ბს-423-406(კ-10) 21 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სსხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. ფ-ძემ 31.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.10.09წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე-ც. ფ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო, ჯილდოს და მატერიალური დახმარების დავალიანების (გარდა კვების კომპენსაციის-ულუფის) ანაზღაურება, რაც შეადგენს 471,36 ლარს; ც. ფ-ძეს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998 წლის სახელფასო, ულუფის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე, სულ-348,28 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ც. ფ-ძეს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის-ულუფის ანაზღაურებაზე, სულ-432,61 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ც. ფ-ძეს უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2004-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე, სულ-1031,22 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.10.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ც. ფ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2010წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ც. ფ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.10.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე ც. ფ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ც. ფ-ძის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების 630 (ექვსას ოცდაათი) ლარი 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრის (ხელფასი 378,19 ლარი, ჯილდო 189,55 ლარი, მატერიალური დახმარება-63,1 ლარი), აგრეთვე 2006 წლის ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციი ლარებში ანაზღაურება; ც. ფ-ძის სარჩელი 1998-1999-2000 წლების სასურსათო ულუფის და 2004-2005 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ლარებში ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.