Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-440-423(კ-10) 4 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. და თ. ბ-ძეების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 31 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-440-423(კ-10) ლ. და თ. ბ-ძეების საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით ლ. და თ. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორებს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ.ს.ფ. 179-181).

კასატორებს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ლ. და თ. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნათ კასატორებსა და მის წარმომადგენელს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, კასატორებს - ლ. და თ. ბ-ძეებს განჩინება ჩაჰბარდათ 2010 წლის 21 აპრილს, ხოლო მის წარმომადგენელს თ. ლ-ძეს - 2001 წლის 20 აპრილს (იხ.ს.ფ. 184; 186), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 3 მაისს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. და თ. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და თ. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.