Facebook Twitter

ბს-499-479(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ რ. ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია; ამხანაგობა ,,...”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 12 იანვარს რ. ხ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისა და ამხანაგობა ,,...” მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაახლოებით 30 წელი ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-ში მდებარე საკუთარ სახლში. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლთან ... ქუჩის მხრიდან გათვალისწინებული იყო სამანქანე გზა, რომლითაც სარგებლობდა მისი ოჯახი.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ., თ. და რ. ც-ძეებს დაუფუძნებიათ ამხანაგობა “...”, რომლის სახელზეც თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას უღიარებია ქ. ბათუმში, ... ქ. ¹25/27-ში მდებარე მიწის ნაკვეთთან ერთად რ. ხ-შვილის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სამანქანე გზისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, სულ 98 კვ.მ-ის ოდენობით, რითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რადგან იგი ხსენებული გზით ვეღარ სარგებლობდა. აღნიშნული გარემოებების გამო, მოსარჩელემ 2008 წლის 14 დეკემბერს განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹25/27-ში არსებული 98 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამხანაგობა “...” საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა და აღნიშნულის საფუძველზე საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, მაგრამ მოპასუხემ უარი უთხრა განცხადების განხილვაზე.

საბოლოოდ, მოსარჩელემ ამხანაგობა ,, ...” ქ. ბათუმში, ... ქ. ¹25/27-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 21 თებერვლის ¹23 საოქმო გადაწყვეტილებისა და ამხანაგობა “...” სახელზე გაცემული საკუთრების უფლების ¹167 მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით რ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები, საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹27-ში მდებარე სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი 1987 წლიდან საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა რ. ც-ძეს. 2002 წლიდან ... ქუჩის ¹25-ში სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი შეისყიდეს ზ. და თ. ც-ძეებმა. 2007 წლის 26 იანვარს შეიქმნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “...”, რომლის საკუთრებაში აღირიცხა ... ქუჩის ¹25/27-ში მდებარე სახლთმფლობელობა და 1008 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩის ¹27-სა და ¹31-ს შორის, ... ¹27-ის სახლის ეზოს გასწვრივ, სიგრძივად განთავსებულ 98 კვ.მ მიწის ფართს, მოსარჩელე იყენებდა საკუთარ სახლამდე ... ქუჩიდან მისასვლელ ბილიკად. ამხანაგობა “...” 2008 წლის 23 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუდმივმოქმედ კომისიას სადავო 98 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ ამხანაგობა ფლობდა აღნიშნულ ფართს და წარმოადგენდა მისი თვითნებურად დამკავებელს. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა საკადასტრო ნახაზი, საჯარო რეესტრის საარქივო მონაცემები, ამხანაგობის დებულება, საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერი და მოწმეთა ჩვენებები. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობა “...” იყო სადავო მიწის თვითნებური დამკავებელი და 2008 წლის 21 თებერვალს ¹23 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ამხანაგობის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ 98 კვ.მ ფართზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი საეზოვე მიწის ნაკვეთით გააჩნდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹40-ში და ძირითადი სამანქანე მისასვლელიც სწორედ ამ ქუჩიდან ჰქონდა. მოსარჩელის სახლის ეზოს უკანა მხარეს ესაზღვრებოდა ... ქუჩაზე მდებარე ამხანაგობა “...” სახლთმფლობელობა, რომლის გავლით, ფეხით სასიარულო ბილიკით (98 კვ.მ ფართით) მოსარჩელე გადიოდა ... ქუჩაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო 98 კვ.მ მიწის ფართი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის მიწის ფართს. იგი წარმოადგენდა ამხანაგობა “...” ინდივიდუალური სარგებლობის საგანს, რაც დაკავებული იყო თვითნებურად და აღნიშნული დადასტურებული იყო კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერებისას შედგენილი ოქმით. ამდენად, აღნიშნული საფუძვლით კომისიის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო გადაწყვეტილება ასევე აკმაყოფილებდა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და კომისიამ მართებულად უღიარა საკუთრების უფლება სადავო 98 კვ.მ ფართზე ამხანაგობა “...”. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის დროს არსებითად არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები და არც აპელანტის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვას ჰქონდა ადგილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივლისის განჩინებით რ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

2010 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილ იქნა რ. ხ-შვილსა და ამხანაგობა “...” წევრებს შორის 2010 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

“საქმეზე მოსარჩელე _ რ. ხ-შვილი და საქმეზე მოპასუხეები _ ამხანაგობა “...-”ს წევრები რ. ც-ძე, თ. ც-ძე, ზ. ც-ძე, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია შეთანხმდნენ, რ. ხ-შვილის სარჩელთან დაკავშირებული საქმე დაამთავრონ მორიგებით, შემდეგი პირობებით:

1. საქმეზე მოსარჩელე რ. ხ-შვილი უარს აცხადებს მის მიერ აღძრულ სარჩელზე, მოპასუხეების ამხანაგობა “...”-ს წევრების რ. ც-ძის, თ. ც-ძის, ზ. ც-ძისა და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, ამავე კომისიის 2008 წლის 21 თებერვლის ¹23 საოქმო გადაწყვეტილებისა და მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 26 თებერვალს გაცემული საკუთრების უფლების ¹167 მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ;

2. ამხანაგობა “...”-ს წევრები რ. ც-ძე, თ. ც-ძე, ზ. ც-ძე თანახმა არიან, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹25/29-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ამჟამად დამტკიცებული პროექტით (2008 წლის 28 ოქტომბერს შეთანხმებული) განსაზღვრული მრავალბინიანი სახლის აშენების შემთხვევაში ¹25-ის მხარეს ე.წ. “არკი”-ს მოწყობის შემთხვევაში განათავსოს “ჭიშკარი”, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შესასვლელად (ამხანაგობა “...” ტერიტორიასა და “...” საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საზღვრის მხარეს);

3. თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ეთანხმება მოსარჩელე რ. ხ-შვილისა და ამხანაგობა “...”-ს წევრების რ., თ. და ზ. ც-ძეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ, მორიგების აქტში მითითებული პირობებით;

4. საქმეზე მოსარჩელე რ. ხ-შვილი თანახმაა მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ შეწყვიტოს სარგებლობა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-სა და “...” საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შორის მდებარე ყოფილი გასასვლელით;

5. თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია თანახმაა შეწყდეს საქმის წარმოება;

6. მხარეები იღებენ ვალდებულებას სათანადოდ შეასრულონ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით რ. ხ-შვილსა და ამხანაგობა “...” წევრებს შორის 2010 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს რ. ხ-შვილსა და ამხანაგობა “...” წევრებს შორის მორიგება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რ. ხ-შვილსა და ამხანაგობა “...” წევრებს შორის 2010 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია ერთი მხრივ, რ. ხ-შვილის, ხოლო მეორე მხრივ, ამხანაგობა “...” წევრების _ რ. ც-ძის, თ. ც-ძისა და ზ. ც-ძის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო დავის საფუძველზე, რაც ფიზიკურ პირსა და ამხანაგობის წევრებს შორის დამთავრდა მორიგებით. შესაბამისად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა, ვინაიდან სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამომწვევი წინაპირობა, მოგვარებულ იქნა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას. მხარეთა მორიგებისა და სარჩელზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება ამ ინსტანციისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ფ. ხ-შვილს რ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს რ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს რ. ხ-შვილსა და ამხანაგობა “...” წევრებს შორის 2010 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

“საქმეზე მოსარჩელე _ რ. ხ-შვილი და საქმეზე მოპასუხეები _ ამხანაგობა “...”-ს წევრები რ. ც-ძე, თ. ც-ძე, ზ. ც-ძე, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია შეთანხმდნენ, რ. ხ-შვილის სარჩელთან დაკავშირებული საქმე დაამთავრონ მორიგებით, შემდეგი პირობებით:

1.1. საქმეზე მოსარჩელე რ. ხ-შვილი უარს აცხადებს მის მიერ აღძრულ სარჩელზე, მოპასუხეების ამხანაგობა “...”-ს წევრების რ. ც-ძის, თ. ც-ძის, ზ. ც-ძისა და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, ამავე კომისიის 2008 წლის 21 თებერვლის ¹23 საოქმო გადაწყვეტილებისა და მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე 2008 წლის 26 თებერვალს გაცემული საკუთრების უფლების ¹167 მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ;

1.2. ამხანაგობა “...”-ს წევრები რ. ც-ძე, თ. ც-ძე, ზ. ც-ძე თანახმა არიან, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹25/29-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ამჟამად დამტკიცებული პროექტით (2008 წლის 28 ოქტომბერს შეთანხმებული) განსაზღვრული მრავალბინიანი სახლის აშენების შემთხვევაში ¹25-ის მხარეს ე.წ. “არკი”-ს მოწყობის შემთხვევაში განათავსოს “ჭიშკარი”, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შესასვლელად (ამხანაგობა “...” ტერიტორიასა და “...” საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საზღვრის მხარეს);

1.3. თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ეთანხმება მოსარჩელე რ. ხ-შვილისა და ამხანაგობა “...”-ს წევრების რ., თ. და ზ. ც-ძეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ, მორიგების აქტში მითითებული პირობებით;

1.4. საქმეზე მოსარჩელე რ. ხ-შვილი თანახმაა მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ შეწყვიტოს სარგებლობა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹29-სა და “...” საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შორის მდებარე ყოფილი გასასვლელით;

1.5. თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია თანახმაა შეწყდეს საქმის წარმოება;

1.6. მხარეები იღებენ ვალდებულებას სათანადოდ შეასრულონ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები”.

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებისა და სარჩელზე უარის თქმის გამო;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. ფ. ხ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ რ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.