საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-499-494(კ-11) 25 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 14 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-499-494(კს-11) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე ხ. ა-ძის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, შესაბამისად, მხარეებს განემარტათ, რომ ზემოაღნიშნული განჩინება საჩივრდებოდა კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაეგზავნა 2011 წლის 26 იანვარს (იხ. ს.ფ. 100). საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 27 იანვარს (იხ. ს.ფ. 103 ), საკასაციო საჩივარი კი, ნაცვლად კერძო საჩივრისა სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2011 წლის 22 თებერვალს ფოსტით (იხ. ს.ფ. 104).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა არის 12 (თორმეტი) დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება ორივე მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების უფლება ჰქონდა კერძო საჩივრით, მან კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა საკასაციო საჩივრით 2011 წლის 22 თებერვალს ფოსტით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი 12-დღიანი ვადა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამდენად, მითითებული ნორმის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებულად ითვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2011 წლის 27 იანვარს საკასაციო საჩივარი კი, ნაცვლად კერძო საჩივრისა სასამართლოში შეტანილ იქნა 2011 წლის 22 თებერვალს ფოსტით, ანუ კანონმდებლობით დადგენილი 12-დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.