ბს-443-440(კ-11) 25 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1998 წლის 30 ივლისს თ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილებისა და მესამე პირის – ბოლნისის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ 1997 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მიყენებული ზარალის – 57962 ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მხარეთა არაერთგზის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო თ. კ-ძის სარჩელი განუხილველად დარჩა.
თ. კ-ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს და გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილებისათვის 114560 ლარის ოდენობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონულმა განყოფილებამ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც თ. კ-ძის ძირითად სარჩელზე უარის თქმა, 1997 წლის 25 მარტის აუქციონის ოქმთან 1997 წლის 25 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისობაში მოყვანა, თ. კ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟისა და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების სასარგებლოდ საადვოკატო ხარჯების – 7 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსამართლე ლ. ხუციშვილის შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და სამოქალაქო სამართლის საქმე თ. კ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების და ბოლნისის რაიონული გამგეობის მიმართ, აუქციონის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა, მისი სხვა რაიონის სასამართლოში გადასაგზავნად.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა 1997 წლის 25 მარტს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ ჩატარებული აუქციონი ... საარენდო ორგანიზაციის გაყიდვის შესახებ და ასევე გაუქმდა მისგან გამომდინარე ... საარენდო ორგანიზაციის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება; საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მოსარჩელე თ. კ-ძისათვის მიყენებული ზარალის - 65 ათასი ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონულმა განყოფილებამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 7 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ქონების მართვის ბოლნისის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება; საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მარნეულის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 მაისის განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მესამე პირებად საქმეში ჩაებნენ ბოლნისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ს. ნ-ია და ვ. უ-შვილი.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. ა-ვი, შპს “...” და ბოლნისის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხანდაზმულობის გამო; ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით 1997 წლის 25 მარტის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, 1997 წლის 25 აპრილის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხისათვის 114560 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
აპელანტმა დამატებითი სააპელაციო საჩივრით მოპასუხისათვის 198360 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ 1997 წლის 25 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგები, 1997 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება და 12/5 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონულ განყოფილებას თ. კ-ძის სასარგებლოდ 83152 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონულმა განყოფილებამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 13 მაისის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ 1997 წლის 25 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების, განყოფილებასა და თ. კ-ძეს შორის 1997 წლის 25 აპრილს დადებული პრივატიზების ხელშეკრულებისა და ¹12/5ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ნაწილობრივ გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება თ. კ-ძის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 83 152 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ბოლნისის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ძისა და ბოლნისის რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის განყოფილების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება ძირითადი და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბოლნისის რაიონის გამგეობას თ. კ-ძის სასარგებლოდ 29000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის განყოფილების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. კ-ძეს ბოლნისის რაიონის გამგეობისათვის 1997 წლის 25 მარტის აუქციონზე შეძენილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით და ქონების აღწერის აქტით განსაზღვრული ... საარენდო ორგანიზაციის ქონების დაბრუნება დაევალა, ხოლო შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში 13000 ლარის ოდენობით მისი ღირებულების ანაზღაურება დაეკისრა; თ. კ-ძეს ბოლნისის რაიონის გამგეობისათვის 3000 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.