Facebook Twitter

ბს-479-459(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნიკოლოზ მარგველაშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტო”, წარმომადგენელი _ ს. ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 3 აგვისტოს ნ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1975 წლიდან 2006 წლის მაისამდე მუშაობდა ... საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში, სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდზე. მისი საერთო ... შეადგენდა 11987 საათს, ... სტაჟი კი _ 35 წელს.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის სექტემბრიდან “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანების ¹2 დანართის მე-71 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია თანხის არასწორი დადგენით, რის შესახებაც მოსარჩელემ 2009 წლის 25 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოსა” და კომპენსაციის დანიშვნის დღიდან, სახელმწიფო კომპენსაციის თანხაში სათანადო ცვლილების შეტანა მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრებოდა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო მოხელის თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავდა საქართველოს სამინისტრო, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. 2009 წლიდან კი აღნიშნულს განსაზღვრავდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლის გამგებლობაში შედიოდა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, სადაც მინიმალურ თანამდებობრივ სარგოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის ¹12/ო ბრძანებით შეადგენდა 950 ლარი. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მისთვის უნდა დაენიშნათ აღნიშნული თანხის 80% _ 760 ლარი.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს, რის საფუძველზეც მოსარჩელის კომპენსაციის თანხა უნდა განსაზღვრულიყო 560 ლარით.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტომ” იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულების პირველი პუნქტით, რის საფუძველზეც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრა 135 ლარის ოდენობით, საიდანაც ნ. ბ-შვილს დაუდგინა აღნიშნული თანხის 80% _ 118 ლარის ოდენობის კომპენსაცია, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის” მისთვის დანიშნულ სახელმწიფო კომპენსაციის თანხაში სათანადო ცვლილების შეტანა და 2006 წლის სექტემბრიდან ყოველთვიურად სახელმწიფო კომპენსაციის 560 ლარის ოდენობით დანიშვნის დავალება მოითხოვა.

მოპასუხემ _ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტომ” სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოდან. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹661 ბრძანებულებით “აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 135 ლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 560 ლარისა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2009 წლის 10 ივლისის ¹07/07-14947 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგოდან საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹661 ბრძანებულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინიმალური ხელფასის თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით. სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2009 წლის 10 აგვისტოს წერილით კი, მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება გააჩნდათ სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს. კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეეძლო აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. მითითებული კანონის მე-151 მუხლის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომენსაციის ოდენობა განისაზღვრებოდა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით _ ..., ..., ..., ან ,,...”-ის მეთაურისათვის.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის დებულება დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹40 დადგენილებით. ხსენებული დებულების თანახმად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა (მათ შორის, საჰაერო) და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და კარტოგრაფიის, საავტომობილო გზებისა და ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტები. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ამასთან, ზემოხსენებული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სალიკვიდაციო კომისია, მე-14 პუნქტმა კი განსაზღვრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლე _ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ 2008 წლის 23 დეკემბრის ¹848-II კანონის მე-2 მუხლის თანახმად, შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელსაც მმართველობის სფეროში გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია. ხსენებული კანონი ამოქმედდა 2009 წლის 1 თებერვლიდან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის ¹12/ო ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რომლის თანახმად, ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციის თანამდებობის პირის მინიმალური ხელფასი შეადგენდა 950 ლარს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით განსაზღვრავდა სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის ზედა და ქვედა ზღვრებს საჯარო სამსახურის თანამდებობრივი რანგების მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლებში შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს მიენიჭათ უფლებამოსილება განესაზღვრათ სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია და განმარტა, რომ ნ. ბ-შვილი განეკუთვნებოდა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია უნდა დანიშვნოდა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტომ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიუთითა მათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტომ”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არ იმსჯელეს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის ¹12/ო ბრძანებით განისაზღვრა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა, ხოლო თანამდებობრივი სარგოს მინიმალური ზღვარი ხსენებული ბრძანებით არ დადგენილა. კასატორი აღნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო 135 ლარის ოდენობით განისაზღვრა “აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹661 ბრძანებულებით.

ამდენად, კასატორის განმარტებით, მის მიერ სწორად იქნა გაანგარიშებული “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაცია საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომლის გამგებლობაშიც შედიოდა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, მინიმალური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 950 ლარს, ნ. ბ-შვილისათვის სახელმწიფო კომპენსაცია 950 ლარის 80%, ანუ 750 ლარი უნდა დაენიშნათ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 650 ლარს სააგენტოს დაევალა კომპენსაციის თანხაში ცვლილების შეტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის ¹12/ო ბრძანებით არ განსაზღვრულა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის მუშაკთა მინიმალურ თანამდებობრივ სარგოდ 950 ლარი, ამ ბრძანებით მხოლოდ განიმარტა სარგოები და საშტატო ნუსხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის განჩინებით სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 24 ივნისს, 13.30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2009 წლის 10 ივლისის ¹07/07-14947 წერილით ნ. ბ-შვილს განემარტა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოდან. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹661 ბრძანებულებით “აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 135 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გაანგარიშდებოდა 135 ლარიდან (ს.ფ. 12).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2009 წლის 10 აგვისტოს ¹07-07-169/3 წერილი, რომლითაც ნ. ბ-შვილს განემარტა, რომ მას სახელმწიფო კომპენსაცია სამოქალაქო ავიაციის ხაზით დაენიშნა კანონის შესაბამისად (ს.ფ. 45).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ბ-შვილი განეკუთვნება “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს (მამაკაცს) ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ითვალისწინებს ხსენებული კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების პირობებს, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს: ა) 100%-ის ოდენობით _ ხომალდის მეთაურისათვის; ბ) 80%-ის ოდენობით – მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, “ან-2”-ის მეთაურისათვის; გ) 70%-ის ოდენობით – ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის, ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, აგრეთვე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლით განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი და პირობები დაკონკრეტებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის” ¹2 დანართის მე-71 მუხლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის” ¹2 დანართის მე-71 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოდან.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ. ბ-შვილს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია უნდა დანიშვნოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს მოქმედი სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესს. აღნიშნული ნორმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლებში შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს მიენიჭათ უფლებამოსილება განესაზღვრათ სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოქმედ მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს “საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოსა” და “მოქმედი საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარის” ცნებებს. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კანონმდებელი ზოგ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება უნდა მოხდეს “საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს” ოდენობიდან, ხოლო ზოგ შემთხვევაში პირდაპირ აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაანგარიშება მოხდეს “მოქმედი საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოდან”. მაგალითად, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-152 მუხლში მითითებულია: “საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს _ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) _ არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით”. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელი პირდაპირ უთითებს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი მოადგილისათვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება ხდება მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კანონმდებელი უთითებს საჯარო მოხელის მინიმალურ თამადებობრივ სარგოზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოსა” და “მოქმედი საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარის” ცნებები განსხვავებული ინსტიტუტებია და მათი სამართლებრივი რეგულირება სხვადასხვა აქტით ხდება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად შესაძლებელი იყო “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მოქმედი საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარიდან გაანგარიშება, როდესაც კანონმდებელი პირდაპირ უთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოდან. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹661 ბრძანებულებით “აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 135 ლარით.

საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის ¹12/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ხოლო საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგო ხსენებული ბრძანებით არ დადგენილა, აღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა მოქმედი საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სარგოთა განაკვეთები).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ზემოაღნიშნულ საკითხებზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს _ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. ამდენად, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს “საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოსა” და “მოქმედი საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ქვედა ზღვარის” ცნებების გამიჯვნას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლოს სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა დღეისათვის გაუთანაბრდა, ზოგ შემთხვევაში კი, ნაკლები გახდა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით დანიშნული სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე, რითაც აზრი დაკარგა სახელმწიფო კომპენსაციის კანონით მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღებამ. თუმცა აქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული ვერ შეცვლის კანონში გამოხატულ კანონმდებლის ნებას და სასამართლოს ვალდებულებას ხსენებული კანონი განმარტოს კანონის ტექსტისა და კანონმდებლის ნების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნის პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნორმის განმარტებისას სასამართლო არ გასცდეს კანონის ფარგლებს. სასამართლო განმარტავს სამართლის ნორმებს, მაგრამ არ ქმნის მათ. მართლმსაჯულება შებოჭილია კანონით. აღნიშნული ძირითადი პრინციპი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს არ გააჩნია კანონშემოქმედებითი ფუნქცია, იგი ახდენს მხოლოდ ნორმის განმარტებას შესაბამისი კანონის ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.