ბს-482-462(კ-10) 2 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 6 ივლისს რ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურების სხვაობის _ 481,12 ლარის გადახდა 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ივნისამდე, სულ _ 15395,84 ლარი და 2009 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად _ 773,60 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა _ 773,60 ლარსა და 292,43 ლარს შორის სხვაობის ანაზღაურება 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 მარტამდე, ხოლო 2007 წლის 1-ლი მარტიდან 2009 წლის 1 ივნისამდე 773,60 ლარსა და 229,43 ლარს შორის სხვაობის გადახდასა და 2009 წლის ივნისიდან ყოველთვიურად 773,60 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა _ 773,60 ლარსა და 292,43 ლარს შორის სხვაობის (481,17 ლარის) ანაზღაურება _ 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც რ. გ-ძეს უარი ეთქვა 2007 წლის 18 აგვისტოდან 2009 წლის 1 ივნისამდე _ 773,60 ლარსა და 229,43 ლარს შორის სხვაობის და 2009 წლის ივნისიდან ყოველთვიურად _ 773,60 ლარის ანაზღაურებაზე, დარჩა უცვლელად.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. გ-ძემ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
კასატორი – რ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რ. გ-ძის სასარგებლოდ დეკისრა 481,17 ლარის გადახდა 2006 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 17 აგვისტომდე და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რ. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ რ. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რ. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. გ-ძესა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.