Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-443-426 (კ-10) 08 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2010წ. განჩინებაზე ვ. გ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2010წ. განჩინებით ვ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.09წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა ვ. გ-ძის დედას ნ. გ-ძეს 15.02.2010წ. (სფ. 42). ვ. გ-ძემ საკასაციო საჩივარი ფოსტაში წარადგინა 17.03.2010წ. (სფ. 56). სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.