Facebook Twitter

¹ბს-417-414(კ-11) 3 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გიორგი მჭედლიძის, ა. მ.-ისა და ი. ლ.-ის სარჩელის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 29 ოქტომბერს გიორგი მჭედლიძემ, ა. მ.-მ და ი. ლ.-მ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის გ. მ.-ის სასარგებლოდ – 2714,80 ლარის, ა. მ.-ის სასარგებლოდ – 3823,93 ლარისა და ი. ლ.-ის სასარგებლოდ – 2959,46 ლარის, ასევე 2000 წლის მაისიდან 2001 წლის იანვრამდე ნამსახურობისას მიუღებელი ხელფასისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით სარჩელი ა. მ.-ისა და ი. ლ.-ის ნაწილში სარჩელის გამოხმობის გამო დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 72-73; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დარიცხული სახელფასო დავალიანების, კერძოდ, 1998 წლის სექტემბრის ხელფასის სახით _ 79,33 ლარის, ოქტომბრის ხელფასის სახით _ 85,05 ლარის, ნოემბრის ხელფასის სახით – 85,04 ლარის, დეკემბრის ხელფასის სახით _ 129,06 ლარი, 1999 წლის ივნისის ხელფასის სახით _ 85,05 ლარის, ივლისის ხელფასის სახით – 85,15 ლარის, აგვისტოს ხელფასის სახით -85,16 ლარის, სექტემბრის ხელფასის სახით _ 87,66 ლარის, ოქტომბრის ხელფასის სახით – 87,65 ლარის, ნოემბრის ხელფასის სახით _ 80,16 ლარის ანაზღაურება, ხოლო 1998 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 199 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 82-88; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად (იხ. ს.ფ. 91-101; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 14-15; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 22-30; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 36-37; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-673-639(კ-09) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო ა. ჭ.-ის მიმართ).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.