წარმოდგენილ უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობით საკუთრების უფლება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული არ არის, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,...” მიერ განხორციელებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ... ¹78-ში, ¹012/012 -189.00 კვ.მ., ¹012/011-256.00კვ.მ., და ¹012/013-319.00კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებულია ა. ნ-იანის საკუთრების უფლება (სფ.57-62).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2009 წლის 4 ივნისის ¹12/21401-7 წერილზე, რომლითაც ა. ნ-იანს ეცნობა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2009 წლის 13 აპრილს განხილულ იქნა 2009 წლის 31 მარტის (¹12/21401-7) განცხადება და მის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (¹118 ოქმი) საკუთრების უფლების აღიარების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი (ს.ფ. 12).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიის 2009 წლის 13 აპრილის სხდომის ¹118 ოქმის ამონაწერი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ა. ნ-იანის განცხადება კომისიის მიერ განხილულ იქნა სხდომაზე რიგით 47-ე საკითხად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა (ს.ფ.52-54).

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არის დასაბუთებული სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნება და აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 23.10.08წ. კანონით შეტანილი ცვლილების შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნული კანონის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონის რეგულაცია შეეხება ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ორივე ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არამართლზომიერ მფლობელობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს. იმისათვის, რომ შემოწმდეს მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება, სასამართლომ უნდა დაადგინოს დაეუფლა თუ არა მოსარჩელე მიწის ნაკვეთს და ახორციელებს თუ არა მასზე ფაქტობრივ ბატონობას და მხოლოდ იმ პირობებში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ მის მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარა შეუსაბამობაშია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ გარემობებთან, რაც ეჭქვეშ აყენებს სადავო აქტის კანონიერებას, სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიუთითოს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების დამატებითი გამოკვლევისა და შესწავლის საჭიროების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღირების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.