ბს-412-399(კ-10) 1 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “...”
მოპასუხეები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო); საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება
განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 16 იანვარს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირად კი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაასახელა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2008 წლის 22 ივლისის ¹12-08-10/2244 წერილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹418 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2009 წლის 11 მარტს შპს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მესამე პირის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2008 წლის 22 ივლისის ¹12-08-10/2244 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2009 წლის 23 მარტს შპს ,,...” საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 1 აგვისტოს ¹1-1/1586 ბრძანების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹418 და 2009 წლის 30 იანვრის ¹22 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო მოპასუხეებად საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაასახელა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე ¹3/105 და ¹3/375-09წ; საქმეს საბოლოოდ მიენიჭა ერთიანი ნომერი ¹3/105-09წ.
საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნათა ოდენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ¹22 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში. ამავე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხის ვინაობა და საქართველოს მთავრობის ნაცვლად სათანადო მოპასუხედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაასახელა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს ,,...” სარჩელზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2008 წლის 22 ივლისის ¹12-08-10/2244 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,...” გაცემული წიაღით სარგებლობის ¹0651 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹1-1/1586 ბრძანება და შპს ,,...” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹418 ბრძანება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹418 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის საკასაციო საჩივარი.
2010 წლის 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა (საქმეში წარმოდგენილია სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი თქვა მის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო წარმოება შეწყდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (XIX თავი _ საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს, ანუ თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს საპროცესო შეზღუდვა. კასატორმა _ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საკასაციო საჩივარზე წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.