Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-470-467 (კ-11) 18 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.10წ. გადაწყვეტილებაზე ი/მ ბ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 31.08.10 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი/მ ბ. ბ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის შემცველი გზავნილი ბ. ბ-შვილის მეუღლეს ჩაბარდა 18.01.11 წ. საქმეში მითითებულ მისამართზე (ტ. II, ს.ფ. 50). ამდენად, ი/მ ბ. ბ-შვილისათვის სააპელაციო სასამართლოს 17.11.10 წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 18.02.11 წ. (პარასკევს). საკასაციო საჩივარი მხარემ ფოსტის განყოფილებას 21.02.11 წ. ჩააბარა. სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.10წ. გადაწყვეტილება ი.მ. ბ. ბ-შვილის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

18.03.11 წ. საკასაციო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ბ. ბ-შვილის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო ბ. ბ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ ბ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. ბ. ბ-შვილს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ 17.02.11 წ. ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ( ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.