ბს-424-407(კ-10) 21 ივლისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 7 აგვისტოს ა. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ა. ს-ძე 2001 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.
მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა 1998 წლის ხელფასი – 308,26 ლარი, კვება – 192,34 ლარი, სულ – 500,60 ლარი და 1999 წლის ხელფასი – 150,38 ლარი, კვება – 94.40 ლარი, სულ – 244,78 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების სულ – 745,38 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელფასის – 308,26 ლარისა და 1999 წლის ხელფასის – 150,38 ლარის ანაზღაურება, ხოლო კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად - მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო. მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
სასამართლოს განმარტებით, ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა ხელისუფლების ვალდებულებათა შესრულების მიზნით მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტია. “ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად _ ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდება ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებას. ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად _ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს 2009 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის თანახმად _ წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი, იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგნიზაციას. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად _ საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
რაც შეეხება, 1998 და 1999 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურებას, სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად _ სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად - სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ასევე სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება და პროცენტული დანამატი. მითითებული ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებულია და ვინაიდან, პერიოდულად შესრულებელი ვალდებულებები არ წესრიგდება “საჯარო სამსახური შესახებ” საქართველოს კანონით ან/და შრომის კანონთა კოდექსით ან სპეციალური კანონით “სამხედრო მოსამსახურის შესახებ”, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, შრომის კანონთა კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად - ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. ივარაუდება, რომ პირმა უნდა იცოდეს ან უნდა გაეგო მისი უფლების დარღვევის შესახებ. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის დაწყება. სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად - თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დღიდან როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ძისათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხე არ უნაზღაურებდა კვების კომპენსაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვაზე, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია 2009 წლის ივლისამდე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ს-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი – ა. ს-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე აპელანტი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ა. ს-ძის სასარგებლოდ, დაეკისრა 1998-1999 წლების კვების კომპენსაციის - 286,18 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება, ა. ს-ძის მოთხოვნას – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების ფულადი კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორედ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, როდესაც 1998-1999 წლების კვების კომპენსაციის დავალიანება, ამ მუხლზე აპელირებით, მიიჩნია ხანდაზმულად, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მმართველობის საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს 2009 წლის 23 ივნისის ¹10-8/1564 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ “დავალიანების გაცემა მოხდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს ასიგნებებს მიზნობრივად დავალიანებების დასაფარად”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად - ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ, ნათლად და გარკვევით აღიარა ა. ს-ძის მიმართ არსებულ დავალიანება, რითაც ფაქტობრივად შეწყდა მოსარჩელის მიმართ, აღნიშნული დავალიანების ნაწილში, ხანდაზმულობის ვადის დენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არ არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11.2 ,,თ” ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს 1998-2000 წლებში მოქმედი "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (კვარტალური პრემია, კვების კომპენსაცია), კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი.
კასატორის განმარტებით, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2001 წლამდე რედაქციით) სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება.
ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახური კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის შემდეგი ოდენობით: 1-დან 2 წლამდე _ 5%; 2-დან 5 წლამდე _ 10%; 5-დან 10 წლამდე _ 20%; 10-დან 15 წლამდე _ 25%; 15-დან 20 წლამდე _ 40%; 30 წელზე მეტი _ 45%.
როგორც "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება კვების კომპენსაციას "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციის თანხები არ წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
აქედან გამომდინარე, კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.
საყურადღებოა, განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება _ ნების გამოვლენა _ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების არსებობა.
აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მიერ ასევე ფაქტობრივად აღიარებულია "შრომის კოდექსის" მე-6 მუხლის მე-3 ნაწილითაც _ პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, უდავოა, უფრო მეტიც, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ვალდებულებას მიეცა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის კვების კომპენსაციის გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან.
როგორც ცნობილია, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2009 წელს.
ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
სსკ-ის 129-ე მუხლის გამოყენების უპირობო კანონიერებაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიც, სადაც განმარტებულია, რომ წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ, გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართაც.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმეში არსებული 2009 წლის 5 მაისის ¹10-ბ/1099 ცნობა ადმინისტრაციულ დაპირებად ვინაიდან, მასში მოცემული არ არის დაპირება, რომ სამომავლოდ ადმინისტრაციული ორგანო აანაზღაურებს დავალიანებას, არამედ შიარაღებული ძალების გენერეალური შტაბის საფინანსო სამმართველოს მიერ გაცემული წერილში ჩამოყალიბებული დებულება სარჩელით მოთხოვნილი თანხების არა უპირობო ანაზღაურების შესახებ, არამედ მოსაზრება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნებების გამოყოფის შემთხვევაში ხელახლა იქნება განხულული, რაც ბუნებრივია, არ წამოადგენს სზაკ-ის მე-9 მუხლის დისპოზიციაში ჩამოყალიბებეულ ადმინისტრციული დაპირების ძირითად არსს.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ს-ძე 2001 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებაში. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს ¹ 10-8/8099 ცნობის (ს.ფ. 15) თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს: 1998 წლის ხელფასს – 308.26 ლარს, კვების კომპენსაციას – 192,34 ლარს. 1999 წლის ხელფასს – 150,38 ლარსა და კვების კომპენსაციას – 94,40 ლარს, სულ – 745,38 ლარს.
"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის _ 286,18 ლარის ა. ს-ძის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ა. ს-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ს-ძის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის – 286.74 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების – 458.64 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.