ბს-415-402 (კ-10) 15 სექტემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) _ შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი მ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. კ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.09წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი გაცდენილი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 16 ივნისს ნ. კ-იამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და მოითხოვა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 01 აგვისტოს ¹5300-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: 1993 წლიდან მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის .... 2008 წლის 01 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ¹5300-3 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით. ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ არის უკანონო, ვინაიდან დაწესებულებაში რეორგანიზაცია არ განხორციელებულა, არც შტატების შემცირებას არ ჰქონია ადგილი. მის თანამდებობაზე მიიღეს სხვა პირი ნ. ჯ-ია.
მოპასუხე-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ სცნო და მოითხოვა აღნიშნულის უარყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისი საშტატო ერთეული არ შემცირებულა და მის ადგილზე მიიღეს სხვა თანამშრომელი.
სასამართლომ მიუთითა, რომ გლდანი-ნაძალადევის განყოფილება წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც, ცალკე აღებული, საქართველოს კანონის “საბიუჯეტო სისტემების შესახებ” მე-2 მუხლის “ი” პუნქტის თანახმად, მხარჯავ დაწესებულებაში არ მოიაზრება და დამოუკიდებელ დაწესებულებას არ წარმოადგენს. თბილისის რეგიონალური ცენტრის და გორის საგადასახადო ინსპექციის რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენდა მოსამსახურის სამსახურიდან გასათავისუფლებლად. აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად, თბილისის რეგიონალური ცენტრის მომსახურების გლდანი-ნაძალადევის რაიონის განყოფილების ... ნ. კ-ია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5300-კ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ არც “საჯარო სამსახურის შესახებ” და არც “შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი რეორგანიზაციის და შტატების შემცირებისას სამსახურში დარჩენის უპირატესობას არ ანიჭებს აფხაზეთიდან დევნილ პირებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5300-პ ბრძანება ნ. კ-იას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ ეწინააღმდეგებოდა “შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს, ასევე “საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 19 ივნისს ¹530 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესს”, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული იყო როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერების მოთხოვნები და აღნიშნულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ მიიღებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-იას მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, რომლის საფუძველზეც აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს §5300-პ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ასევე დაევალა აუნაზღაუროს მოსარჩელეს განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან არ დაეთანხმა მათ თაობაზე სასამართლო კოლეგიის დასკვნებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად თბილისის საგადასახადო ინსპექციაში (რეგიონალურ ცენტრში) განხორციელებული რეორგანიზაციისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის 23 ივლისის ¹1732 და 2008 წლის ¹1826 ბრძანებებით შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საშტატო ნუსხების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ იმ სტრუქტურულ ერთეულში, კერძოდ, ქ. თბილისის გლდანი – ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში, რომელშიც კ-ია მუშაობდა, საშტატო ერთეულები არ შემცირებულა. უფრო მეტიც, ამ ინსპექციის საშტატო ერთეულების რაოდენობა, როგორც ზოგადად, ისე ცალკეულ თანამდებობათა მიხედვით, რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ, დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5300-პ ბრძანებიდან არ ჩანდა, შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად გამოიკვლია თუ არა საქმის გარემოებები და მის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით მინიჭებულ დისკრეციული უფლებამოსილების ჩარჩოებში, რომელ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის, და არა სხვა თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ, ანდა საერთოდ, თბილისის საბაჟო დეპარტამენტში მომხდარი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა თანამშრომელთა შტატების შემცირება, შეეხო თუ არა და როგორ, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გლდანი-ნაძალადევის განყოფილებას, რომელშიც რეორგანიზაციის შემდეგაც საშტატო ერთეულების რაოდენობა დარჩა იგივე.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ შემოსავლების სამსახურს ნ. კ-იას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანების გამოცემისას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, ამიტომაც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5300-პ ბრძანება ნ. კ-იას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი აქტი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ნორმათა შეფარდების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ თვალსაზრისით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებს და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების დარღვევით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ბრძანება ¹5300-პ ნ. კ-იას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დავის საგანი _ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში _ უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
ამდენად, შეცილებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს დასაშვებობის იმ პირობებს, რომელსაც აღნიშნული სახის სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს.
უდავოა, რომ გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს და ნ. კ-ია წინამდებარე დავაში წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. რაც შეეხება დასაშვებობის მე-2 პირობას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე ამ თვალსაზრისით საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილში გაკეთებულ დათქმას კანონით გათვალისწინებულ ვადებზე და აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი აკეთებს ცალსახა მითითებას სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების 1 თვის ვადაში გასაჩივრების სავალდებულობის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.
საქმეში ს.ფ. 15 წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 01 აგვისტოს ბრძანება ¹5300-პ თბილისის რეგიონული ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მომსახურების სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ... _ ნ. კ-იას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. იმავე აქტზე განხორციელებული ჩანაწერით დასტურდება, რომ ნ. კ-იას ზემოაღნიშნული აქტი ჩაბარდა 2009 წლის 12 თებერვალს, აღნიშნულს მხარე ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში. ვინაიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს აქტის მხარისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გადაცემას, საკასაციო სასამართლო, მიუხედავად აქტის გამოცემის თარიღისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებისა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელისათვის იმავე თვეს ცნობილი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ვადის ათვლის დასაწყისს უკავშირებს 2009 წლის 12 თებერვალს, ანუ იმ მომენტს, როდესაც ნ. კ-იას კანონით დადგენილი წესის დაცვით გადაეცა ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
აქტის ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნა სასამართლოში შეტანილია 2009 წლის 16 ივნისს, ამდენად მოსარჩელისათვის აქტის გადაცემიდან, სარჩელის სასამართლოში შეტანამდე, გასულია ოთხი თვე.
როგორც უკვე აღინიშნა, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავების თაობაზე აღძრული სარჩელი განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, შესაბამისად ამ კატეგორიის დავები გადიან ყველა იმ სტადიას, რაც დადგენილია აღნიშნული სამართალწარმოებისათვის. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი უკავშირებდება სარჩელის დასაშვებობის საკითხს, რის გამოც, მიუხედავად მხარეთა მოთხოვნის არსებობისა, სასამართლო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით დაადგინოს და გამოიკვლიოს სარჩელის დასაშვებობის კანონით დადგენილი პირობების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს რა აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების ფაქტს, საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს, არსებობს თუ არა გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონით გათვალისწინებული საფუძველი და მხოლოდ აღნიშნულის დადებითად გადაწყვეტის შემდგომ იქონიოს მსჯელობა აქტის მატერიალურ კანონიერებაზე. ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.