Facebook Twitter

ბს-466-447(კ-10) 6 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნ. მარგველაშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ სპს “...”, წარმომადგენელი ს. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ჩ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 18 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სპს ,,...” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან 2005 წლის 23 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 52057.20 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წელს გამოცხადებული იყო ტენდერი სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის “ჩაის” სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა სპს “...”, რომელთანაც 2005 წლის 23 ივნისს გაფორმდა ¹61 ხელშეკრულება, მითითებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, მოეხდინა პერსპექტიული ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლა. შპს “...” გადაეცა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 28 000 ლარი. მისარჩელის მოსაზრებით, სპს “...” მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

Mმოპასუხის-სპს “...” წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად 13 840 ლარის შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი და ხელმოწერილია მხარეების მიერ 2005 წლის 1 დეკემბერს. დარჩენილი სამუშაოები სპს “...” მიერ შესრულებული იყო ხელშკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გადაცილება შეთანხმებული ჰქონდა მოსარჩელესთან. ის ფაქტი, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ იყო შედგენილი დარჩენილ შესასრულებელ სამუშაოებზე, არ გულისხმობს, რომ ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე - სპს ,,...” მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სპს ,,...” დაეკისრა სოფლის მეურნეობის სამინისტორს სასარგებლოდ 14 500 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2006 წლის 01 იანვრიდან 2008 წლის 30 დეკემბრამდე) 14560 ლარის 0.1%-ის 15943.20 ლარის გადახდა.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე და 361-ე მუხლებზე და 2005 წლის 1 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ სპს “...” მიერ შესრულებული იყო მხოლოდ 13 840 ლარის სამუშაო, ხოლო დარჩენილ 14560 ლარზე მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, შესაბამისად, სასამათრთლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს ,,...”.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით სპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ საქმეში არსებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეცვლისას, ცვლილებების ინიციატორი ვალდებული იყო წერილობით ეცნობებია მეორე მხარისათვის, რომელიც უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების სახით, როგორც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სპს “...” მიერ არ იქნა დაცული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულება სპს “...” მიერ შესრულებულია მხოლოდ 13 840 ლარის ღირებულების მომსახურეობის ნაწილში.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს “...”.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახლი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება სპს “...” მიერ შესრულებულია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 23 ივნისის ¹61 ხელშეკრულების მეხუთე პუნქტისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის ¹167 ბრძანების თანახმად, ევალებოდა ინსპექტირების ჯგუფს, რომელთა მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება არ შეიძლებოდა გამხდარიყო სპს “...” ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი. Kკასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც თავისი შინაარსითა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარეს უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. კასატორი მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 400-ე და 401-ე მუხლებზე და თვლიდა, რომ მოცემულ შემთხვევაში სპს “...” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა სრულად კრედიტორის მიერ მისი გაფრთხილებისა და დამატებით ვადის დანიშვნის გარეშე, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის 2007 წლის 16 აპრილის წერილით. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდიდა სარჩელის განსჯადობას და თვლიდა, რომ საქმე განხილული იყო არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს “...” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია განსჯადობის წესების დარღვევით, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ გამოუკვლევია და არ შეუმოწმებია, განსახილველი დავა მიეკუთვნება თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია დავის გადაწყვეტის საპროცესო წესი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. განსჯადობის წესის დაცვით დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.

წინამდებარე შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს “...” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა –სპს “...” იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, სპს “...” სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ხელვაჩაურის რაიონში უნდა გაეწია პერპექტიული ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლის მომსახურეობა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასარჩელო განცხადებით მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილებისთვის, მომსახურეობის დაგვიანებით შესრულებისათვის, 2005 წლის 23 ივნისის ¹61 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე, ითხოვს მოპასუხისათვის ზიანისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი მომსახურეობის ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს თანხის დაკისრებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ არიან აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით და სარგებლობენ სამოქალაქო ხელშეკრულებისათვის მახასიათებელი ნების ავტონომიურობის პრინციპით, სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მუხლები, სადავო სამართალურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ სადავო სამართალურთიერთობები კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამდენად სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის 2.3 მუხლის თანახმად საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვას და თვლის, რომ განსჯადობის აღრევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და ექვემდებარება გაუქმებას. რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის, შემდგომი განხილვის მიზნით, განსჯადი სასამართლოსათვის დაქვემდებარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.