ბს-418-403(კ-09) 12 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. წ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება
განსახილველი საგანი _ მორიგების დამტკიცება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. წ-შვილმა 2008 წლის აპრილში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ¹3-574 და ¹224 ბრძანებების ბათილად ცნობა, გ. წ-შვილის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ... მოვალეობის შემსრულებლად აღდგენა, თანამდებობისათვის გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთის ზრდის გათვალისწინებით 2005 წლის 12 სექტემბრიდან, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე სახელფასო განაცდურის _ თვეში 900 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გ. წ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 05.03.08 წლის ¹3-574 და 05.03.08 წლის ¹224 ბრძანებები, მოსარჩელე გ. წ-შვილი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი (სამსახურში ყოფნის დროის ხელფასის 900 ლარის ოდენობით), სამსახურიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში; მოსარჩელე გ. წ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას თანამდებობის განაკვეთის ზრდის მიხედვით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 3 ნოემბერს, 15:00 საათზე, მხარეთა დასწრებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა 2010 წლის 10 თებერვალს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარმოადგინა მხარეებს შორის მიღწეული მორიგების აქტი.
მორიგების აქტის თანახმად, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმოდგენილი მინისტრის _ კ. B-შვილის სახით და მეორე მხრივ, გ. წ-შვილი თანხმდებიან საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ¹ბ-1323-12(ა-09) საქმის მორიგებით დამთავრებაზე შემდეგი პირობებით:
“1. გ. წ-შვილი:
1.1 უარს ამბობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ¹პ-574 და 2008 წლის 5 მარტის ¹224 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე;
1.2 უარს ამბობს აღდგენილ იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე;
1.3 უარს ამბობს, აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე სრული ოდენობით;
1.4 თანახმაა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუნაზღაუროს განაცდური დროის ხელფასი _ 25 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი არის ხელზე ასაღები თანხა, ხოლო 5 000 ლარი არის საშემოსავლო გადასახადი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
2.1 თანახმაა, გ. წ-შვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუნაზღაუროს მას იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი _ 25 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი არის ხელზე ასაღები თანხა, ხოლო 5 000 ლარი არის საშემოსავლო გადასახადი;
2.2 თანახმაა, გ. წ-შვილს 2.1 პუნქტში მითითებული თანხა აუნაზღაუროს 2010 წლის 10 აპრილამდე.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ
3.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, მორიგების აქტით განსაზღვრული ხელზე ასაღები თანხა _ 20 000 ლარი ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე:
კლიენტის დასახელება: გ. წ-შვილი
კლიენტის ანგარიშის ნომერი: ...
ბანკის დასახელება: სს ,,...” ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101480
4. მორიგების აქტი შედგენილია სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მეორე გ. წ-შვილს და მესამე წარედგინება სასამართლოს”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ, ისევე როგორც სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული საქმის დაწყება ან შეწყვეტა, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, საქმის მორიგებით დამთავრება მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული.
საკასაციო პალატამ განიხილა მორიგების აქტის წარმოდგენილი ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის მორიგებით დამთავრება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რის გამოც მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას. მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
“1. გ. წ-შვილი:
1.1 უარს ამბობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ¹პ-574 და 2008 წლის 5 მარტის ¹224 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე;
1.2 უარს ამბობს, აღდგენილ იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე;
1.3 უარს ამბობს აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე სრული ოდენობით;
1.4 თანახმაა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუნაზღაუროს განაცდური დროის ხელფასი _ 25 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი არის ხელზე ასაღები თანხა, ხოლო 5 000 ლარი არის საშემოსავლო გადასახადი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
2.1 თანახმაა, გ. წ-შვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუნაზღაუროს მას იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი _ 25 000 ლარი, საიდანაც 20 000 ლარი არის ხელზე ასაღები თანხა, ხოლო 5 000 ლარი არის საშემოსავლო გადასახადი;
2.2 თანახმაა, გ. წ-შვილს 2.1 პუნქტში მითითებული თანხა აუნაზღაუროს 2010 წლის 10 აპრილამდე.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ
3.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, მორიგების აქტით განსაზღვრული ხელზე ასაღები თანხა _ 20 000 ლარი ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე:
კლიენტის დასახელება: გ. წ-შვილი
კლიენტის ანგარიშის ნომერი: ...
ბანკის დასახელება: სს ,,...” ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101480
4. მორიგების აქტი შედგენილია სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მეორე გ. წ-შვილს და მესამე წარედგინება სასამართლოს”.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება და შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.