ბს-46-45(კ-10) 22 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. ა-ევი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ა-ევის წარმომადგენელმა _ ა. კ-ძემ 2009 წლის 29 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადი ინსპექციას), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელე ,,...” მოდელის ავტობუსით სახ. ¹..., აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ბრუნდებოდა საქართველოში. აღნიშნული საბაჟო პუნქტის გავლისას საბაჟოს თანამშრომლებმა მის მიმართ შეადგინეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რის მიხედვითაც, მოსარჩელეს ავტობუსზე კუსტარულად დამონტაჟებული ავზით საქართველოში მალულად შემოჰქონდა დაახლოებით 100 ლიტრი დიზელის საწვავი (რეალურად ავზში აღმოჩნდა 90 ლიტრის დიზელის საწვავი, დაახლოებით 171 ლარად ღირებული). აღნიშნულის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის უფლებამოსილი პირის 2008 წლის 6 ოქტომბრის ¹16.18/8539/04 საბაჟო შეტყობინებით ა. ა-ევს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა ჯარიმა _ 2000 ლარი, ასევე უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბაჟო სამართალდარღვევის საქონელი – 90 ლიტრის დიზელის საწვავი და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალება _ “...” მოდელის ავტობუსი, სახ. ¹.... აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ა-ევმა გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში _ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და მოითხოვა ამ აქტის ბათილად ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში. მოსარჩელის საჩივარი ზემოხსენებული ადმინინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის 2008 წლის 24 ნოემბრის ¹3435 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული, რის გამოც აღნიშნული ბრძანება იმავე მოთხოვნით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განმხილველ საბჭოში, რომელმაც 2009 წლის 15 იანვრის ¹10/300 გადაწყვეტილებით ა. ა-ევის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელის მითითებით, მისთვის ხსენებული დარღვევისათვის ჯარიმის სახით 2000 ლართან ერთად 90 ლიტრი საწვავისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, მისი ოჯახის ფაქტიურ განადგურებას ნიშნავს, რადგან ავტობუსში მას გადახდილი აქვს 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, რომელიც ისესხა თავისი ახლობლისაგან და ფიქრობდა, რომ ამ გზით ოჯახის რჩენას შეძლებდა. ავტობუსის ჩამორთმევის შემთხვევაში კი მას მოაკლდება ერთადერთი საარსებო საშუალება, ვინაიდან მოსარჩელეს თავის კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
2009 წლის 23 აპრილს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოხსნა მოთხოვნები ჯარიმის დაკისრებისა და საწვავის ჩამორთმევის ნაწილში და აღნიშნა, რომ მოითხოვს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. A-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 6 ოქტომბერს შედგენილი ¹16.18/8539/04 საბაჟო შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 24 ნოემბრის ¹3435 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2009 წლის 15 იანვრის ¹10/300 გადაწყვეტილება, მოსარჩელე ა. A-ევისათვის სატრანსპორტო საშუალების _ “...” მარკის ავტობუსის, სახ. ¹... უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული სანქცია არ იყო მის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი და განმარტა, რომ მართალია, საბაჟო ორგანო მოსარჩელეზე სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, არამედ მთლიანად უნდა იქნეს გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესი. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მის მიმართ სანქციის შეფარდებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ა. A-ევის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარვევისათვის სანქციის შეფარდებისას დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით არ დასაბუთდა კონკრეტულ შემთხვევაში სანქციის სრულად შეფარდების მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ანუ არ იქნა განსაზღვრული ა. A-ევის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე მიღებული სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული ის შედეგი, რაც სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის ამოცანას წარმოადგენდა. მართალია, საბაჟო კანონმდებლობა სამართალდარღვევათა შესახებ კონკრეტულად არ აწესებს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა წრეს, მაგრამ კონკრეტული ნორმის დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმეზე არსებული გარემოებები და მტკიცებულებები უნდა შეფასდეს იმ კონკრეტული საქმისათვის. ამ შემთხვევაში არ იქნა გაზიარებული ის გარემოებები, რომ სამართალდამრღვევი აღიარებდა ჩადენილ სამართალდარღვევას და იგი პირველად იყო გამოვლენილი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მოსარჩელის მიერ მისთვის მიმართვის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად გამოაცხადოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ა. A-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ან მისგან მალულად, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას უკანონოდ გადაადგილებული ნივთის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა, ან/და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის საფუძველი გახდა ა. A-ევის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა, რის თაობაზეც შედგენილ იქნა 2008 წლის 28 სექტემბრის ¹010121 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მისი განხილვის შემდეგ გამოცემულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის ¹16.18/8539/04 საბაჟო შეტყობინება, რომლითაც ა. A-ევს შეეფარდა ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, ასევე უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბაჟო სამართალდარღვევის საქონელი _ 90 ლიტრი დიზელის საწვავი და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალება “...” მოდელის ავტობუსი სახ. ¹....
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი (მოადგილე) მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის ა. ა-ევს შეეფარდა სანქცია, რის გამოც მიღებულ იქნა ზემოთ მითითებული, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილება. საბაჟო სანქციის გამოყენების არსებით მიზანს კი წარმოადგენდა ახალი საბაჟო სამართალდარღვევის თავიდან აცილება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო ამოწმებს მხოლოდ გასაჩივრებული აქტის ფორმალურ-მატერიალურ კანონიერებას და ის არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ევმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გადაწვეტილება იმდენად არასრულად დაასაბუთა, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული კანონდარღვევების შესახებ, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც საქმეზე გამოიტანა არასწორი, უკანონო გადაწყვეტილება. ასევე სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მიუთითა, რომ სასამართლო ამოწმებს მხოლოდ გასაჩივრებული აქტის ფორმალურ-მატერიალურ კანონიერებას და არა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, მიუხედავად ამისა სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალურ-მატერიალური კანონიერება.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ფორმალურ-მატერიალური კანონიერების დაუცველობას შედეგად ამ აქტის უკანონობა მოჰყვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. A-ევის წარმომადგენლის ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა. A-ევის საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2010 წლის 10 ივნისს გამართულ სხდომაზე კასატორ ა. ა-ევის წარმომადგენელმა ი. მ-ძემ დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოითხოვს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ა. Aა-ევის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა. ა-ევისათვის ავტომანქანის უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა-ევის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის საბაჟო შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 24 ნოემბრის ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება ა. ა-ევისათვის სატრანსპორტო საშუალების ,,...” მარკის ავტობუსის სახ. ¹... უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 28 სექტემბერს ს.გ.პ. “...” ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა “...” მარკის ავტობუსი სახელმწიფო ¹...., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა. ა-ევი. ავტობუსის შემოწმებისას მასში აღმოჩენილ იქნა დამონტაჟებული კუსტრაულად დამზადებული ავზი, რომლითაც მალულად გადმოჰქონდა დიზელის საწვავი. აღნიშნულ ფაქტზე ს.გ.პ. “...’’ უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუველზე შედგენილ იქნა ¹... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ლ. შ-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 3 ოქტომბრის ¹3353/19 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “...” მარკის ავტობუსში დამონტაჟებულ კუსტარულად დამზადებულ ავზში არსებული დიზელის საწვავის რაოდენობა შეადგენდა 90 ლიტრს, ხოლო საბაზრო ღირებულება 171 ლარს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ მიღებულ იქნა საბაჟოO შეტყობინება, რომლითაც ა. ა-ევს დაეკისრა პასუხიმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარი, უსასყიდლოდ ჩამოერთვა საბაჟო სამართალდარღვევის საქონელი 90 ლიტრი დიზელის საწვავი და სატრანსპორტო საშუალება ,,...’’ მარკის ავტობუსი სახელმწიფო ¹.....
საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ან მისგან მალულად, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას უკანონოდ გადაადგილებული ნივთის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა, ან/და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საბაჟო ორგანო ა. A-ევისათვის სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, არამედ მთლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესი. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მის მიმართ სანქციის შეფარდებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას. ის ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების რამოდენიმე ალტერნატიული სახე ერთობლიობაში ან განცალკევებულად, რაც უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ საქმეზე, გადაწყვეტილება მიიღოს ამ საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა _ კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებიდან რომელი გამოიყენოს. ამასთან ისე, რომ დაცულ იქნეს სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები, რათა არ იქნეს დაუსაბუთებლად შეზღუდული მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები. მართალია, აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევს უფლებას თავად შეარჩიოს მისაღები სანქცია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება დამატებითი მოთხოვნების დაცვა. ანუ ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც საჯარო ძალაუფლების მატარებელს დამატებითი მოთხოვნები წაეყენება, რადგან დაცულ იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. ადმინისტრაციული ორგანო, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს და ახორციელებს საჯარო ინტერესებს, თავის საქმიანობაში უნდა აბალანსებდეს საჯარო და კერძო ინტერესებს და რომელიმე მათგანს გაუმართლებელ პრივილეგიას არ უნდა ანიჭებდეს, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ინტერესი არანაკლებ ფასეულია, ვიდრე სახელმწიფოსი. ეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებაა ნებისმიერი მოქალაქის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ა. A-ევის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარვევისათვის სანქციის შეფარდებისას დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციის სრულად შეფარდების მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ანუ არ იქნა განსაზღვრული ა. A-ევის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე მიღებული სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული ის შედეგი, რაც სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის ამოცანას წარმოადგენს. მართალია, საბაჟო კანონმდებლობა სამართალდარღვევათა შესახებ კონკრეტულად არ აწესებს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა წრეს, მაგრამ კონკრეტული ნორმის დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმეზე არსებული გარემოებები და მტკიცებულებები უნდა შეფასდეს იმ კონკრეტული საქმისათვის. ამ შემთხვევაში არ იქნა გაზიარებული ის გარემოებები, რომ სამართალდამრღვევი აღიარებდა ჩადენილ სამართალდარღვევას და იგი პირველად იყო გამოვლენილი.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. A-ევის მოთხოვნა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა. ა-ევისათვის ავტომანქანის უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ა. A-ევის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის საბაჟო შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 24 ნოემბრის ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება ა. ა-ევისათვის სატრანსპორტო საშუალების ,,...” მარკის ავტობუსის სახ. ¹... უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. Aა-ევის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა. ა-ევისათვის ავტომანქანის უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. Aა-ევის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის საბაჟო შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 24 ნოემბრის ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება ა. ა-ევისათვის სატრანსპორტო საშუალების ,,...” მარკის ავტობუსის სახ. ¹... უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.