Facebook Twitter

ბს-481-461(2კ-10) 29 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. კ-ევის, გ. ც-შვილის, ლ. ჩ-უას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. გ-შვილმა, გ. ც-შვილმა, ვ. ჯ-ძემ, ლ. ჩ-უამ, ს. კ-ევმა და გ. ჩ-შვილმა 20.01.06.წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს “...” მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაკისრებოდა - 2002 წლის მარტიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით საშემოსავლო გადასახადის სახით მათთვის დაქვითული თანხა სარჩელში მითითებული ოდენობით, ასევე მათთვის დაქვითული სოციალური დაზღვევის თანხის 2001 წლის დეკემბრიდან 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით.

სასამართლო სხდომაზე ს. კ-ევმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.12.08.წ. საოქმო განჩინებით საქმე გ. ჩ-შვილისა და ა. გ-შვილის სასარჩელო განცხადების ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული გ. ჩ-შვილისა და ა. გ-შვილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლბის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.12.08.წ. საოქმო განჩინების საფუძველზე საქმეში შპს ,,...” ერთად თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.02.09.წ. საოქმო განჩინებით სასარჩელო განცხადება უკანონოდ დაკავებული საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადის უკან დაბრუნების ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.09.წ. საოქმო განჩინებით, მოსარჩელეთა თანხმობის საფუძველზე, საქმიდან მოპასუხეთა რიგებიდან ამოირიცხნენ შპს “...” და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია და მათ ნაცვლად მოპასუხედ ჩაება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახო ინსპექცია). იმავე საოქმო განჩინებით შპს “...” საქმეში ჩაება მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.09.წ. გადაწყვეტილებით გ. ც-შვილის, ვ. ჯ-ძის, ს. Kკ-ევის, ლ. ჩ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ც-შვილმა, ვ. ჯ-ძემ, ს.Kკ-ევმა, ლ. ჩ-უამ.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას 17.10.09.წ. საოქმო განჩინებით, აპელანტ ვ. ჯ-ძის გარდაცვალების გამო, მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ვ. ჯ-ძის გარდაცვალების გამო და მასზე წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამავე სხდომის ოქმის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, ხოლო 09.02.10.წ. საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.10.წ. განჩინებით გ. ც-შვილის, ლ. ჩ-უას, ს. კ-ევის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.05.09.წ გადაწყვეტილება გ. ც-შვილის, ლ. ჩ-უას, ს. კ-ევის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.10.წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. კ-ევმა, გ. ც-შვილმა და ლ. ჩ-უამ კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. კ-ევის, გ. ც-შვილის და ლ. ჩ-უას საკასაციო საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. კ-ევის, გ. ც-შვილის და ლ. ჩ-უას საკასაციო საჩივარები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. კ-ევის, გ. ც-შვილის და ლ. ჩ-უას საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.