Facebook Twitter

¹ბს-444-441(კ-11) 2 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ა.-ის, მ. მ.-ის, ს. მ.-ისა და გ. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ე. გ.-მა, რ. ა.-მა და ზ. ა.-მ 2006 წლის 3 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - მარნეულის რაიონის გამგეობის, მარნეულის რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის ბიუროს, ს. მ.-ის, ა. ა.-ის, მ. მ.-ისა და გ. მ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ.-ის, რ. ა.-ისა და ზ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის ...-ის საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის ოქმი ¹80-ის საფუძველზე მიღებული, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მარნეულის რაიონის ტერიტორიული ორგანოს ოქმი ¹161 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დადასტურების შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ა.-მა, მ. მ.-მა, ს. მ.-მა და გ. მ.-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ა. ა.-ის, მ. მ.-ის, ს. მ.-ისა და გ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ.-ის, რ. ა.-ისა და ზ. ა.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის ...-ის საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის ოქმი ¹80-ის საფუძველზე გამოცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დადასტურების შესახებ ოქმი ¹161, მისი ძალაში შესვლის დღიდან, ყველა თანმდევი შედეგით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ა.-მა, მ. მ.-მა, ს. მ.-მა და გ. მ.-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ა.-ის, მ. მ.-ის, ს. მ.-ისა და გ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ა.-მა, მ. მ.-მა, ს. მ.-მა და გ. მ.-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა.-ის, მ. მ.-ის, ს. მ.-ისა და გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ა.-ის, მ. მ.-ის, ს. მ.-ისა და გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.-ის, მ. მ.-ის, ს. მ.-ისა და გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

კასატორს – ა. ა.-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 7 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.