ბს-458-439(2კ-10) 15 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები): 1. ქ. ბათუმის მერია; 2. შპს “...”
მოსარჩელე _ ე. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 19 მარტს ე. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიისა და შპს “...” მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტით შპს “...” აიღო ვალდებულება მის მიერ აუქციონის წესით შეძენილ საავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ამავე საცხოვრებელ სახლში, მე-8-მე-12 სართულებს შორის, საკუთრების უფლებით 70-90 კვ. მეტრამდე ოდენობის ინდივიდუალური საკუთრების ფართის გადაცემის შესახებ, ხოლო მოსარჩელემ სანაცვლოდ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე საჯარო რეესტრის მონაცემების ბათილად ცნობა, აუქციონის გამოცხადების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ბრძანებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო აუქციონი გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის მიერ და 2008 წლის 21 იანვარს ქ. ბათუმის მერიის ¹34 ბრძანებით კვლავ გამოცხადდა განმეორებითი აუქციონი. აღნიშნული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო შპს “...”, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად. მოსარჩელის განმარტებით, არც ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ბრძანება და არც ხსენებული პირობითი აუქციონის გამოცხადების შესახებ ოქმით არ იქნა გათვალისწინებული მისი კანონიერი ინტერესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანებისა და 2008 წლის 25 თებერვლის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ე. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანება, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2008 წლის 25 თებერვლის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი; სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილისა და 6 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიისა და შპს ,,...” საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიისა და შპს “...” საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 8 ივლისს, 12.00 საათზე.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს ე. გ-ძესა და შპს “...” შორის გაფორმებული მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
“ერთის მხრივ, ე. გ-ძის წარმომადგენელი ნ. ბ-ძე და მეორეს მხრივ, შპს “...” წარმომადგენელი ა. ც-ძე პ/ნ ... შეთანხმდნენ, რომ ე. გ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და შპს “...” მიმართ ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2008 წლის 25 თებერვლის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე საქმე ¹ბს-458-439(2კ-10) დამთავრდეს მორიგებით:
1. ე. გ-ძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს (საქმე ¹3-549) განჩინებით დამტკიცებული 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების სანაცვლოდ იღებს ახალ შესრულებას “პირობას” კერძოდ, შპს “...” ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 3626 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში ე. გ-ძეს ამავე საცხოვრებელ სახლში საკუთრების უფლებით გადასცემს არანაკლებ 92 კვ.მ-მდე ოდენობით სასარგებლო ფართს (სამოთახიან ბინას), მე-8, მე-12 სართულებს შორის;
2. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით წყდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს (საქმე ¹3-549) განჩინებით დამტკიცებული 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების ვალდებულებათა ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის საფუძველზე;
3. შპს “...” ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 3626 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განახორციელოს ქ. ბათუმის მერიასა და შპს “...” შორის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანებისა და 2008 წლის 28 თებერვლის ოქმის საფუძველზე;
4. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მათ მიერ გამოვლენილ ნებას;
5. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში;
6. მხარეები თანახმანი არიან, რომ 2010 წლის 16 სექტემბრის მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტის საფუძველზე შეწყდეს სასამართლოში ე. გ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და შპს “...” მიმართ ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2008 წლის 25 თებერვლის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე მიმდინარე საქმის წარმოება;
7. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადო უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
8. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით იდავონ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
9. შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდეგ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დადგენილება, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულების აღსრულებაზე;
10. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობო მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
11. მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფითი ზემოქმედების მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;
12. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს;
13. წინამდებარე მორიგების აქტი და სასამართლოს განჩინება მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით ე. გ-ძესა და შპს “...” შორის გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ე. გ-ძესა და შპს “...” შორის მორიგება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ე. გ-ძესა და შპს “...” შორის გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია ერთი მხრივ, შპს “...” წარმომადგენლის ა. ც-ძის (საქმეში წარმოდგენილია სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა), ხოლო მეორე მხრივ, ე. გ-ძის წარმომადგენლის _ ნ. ბ-ძის (საქმეში წარმოდგენილია სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა) მიერ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო დავის საფუძველზე, რაც ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის დამთავრდა მორიგებით. შესაბამისად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა, ვინაიდან სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამომწვევი წინაპირობა, მოგვარებულ იქნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ე. გ-ძესა და შპს “...” შორის გაფორმებული მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ა. ც-ძეს შპს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შპს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს ე. გ-ძესა და შპს “...” შორის 2010 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
“ერთის მხრივ, ე. გ-ძის წარმომადგენელი ნ. ბ-ძე და მეორეს მხრივ, შპს “...” წარმომადგენელი ა. ც-ძე პ/ნ ... შეთანხმდნენ, რომ ე. გ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და შპს “...” მიმართ ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2008 წლის 25 თებერვლის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე საქმე ¹ბს-458-439(2კ-10) დამთავრდეს მორიგებით:
1.1 ე. გ-ძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს (საქმე ¹3-549) განჩინებით დამტკიცებული 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების სანაცვლოდ იღებს ახალ შესრულებას “პირობას” კერძოდ, შპს “...” ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 3626 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში ე. გ-ძეს ამავე საცხოვრებელ სახლში საკუთრების უფლებით გადასცემს არანაკლებ 92 კვ.მ-მდე ოდენობით სასარგებლო ფართს (სამოთახიან ბინას), მე-8, მე-12 სართულებს შორის;
1.2 წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით წყდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს (საქმე ¹3-549) განჩინებით დამტკიცებული 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების ვალდებულებათა ურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის საფუძველზე;
1.3 შპს “...” ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 3626 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განახორციელოს ქ. ბათუმის მერიასა და შპს “...” შორის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანებისა და 2008 წლის 28 თებერვლის ოქმის საფუძველზე;
1.4 მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობები შეესაბამება მათ მიერ გამოვლენილ ნებას;
1.5 მხარეთა მიერ ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში;
1.6 მხარეები თანახმანი არიან, რომ 2010 წლის 16 სექტემბრის მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტის საფუძველზე შეწყდეს სასამართლოში ე. გ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისა და შპს “...” მიმართ ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2008 წლის 25 თებერვლის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე მიმდინარე საქმის წარმოება;
1.7 წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მხარეები იძლევიან გარანტიას, რომ ისინი წარმოადგენენ სათანადო უფლებამოსილ პირებს და აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
1.8 მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს აღარ აქვთ უფლება განმეორებით იდავონ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
1.9 შეთანხმების ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევის შემდეგ და სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დადგენილება, ზეგავლენას ვერ მოახდენს ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულების აღსრულებაზე;
1.10 მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობო მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
1.11 მხარეები აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფითი ზემოქმედების მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია;
1.12 წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დასამტკიცებლად, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩებათ მხარეებს;
1.13 წინამდებარე მორიგების აქტი და სასამართლოს განჩინება მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში”.
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);
6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
7. ა. ც-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ შპს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.