ბს-461-442(კ-10) 23 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ჟ-ტის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 25 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ჟ-ტმა, მოპასუხეების აჭარის სააღსრულებო ბიუროს, კ. ჟ-ძის, ნ. ქ-ძისა და მესამე პირების ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და სს ,,...” ბანკის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ნათელა ჟღენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჟ-ტმა. აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით ნ. ჟ-ტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჟ-ტმა, რომელმაც მოითხოვა საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ნ. ჟ-ტის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებით ნ. ჟ-ტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2010 წლის 27 აპრილს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ნ. ჟ-ტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 1 მაისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარა 2010 წლის 1 მაისს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 11 მაისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნ. ჟ-ტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჟ-ტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.