Facebook Twitter

ბს-474-454(კ-10) 7 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – კ. მ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 30 ივლისს კ. მ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2003-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ... განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად, განყოფილების გამგის მოადგილედ, გამგეობის ... თავმჯდომარის მოადგილედ, ... განყოფილების ... კომიტეტის თავმჯდომარედ და ა.შ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2005 წლის 13 აპრილს ქ. თბილისის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით გაანთავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელის განმარტებით,მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹¹240/1-03 და 2006 წლის 21 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულებები სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების თანახმად, იგი სამსახურიდან განთავისუფლებულად 2005 წლის 13 აპრილიდან ჩაითვალა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები, აგრეთვე ამავე კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლები და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე, 97-ე მუხლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. მ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების მე-4 პუნქტი განთავისუფლების ვადის მითითების ნაწილში (2005 წლის 13 აპრილიდან); კ. მ-იას სარჩელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას მოსარჩელისათვის 2005 წლის 13 აპრილიდან 2008 წლის 9 ივლისამდე პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა; კ. მ-იას სარჩელი ქ. თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და 2008 წლის 9 ივლისის შემდგომი პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-იამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამაც. აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. მ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. მ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-იას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹¹240/1-03 და 2006 წლის 21 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულებები სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულებით ცნობად იქნა მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულება, კ. მ-იამ უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე – ... გაყოფილების ... დანიშვნაზე, სასამართლო გადაწყვეტილებით გამგეობას იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება არ დაკისრებია, რის გამოც იგი სამსახურიდან განთავისუფლებულად 2005 წლის 13 აპრილიდან ჩაითვალა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის განთავისუფლება მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის 2005 წლის 13 აპრილისათვის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხელეს შესთავაზებდნენ სხვა თანამდებობას და იგი უარს განაცხადებდა ამ თანამდებობაზე დანიშვნაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულების თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კ. მ-იას შესთავაზეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ... განყოფილებაში ... თანამდებობაზე დანიშვნა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამასთანავე, გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით გამგეობას კ. მ-იასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება არ დაკისრებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 იანვრის და 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებებით, კ. მ-იას სარჩელი იძულებითი განაცდურის (ხელფასის) ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილებულა, რაც მოსარჩელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (სააპელაციო საჩივრის წარდგენით) სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში იყო უსაფუძვლო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. მ-იას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი კ. მ-იას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹240/1-03 განკარგულების თანახმად, ,,ქ. თბილისის მერიის მმართველობის სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულების მე-5 პუნქტისა და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის @¹10 ბრძანებით დამტკიცებული ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, კ. მ-ია განთავისუფლდა სამსახურიდან (ტ. I, ს.ფ. 13-14). 2005 წლის 13 მაისს კ. მ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობის მიმართ და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹240/1-03 განკარგულების მისი განთავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის და მისი კუთვნილი მანქანის ამორტიზაციისა და რემონტის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით კ. მ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის განთავისუფლების ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 13 აპრილის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის ¹240/1-03 განკარგულება და მოპასუხეს _ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა; მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტომანქანის ამორტიზაციისა და რემონტის ხარჯის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე (ტ. I, ს.ფ. 74-79). აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მაისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებებით (ტ. I, ს.ფ. 104-111; ს.ფ. 126-130).

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2006 წლის 21 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულება და მოპასუხეს _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა (ტ. II, ს.ფ. 122-130). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინებებით (ტ. II, 175-183; ს.ფ. 211-220).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა გასაჩივრებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 9 ივლისის ¹67/1-03 განკარგულებით ცნობად იქნა მიღებული, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით გამგეობას კ. მ-იასათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება არ დაკისრებია, რის გამოც, იგი სამსახურიდან განთავისუფლებულად 2005 წლის 13 აპრილიდან ჩაითვალა (ტ. III, ს.ფ. 2-5).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 იანვრის და 2007 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებებით, კ. მ-იას სარჩელი იძულებითი განაცდურის (ხელფასის) ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილებულა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში კ. მ-ია გამგეობის განკარგულებების ბათილად ცნობასთან ერთად, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა (ტ. I, ს.ფ. 2-3; ტ. II, ს.ფ. 1-3). ამასთან, საკასაციო სამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსიდან გამომდინარე, კ. მ-იას უარი ეთქვა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ტ. I, ს.ფ. 75-79; ტ. II, ს.ფ. 123-130).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო (ხელფასი). ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად კი, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულ შრომით უფლებების დაცვისა და შრომის ანაზღაურების პრინციპებს. ამდენად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს კანონი აძლევს უფლებას, მოითხოვოს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) და 2005 წლის 28 ნოემბრის ¹ბს-1043-625(კ-05) განჩინებებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს, პირის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემიდან ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამასთან, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ითვლება, რომ მოხელე, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან განთავისუფლებული არ არის, რის გამოც მას მიეცემა იძულებითი განაცდური ხელფასი, იმ ხელფასის შესაბამისად, რომელსაც იგი იღებდა სადავო ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹240/1-09 და 2006 წლის 26 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულებები, მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმა საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენად დასაშვებია მოსარჩელის განთავისუფლება წინა რიცხვიდან ანუ 2005 წლის 13 აპრილიდან, მაშინ როდესაც მისი განთავისუფლების შესახებ განკარგულება 2008 წლის 9 ივლისს არის გამოცემული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. მ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.