საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-460-441 (კ-10) 16 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.2010წ. განჩინებაზე გ. კ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.2010წ. განჩინებით გ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.09.09წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა გ. კ-ძის მამას ჯ. კ-ძეს 05.02.2010წ. (სფ. 137), აღნიშნული განჩინება იმავე დღეს -05.02.2010წ. ჩაბარდა გ. კ-ძის წარმომადგენელს რ. ც-ძეს. გ. კ-ძემ საკასაციო საჩივარი ფოსტაში წარადგინა 12.03.2010წ. (სფ. 150), საკასაციო საჩივარს გ. კ-ძის წარმომადგენელი ხელს აწერს 12.03.2010წ. (სფ. 149). სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.