Facebook Twitter

ბს-500-495(კ-11) 25 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 3 აპრილს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ა. მ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა. მ-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 27 ნოემბრის ¹9261 საკუთრების უფლების მოწმობისა და შესაბამისი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი ცნობილ იქნა დაუშვებლად და შეწყდა საქმის წარმოება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინება; საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 27 ნოემბერს გაცემული ¹9261 საკუთრების უფლების მოწმობა მისი გაცემის საფუძვლად არსებულ გადაწყვეტილებასთან ერთად 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ისა და ა. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპრ ოცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2010წ. ¹ბს-1164-1111(კ-09) განჩინება).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგნიდან გამომდინარე ა. მ-ეს საკასაციო საჩივარზე უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე, რომლის მიხედვით ზ. ტ-ეს ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1375.00 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ტ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1075.00 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, დავის საგნიდან გამომდინარე მოცემულ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 300 ლარს, ზ. ტ-ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

3. ზ. ტ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. ზ. ტ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1075.00 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.