ბს-43-42 (კ-11) 30 მარტი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 02.06.09 წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ გ. ს-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის _ 19735,76 ლარის, პირგასამტეხლოს _ 19735,76 ლარის 0,2%-ის ოდენობის ყოველდღიურად 07.08.06 წლიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე. ასევე ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 2929,52 ლარის დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა 03.08.09 წ. განცხადება სარჩელის დაზუსტების თაობაზე, რომლითაც გ. ს-ძისათვის ჯარიმის სახით _ 22025,87 ლარის, ზიანის _ 3383,83 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 22025,87 ლარის 0,2%-ის ოდენობის ყოველდღიურად 07.08.06 წლიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე თანხის დაკისრება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.09.09 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ს-ძეს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 25 409,68 ლარის გადახდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს სახით _ 22025,87 ლარის 0,2%-ის მოპასუხისთვის დაკისრებაზე. მოპასუხე _ გ. ს-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 762,30 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გ. ს-ძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.10 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ს-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 22.09.09 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ს-ძეს დაეკისროს ჯარიმის სახით 22025,87 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 6600 ლარის გადახდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი ზიანის სახით _ 3383,81 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.